სიახლეები

0,00104046 გრ. მეტამფეტამინი და 0,001035 გრ. ამფეტამინი - სარჩელი პატიმრობის არაკონსტიტუციორობაზე

მოსარჩელე როინ ჩიხრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს 0,00104046 გრ. მეტამფეტამინისა და 0,001035 გრ. ამფეტამინის ფლობისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების გაუქმებას სთხოვს. შესაბამისი განცხადებით სასამართლოს დღეს მოსარჩელის წარმომადგენელმა, გირჩის წევრმა, ლევან ჯგერენაიამ მიმართა. 

სარჩელში ისინი ასაბუთებენ იმას, რომ აღნიშნული რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები მოხმარებისთვის გამოუყენებელი დოზაა.

„იგი სასჯელს იხდის მინის ფლაკონის და ერთჯერადი შპრიცების (ე.წ „ინსულინის“) შიდა კედლებიდან ამოფხეკილი ნაროტიკული საშუალებების – მეტამფეტამინისა (0,00104046 გრამი) და ამფეტამინისთვის (0,001035 გრამი), რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად ვერ იქნება მოხმარებისთვის საკმარისი თერაპიული ოდენობაც კი.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ. (0,005 გრამი).

ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2019 წლის 13 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, 0,001 გრამი ამფეტამინი და მეტამფეტამინი ვერ იქნება ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა. აღნიშნული რაოდენობის ეს ნარკოტიკული საშუალება მომხარებელ პირებისთვის მოხმარების ეფექტის/ეიფორიის მისაღებად გამოუსადეგარია.

შესაბამისად, მოსარჩელე როინ ჩიხრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ისეთი ნარკოტიკული საშუალებისთვის შეძენა-შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვისაც კი”, - აღნიშნულია სარჩელში. 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია და დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

„პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარი ოდენობა – 0,001035 გრამი „ამფეტამინი“-სა და 0,00104046  გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს ისეთი სერიოზული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებას, რაც გაამართლებდა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის უმკაცრეს ზომას – თავისუფლების აღკვეთას. მეტიც, არსებობს ისეთი ნარკოტიკული საშუალებებიც, რომლის მცირე ოდენობით ფლობა, რომელიც გამოსადეგია პირადი მოხმარებისთვის ისჯება ადამისტრაციული სასჯელით. კანონმდებლის მიერ ამგვარი რეგულირება ადამიანებს კანონის წინაშე აყენებს არათაბარ მდგომარეობაში”, – ვკითხულობთ სარჩელში.

აქვე აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ აჩენს სასჯელის ვერც ერთი მიზნის მიღწევის გონივრულ მოლოდინს და გვევლინება ზოგადი პრევენციის მიზნით პირის ინსტრუმენტალიზების საშუალებად.

შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე როინ ჩიხრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დღემდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რჩება და კიდევ დაახლოებით 3 წელი დარჩა მოსახდელი.

 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები