სიახლეები

ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" პიარს იკეთებს, რაც კრიზისის დაწყებისთანავე ჩამოეშლებათ

''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პირველი, რა თქმა უნდა, კორონავირუსია, მეორე კი გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი.

ჯაფარიძე ვირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული, რეკომენდაციების დაცვას მიიჩნევს. ეს ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის პარალიზებას აარიდებს, რაც რამდენად მნიშვნელოვანია, იტალიის მაგალითზე ყველამ კარგად დაინახა.

''გირჩის'' ლიდერმა მედიაში შექმნილ დღევანდელ სიტუაციას, მთავრობის მიზანმიმართული პიარი კიდევ ერთხელ უწოდა.

''ქართული ოცნება'' ცდილობს, პიარი გაიკეთოს, ვითომ ვირუსთან ბრძოლის ფონზე, ამით ეცდებიან წაშალონ თავიანთი შეცდომები, ეს პოზიტიური პიარი კი მათ ეკონომიკის კრიზისის დაწყებისთანავე დიდი ალბათობით ჩამოიშლებათ                                              

                                                                                                                       -განაცხადა ჯაფარიძემ

ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ ჯანდაცვა კარგად მუშაობს, ის  თვლის, რომ ეს ადამიანების, ქცევის შეცვლის დამსახურება უფროა, რომელიც შიშით არის განპირობებული. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ რისკჯგუფში მყოფი ადამიანების, ვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

 აქ მთავრობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ადამიანების უმეტესობა წესებს ვიცავთ. ხელისუფლებას რომ ჰქონდეს ვირუსის შეკავების ბერკეტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ხომ არ დაავადდებოდა ამ ვირუსით

                                                                                                                     -აღნიშნავს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება ეკონომიკას, აქ ჯაფარიძეს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისი თქმით, ამერიკას აქვს იმის რესურსი, რომ მოსახლეობას მატერიალურად დაეხმაროს, საქართველოს ამის ფუფუნება, სამწუხაროდ არ აქვს. ამ ყველაფერს, ჯაფარიძის აზრით, ის ფაქტიც ართულებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის ყველა კომპანია გაჩერებულია.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს ადამიანების ცხოვრებაში, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ადამიანებს როდესაც მიეცემათ თავისუფლად რაღაცეების კეთების საშუალება, მაშინ წავალთ წინ.

                                                                                                                    -ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები