სიახლეები

"ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა" - გიორგი მელაძე ჩიხრაძის საქმეზე

"ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი გიორგი მელაძე როინ ჩიხრაძის საქმეს.  

ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და კანონში ამ მხრივ სერიოზული ხარვეზებია.''თუ ჩავთვლით, რომ ეს დანაშაულია, გამოყენებისთვის სრულიად გამოუსადეგარი დოზის გამო, ადამიანის დაჭერა, მე ამაში საღ აზრს ვერ ვხედავ'' - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.

ეს იგივეა რაც ადამიანმა რაიმეს ჩადენა განიზრახოს, შემდეგ გადაიფიქროს და ჩვენ ის ამის გამო დავიჭიროთ. ეს ხომ სრული მარაზმია

                                                                                                              -განაცხადა გიორგი მელაძემ.

მისივე თქმით, აშკარაა რომ დღეს ქვეყანაში  სისხლის სამართლის პრინციპი, პრაქტიკულად არავის ესმის, კანონებს კი შურისძიებისა და დაშინების მიზნით იყენებენ

"იმ ოდენობის გამოყენება, რომელიც როინ ჩიხრაძეს ამოუღეს, მხოლოდ ლაბორატორიულადაა შესაძლებელი" - ამბობს მელაძე და განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევებში პირის დასჯა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

გიორგი მელაძემ ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ საპატიმრო სასჯელი გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ციხიდან გამოსული შეცვლილი ადამიანები, საკმაოდ იშვიათობაა და ეს ყველამ კარგად იცის.

ჩვენ მას ასევე ვკითხეთ, ლაშა ბახუტაშვილის საქმეზე (0,00009 გრ. დეზომორფინის ფლობისთვის დაიჭირეს), რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო, უნდა ყოფილიყო თუ არა ეს გარკვეული მესიჯი საქალაქო სასამართლოსთვის ?

საწუხაროდ ვერც საქალაქო სასამართლო და ვერც მთავრობა მსგავს მესიჯებს, ვერ კითხულობს.ამ წუთისთვის საერთოდ არსებობს თუ არა ქვეყანაში სასამართლო სისტემა ეჭვქვეშაა.

- განაცხადა მელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 52 წლის როინ ჩიხრაძეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,00104046 გრ. მეტამფეტამინისა და 0,001035 გრ. ამფეტამინის ფლობისთვის, 2017 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური  დოზა არის 5 მგ. (0,005 გრამი).

ამის საფუძველზე გამოდის, რომ როინ ჩიხრაძე ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვისაც კი, სასჯელს უკვე მესამე წელია იხდის.

''გირჩის'' წევრმა ლევან ჯგერენაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის სარჩელი შეიტანა.

                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები