სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: მაღალი ალბათობით, კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას

''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე, კორონავირუსის რელურ საფრთხეებზე, პოსტი გამოაქვეყნა. ჯაფარიძე წერს, რომ ვირუსი რეალური და საშიშია, მაგრამ ის ყველას არ კლავს - რისკ ჯგუფში ასაკოვანი ადამიანები არიან, თუმცა, ორმხრივი პნევმონიის რთული ფორმის განვითარების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ არსებობის შემთხვევაში - საშიშია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც.

ჯაფარიძე ამბობს, რომ  ქვეყანაში, რეალურად რამდენი ადამიანია დაინფიცირებული, ეს არავინ იცის, რადგანაც ადამიანების დიდ ნაწილს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს.

რიცხვი, რომელსაც სახელმწიფო გვეუბნება არის ლაბორატორიული ტესტით დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა და არა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა

                                                                                                                                  -წერს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ვირუსის შეკავება და გაქრობა შეუძლებელია. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია: ''ვირუსით ინფიცირების გართულებული შემთხვევების (ორმხრივი პნევმონია) რაოდენობა, დროში არ გაიზარდოს მკვეთრად და არ მოხდეს ჯანდაცვის არსებული სისტემის ისე გადატვირთვა, რომ ის ვეღარ მოემსახუროს პაციენტებს (ყველა ქვეყანაში სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა დიდია, სწორედ ეს მოხდა)''-აცხადებს ჯაფარიძე.

"ანუ, ადამიანები არ უნდა დაიხოცონ იმის გამო რომ არ გვეყო სუნთქვის აპარატი, ექიმი, ექთანი და სხვა.

 ა) ასაკოვანი ადამიანები, მაქსიმალურად უნდა მოერიდონ კონტაქტს გარე სამყაროსთან.

ბ) ადამიანები შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ ერთმანეთთან ახლო კონტაქტს (იგივე სოციალური ან ფიზიკური დისტანცირება).

გ) ხელების ხშირი ბანა და ზოგადად ჰიგიენის დაცვა.

დ) ხელების პირში/თვალში არ ჩადება, პირბადის ტარება (სხვებისთვის პოტენციური რისკის პრევენციისთვის).

ე) მაღალი სიცხის და ხველის კომბინაციის შემთხვევაში - ექიმთან მიმართვა/ტესტირება/მკურნალობა''.

აქვე დასძენს, რომ ამ ზომების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც კი არ გვაქვს რეალური გარანტია, რომ ვირუსს გადავურჩებით.ეს ზომები უზრუნველჰყოფს იმას რომ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები ერთიანად არ მიაწყდნენ კლინიკებს, სადაც მათი ერთდროულად მომსახურების შესაძლებლობა არ არსებობს.

მაღალი ალბათობით კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას. თუმცა დიდი ნაწილი ისე გადავიტანთ რომ ვერც გავიგებთ ამის შესახებ.

ჯაფარიძე წერს იმასაც, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში:

''ა) ამას უნდა უხსნიდეს ხალხს

ბ) ეხმარებოდეს (მაგ. საკვებით, მედიკამენტებით ამარაგებდეს ბინაზე/სახლში) იმ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარე შვილი, შვილიშვილი, მეზობელი (ან სირები ჰყავთ).

გ) ამზადებდეს კლინიკებს და სამედიცინო პერსონალს,გართულებული შემთხვევების მისაღებად (ამას აკეთებენ როგორც ჩანს).

დ) ხელს არ უშლიდეს ვირუსზე ტესტების თავისუფალ შემოტანას და ტესტირებას. იმის შიშით რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსიმპტომოდ მიდის (და ასეთი ბევრია) მიაწყდება კლინიკებს და ადგილები აღარ დარჩება გართულებული შემთხვევებისთვის.''

''ის რაც დღეს მედიაში ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუა.გარდა იმ ნაწილისა, სადაც სამეიდიცნო პერსონალი რეალურად მკურნალობს ვირუსით ინფიცირების გართულებულ შემთხვევებს. ეგ ხალხი ცხადია დასაფასებელია)''- ამბობს ჯაფარიძე. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ:

''1. იდიოტები ჰგონიხართ, მასიურად, რომლებიც არ დაიცავენ რეკომენდაციებს თუ წკეპლა არ ურტყი (სინამდვილეში ის, რომ საქართველოში ბევრი გარდაცვლილი არ გვყავს, სწორედ ადამიანების ქცევის ცვლილების (ფრთხილად ვიქცევით) შედეგია და არა სახელმწიფოს ეფექტური მუშაობის (მასიურად იდიოტები მხოლოდ მათ არ ჰგონიხართ, თქვენი ბევრი თანამემამულეც იგივეს ფიქრობს (საკუთარ თავზე არა, ცხადია) და ამ პოსტის კომენტარებშიც დაგიდასტურებენ, თან დამაჯერებლობისთვის სირული ქცევის მაგალითებსაც მოიყვანენ).

2. მთავრობები ბევრგან იქცევიან ანალოგიურად და, შესაბამისად, ‘ევროპაში ასეა’ პრინციპი მუშაობს აქაც. (+ შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ნაცადი გზაა - უბრალოდ იტყვი, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც, ასე იქცეოდნენ და ველოსიპედს ხომ არ მოიგონებდი. + ტვინის განძრევას არ საჭიროებს).

3. აწყობთ, მხსნელ გმირებად გვევლინებიან, სრულად რეაბილიტირდნენ (ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში) წინასაარჩევნოდ.''-წერს პოლიტიკოსი.

აქვე ჯაფარიძე დასძენს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი საშიში არაა და არ კლავს.უბრალოდ ადამიანებმა პანიკის გარეშე, რეკომენდაციების დაცვა უნდა ისწავლონ.

მისი აზრით, ქვეყანა გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისს, მარტივად და სწრაფად ვერ დაძლევს. პირველ რიგში ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, ესაა  -''ფული უნდა ვთხოვოთ პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს''-მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები რომც გაუქმდეს, ამით არც რესტორნებში/კლუბებში მიმსვლელთა რაოდენობა გაიზრდება ახლა და არც ტურისტები მოგვასკდებიან.

                                                                                                                        -წერს ''გირჩის'' ლიდერი.

მისივე თქმით, სახლემწიფოს, ამ ეტაპზე, ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები:

''1. მთავრობამ უნდა მნიშვნელოვნად შეკვეცოს ხარჯები, დაწიოს გადასახადები (შენ თუ ფლანგავ, სხვა რატომ დაგეხმარება?).

2. თხოვნა უნდა იყოს ერთობლივი, ოპოზიცია + მთავრობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენმა პარტნიორებმა შეიძლება ჩათვალონ რომ საარჩევნო წელს ქვეყნისთვის გაწეული ფინანსური დახმარება შესაძლოა აღქმული იყოს როგორც არსებული ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა და ამის გამო თავი შეიკავონ ფულის მოცემისგან.''

როდესაც ეს ღონისძიებები გატარებული იქნება, შემდეგი ნაბიჯი ქვეყნისთვის უნდა იყოს, ყველაზე ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა დედამიწაზე:

- სახელმწიფოს ხელში არსებული ყველა აქტივი (მიწა, ტყე, წიაღისეული, უძრავი ქონება, სახელმწიფო კომპანიები) - ყველაფერი უნდა გადავიდეს ამ ქვეყნის მოქალაქეების, კერძო მესაკუთრეების ხელში.

- უნდა გაუქმდეს საკონსტიტუციო შეზღუდვა მიწის უცხოელებზე მიყიდვის თაობაზე.

- მთავრობის ხარჯების ზომა უნდა დავიდეს 10, მაქსიმუმ 15%-მდე, შესაბამისი გადასახადების გაუქმება/დაწევით.

- უნდა გაუქმდეს ყველა რეგულაცია რომელიც პირდაპირ არ არის მოთხოვნილი ევროკავშირის მიერ.

- ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი და მიღებული ყველა რეგულაცია უნდა გადაიხედოს - ან ისეთი ფორმით იქნას მიღებული, რომ ნაკლებად ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას, ან ამოქმედება დროში უნდა გადაიწიოს.

- ლარი აღარ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, უარი უნდა ვთქვათ, საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაზე და დაშვებული უნდა იყოს მულტისავალუტო რეჟიმი.

- ყველა ქვეყანასთან, თუნდაც ეს იყოს ცალმხრივად, უნდა გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მათ შორის საერთოდ უნდა გაუქდეს იმპორტზე გადასახადი.

- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ აშშ-სთან მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ თავისუფალ ვაჭრობას - თუნდაც აშშ-სგან მომდინარე ფინანსურ დახმარებაზე, უარის თქმის ხარჯზე.

- სასამართლოში უნდა განხორციელდეს მინიმუმ ის რეფორმები, რომლებზეც ოპოზიციის დიდი ნაწილი შემთანხმდა - საკუთრების დაცვის სანდო გარანტიების გარეშე, ყველაფერს რაც ზემოთ წერია აზრი ეკარგება.მხოლოდ ამ გზით გადავრჩებით''- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები