სიახლეები

რატომ არის მთავრობის პანდემიური პოლიტიკა საშიში?

კორონასთან ბრძოლის სტრატეგია, არჩეული  მთავრობების მიერ, ეკონომიკისთვის განადგურების რეცეპტია. ბიზნესის შეზღუდვა და სავაჭრო ობიექტების დახურვის იძულება, როგორც ეს უამრავ ქვეყანაში მოხდა, კერძო სექტორის განადგურებისკენ გადადგმული მყარი ნაბიჯია. არასწორი ქმედებები ბუმერანგივით დაგვიბრუნდება დიდი დეპრესიის სახით, ამჯერად, მთელ მსოფლიოს.

მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ კრიზისამდე იტალიის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 135%-ს შეადგენდა, ძნელი წარმოსადგენია როგორ მოახერხებს დამატებითი სახსრების მოძიებას *ურთიერთდამოკიდებული სესხის (Mutualization Debt) გარეშე - რასაც ასე ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები. ევროპის ცენტრალური ბანკი უკვე გამალებით ბეჭდავს ფულს და თუ იტალია საბერძნეთის ეკონომიკურ გზას დაადგება, კიდევ უფრო მეტის ბეჭდვა მოუწევს.

სიცოცხლის გადასარჩენად მსოფლიოს თითქმის მთელი პოპულაცია შიდა პატიმრობაშია,  ბიზნესი კი ლიკვიდაციის წინა პერიოდშია - შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა და მოგების რეალიზებას ვერ ახდენს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის არჩეული სტრატეგიის მიზანი ვირუსის შეჩერება არ არის, არამედ გავრცელების პიკის გადადება მანამ, სანამ ჯანდაცვის სისტემისთვის პროცესის მართვა უფრო ხელმისაწვდომი არ გახდება. მაგრამ მთავრობებმა სპეციალისტებისგან მიკერძოებული რეკომენდაციები მიიღეს, მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების გათვალისწინების გარეშე. მთავარი ნაკლი  ისაა, რომ „გახანგრძლივების“ პოლიტიკა უზარმაზარ ეკონომიკურ და ადამიანურ ხარჯს მოითხოვს.

არჩეული სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში გაცილებით მეტ სიცოცხლეს შეიწირავს. თანამედროვე სამყაროში არსებობს ტენდენცია - უმუშევრობის 1%-იან ზრდის პარალელურად  თვითმკვლელობების რაოდენობაც 1%ით იზრდება. 1979 წელს, ბრენერის კვლევამ აჩვენა, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის 10%-იანი ზრდისას, სიკვდილიანობა 1.2%-ით, კარდიოვასკულარული დაავადებები 1.7%-ით, ღვიძლის ცეროზი 1.3%-ით, თვითმკვლელობები 1.7%-ით, დაკავებულ ადამიანთა რიცხვი 4%-თ,  გამოვლენილი ძალადობის მაჩვენებელი კი 0.8%-ით იზრდება. რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს უმუშევრობის 5%, 10% ან 15%იანი ზრდა 300 მილიონიან ამერიკაში? ვირუსის ყველაზე მძიმე სცენარშიც კი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა მცირე ფრაქცია იქნება უმუშევრობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებით.

შტატებში მკვლევარები და ფარმაცევტული კომპანიები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს ცდიან და გამოსავლის ძიებას განაგრძობენ. სამწუხაროდ, კვებისა და ფარმაციის (FDA) ადმინისტრაციის რეგულაციები, რომლებიც მათ ხანგრძლივ ტესტირებას ავალდებულებს თითქმის შეუძლებელს ხდის უკვე შექმნილი წამლები მოკლე ხანში გახდეს ხელმისაწვდომი. რეგულაციებით შექმნილი მდგომარეობა მოგვაგონებს სცენარს, რომელშიც მთავრობა, განგაშს ტეხს გაჩენილ ხანძარზე, თუმცა იწუნებს ხანძრის ჩასაქრობი წყლის ხარისხს.

ჯანდაცვის ორგანიზაციის „ბრტყელი მრუდის“ სტრატეგია, ეკონომიკის გაჩერებაზე დგას. აუცილებელია, იმის გააზრება, რომ ეკონომიკის „გაჩერების“ რეალური ხარჯი ადამიანების სიცოცხლე, განათლება და ბევრი სხვა ჩვენთვის ფასეული რამაა. დღეს ვდგავართ მოკლევადიან და გრძელვადიან სიკვდილიანობას შორის. ეს უკანასკნელი გამოწვეულია შიმშილით და მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ბიზნესს, როგორც ნორმალურ სიტუაციას.

საჭიროა:

ფარმაცევტული კომპანიების ჭარბი რეგულაციებისგან გათავისუფლება და წამლების მარტივად ხელმისაწვდომობა (შესაბამისი დოზების რეკომენდაციითა და გაფრთხილებებით) საბაზრო ფასით, რეცეპტის საჭიროების გარეშე. მაშასადამე თავისუფალი ბაზრის შექმნა იმისთვის, რომ მედიკამენტების ფართო არჩევანი უზრუნველყოს.

აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ ბიზნესი და ადამიანები ვერ ადაპტირდებიან ვირუსის მოსალოდნელ საფრთხესთან. რესტორნები მაგიდებს ისე გაანაწილებენ, რომ ადამიანები რამდენიმე მეტრით იქნებიან დაშორებულნი, მომსახურე პერსონალს მუშობა ხელთათმანითა და ნიღბებით შეუძლია... კაცობრიობას ადაპტირების, ახლის შემქნის უნარი აქვს,  თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება კი ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. შეიძლება ძნელია ადამიანების კეთილ ნებაზე დამყარებული საბაზრო სტრატეგიის წარმოდგენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. სამხრეთ კორეამ ეს უკვე დაამტკიცა.

ცხადია, ბაზარზე ორიენტირებული სტრატეგია ურისკო არ არის, მაგრამ აუცილებელია გავთავისუფლდეთ XVI საუკუნის ძალადობრივი თავდაცვის წარმოდგენებისგან და ეკონომიკისთვის ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივები ვცადოთ.

წყარო: Mises.org

თარგმანი: ნინო კიპაროიძე

კომენტარები