სიახლეები

რამდენად კარგია კარგი ბატონი?

"განა ბოლო ორი საუკუნის გამოცდილებამ არ გვიჩვენა, რომ გრადუალიზმი თეორიაში არის მარადისობა პრაქტიკაში? განა არსებობს სამყაროს ისტორიაში ერთი შემთხვევა მაინც, როცა მონების განათლება თავისუფლებისთვის მათი დამსაქმებელი ბატონების მიერ მოხდა? რამდენად გულწრფელადაც არ უნდა ვითხოვდეთ დაუყოვნებლივ აბოლიციას, სამწუხაროდ, ის, საბოლოოდ, მაინც გრადუალური იქნება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მონობას ერთი დარტყმით გავაუქმებდით. იმას კი, რომ ის ასე უნდა გაუქმდეს, ჩვენ ყოველთვის უნდა ვაცხადებდეთ."

— უილიამ ლოიდ გარისონი

როდესაც რაიმე პოზიციას ვიცავთ, უნდა ვეცადოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და არ გადავამლაშოთ, თორემ, შესაძლოა, მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ. ამავე დროს, შუალედური პოზიცია ყოველთვის სწორი არ არის. მაგალითად, როგორც ვლადიმირ ბუკოვსკი აღნიშნავს, საბჭოთა პროპაგანდის ტყუილებსა და სიმართლეს შორის შუალედური მდგომარეობა ასევე ტყუილია. აგრეთვე, თუკი ერთი ადამიანი ამბობს, რომ მონობა მისაღებია, ხოლო მეორე - რომ მონობა მიუღებელია, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ჭეშმარიტება ამ უკიდურეს პოზიციებს შორის სადღაც შუაში ძევს. ნახევრად თავისუფლება ნახევრად მონობაა. ნახევრად მონობა ჯერ ისევ მონობაა. 

მეცინება ხოლმე, როცა რადიკალს ან ექსტრემისტს მიწოდებენ და ჰგონიათ, რომ ამით მლანძღავენ. გააჩნია, რაში ხარ რადიკალი და რას ითხოვ. კი, მე რადიკალი ვარ, რადგან მაქსიმალურ თავისუფლებას ვითხოვ. ის, ვინც მაქსიმალურ მონობას ითხოვს, ასევე რადიკალია. თუკი ვიღაცისთვის მე, მაქსიმალური თავისუფლების მსურველი ადამიანი და ის, მაქსიმალური მონობის მსურველი ადამიანი, თანაბრად მიუღებლები ვართ ჩვენი რადიკალურობის გამო, ე.ი. ამ ვიღაცას ღირებულებითი პრობლემები აქვს თავისუფლებასა და მონობასთან დაკავშირებით და ჯობია, საკუთარ თავში გაერკვეს, რომელი მათგანი ურჩევნია, იმის ნაცვლად, რომ არაფრისმთქმელი იარლიყების მიწებებით იყოს დაკავებული.  

"შეგახსენებთ, რომ ექსტრემიზმი თავისუფლების დაცვაში მანკიერება არ არის! და, აგრეთვე, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ზომიერება სამართალის ძიებაში ღირსებას არ წარმოადგენს!"
― ბერი გოლდუოთერი 

რატომ არ ვარ მინარქისტი, ანუ, მცირე მთავრობის მომხრე? ზუსტად იმავე მიზეზის გამო, რატომაც არ ვარ დიდი მთავრობის მომხრე. მინარქიზმი არის არათანმდიდევრული, უპრინციპო, და არარაციონალური პოზიცია. რატომაც არ არის მისაღები ბევრი ძალადობა, იმავე მიზეზის გამო არ არის მისაღები ცოტა ძალადობაც. რატომაც არ არის მისაღები ბევრი მონობა, ზუსტად იმიტომ არ არის მისაღები ცოტა მონობაც. მინარქიზმი არის შეგუება იმასთან, რომ ზოგიერთი უფლების დარღვევა მისაღებია. "რეალობას ხარ მოწყვეტილი" ან "არსებული კონტექსტიდან გამოდი" ვალიდური არგუმენტები კი არ არის, არამედ  შერცხვენის ტაქტიკა. არსებული რეალობა არასდროს შეიცვლება, თუკი ყველანი ყოველთვის არსებული რეალობიდან ან კონტექსტიდან გამოვალთ. თვით ტერმინ მინარქიის დეფინიციაც კი პრობლემებთან არის დაკავშირებული: ვისთვის რა არის მცირე მთავრობა, და ვისთვის - რა.

მთავარი კი ისაა, რომ რა მომენტშიც ვხდებით მთავრობის - თუნდაც, მცირე მთავრობის - მომხრეები, ანუ, ეტატისტები, იმავე მომენტში ვეგუებით ინსტიტუციონალიზებული ძალადობის არსებობას და ჩვენი პოზიციის ლოგიკურად დასაბუთების შესაძლებლობას საკუთარი ხელით ვუსმევთ წერტილს. თუკი ამბობ რომ მთავრობა საჭიროა ერთი რაღაცის გაკეთებისთვის, მაშინ მეორე ეტატისტს ასევე ადვილად შეუძლია თქვას, რომ ის საჭიროა მეორე რაღაცის გაკეთებისთვისაც და ამის არგუმენტად ზუსტად ის მიზეზი მოიხმოს, რა მიზეზიც შენ მოგყავს, როცა იმ პირველ შემთხვევაში ლაპარაკობ მთავრობის  საჭიროებაზე. 

როდესაც დიდი მთავრობის მომხრეს ეკამათები და ამბობ, მთავრობის ფუნქცია არის მხოლოდ ესა, ესა, და ესაო, შეგიძლია ჩათვალო, რომ უკვე წააგე მოცემული კამათი. რადგან კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს, ყველა იმ სერვისის მოწოდება, რასაც სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია გვაწვდის, ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფ კერძო კომპანიებს უფრო ხარისხიანად და/ან იაფად შეუძლიათ განახორციელონ. თუკი რომელიმე სერვისისთვის გამონაკლისს უშვებ და ამბობ, რომ მისი მოწოდება, რატომღაც, სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს, მთელ ამ არგუმენტაციას ხაზს უსვამ და სანაგვეზე ისვრი, ანუ, საკუთარი თავის განიარაღებას შენივე ნებით ახდენ, ხოლო სანაცვლოდ აღარაფერი გრჩება, არსებული სტატუს ქვოს მიმართ კონფორმისტული მორჩილების გარდა. თუკი ამბობ, რომ კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს ერთ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს იგივე ლოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც. ამის შემდეგ შენს მოწინააღმდეგეს აღარაფერი უშლის ხელს იმაში, რომ იგივე პრინციპით ნებისმიერი სხვა სერვისი გამოაცხადოს სახელმწიფოს პრეროგატივად და მერე რამდენიც არ უნდა იძახო, არა, მაგ სერვისის მოწოდება სახელმწიფოს ფუნქცია არ არისო, შენი სიტყვები არათანმიმდევრული და, შესაბამისად, არადამაჯერებელი იქნება.

მცირე მთავრობის მომხრეობა მხოლოდ რაოდენობრივად განსხვავდება დიდი მთავრობის  მომხრეობისგან, და არა თვისობრივად. მთავრობას  არავითარი სასარგებლო ფუნქცია არ გააჩნია და, ამდენად, ის არც უნდა არსებობდეს. შენ ან თავისუფლების მხარეს ხარ, ან მონობის მხარეს, და მონობა მანამ არ დასრულდება, სანამ სახელმწიფო ყველა სერვისის მოწოდებიდან მთლიანად არ გავა. სწორედ ეს უნდა იყოს თავისუფლების მომხრე ყველა ადამიანის საბოლოო მიზანი. და თუკი მართლაც ეს არის შენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ამის ხმამაღლა განცხადების გეშინია ან გრცხვენია, და ამიტომ შენი მოწინააღმდეგის რიტორიკით ლაპარაკობ, ე.ი. საკუთარ კი არა, მოწინააღმდეგის საქმეს აკეთებ.

მინარქისტი არის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ სახელწიფოს როლის შემცირების პროცესის რაღაც წერტილში დგება ისეთი მომენტი, როცა ეს პოზიტიური პროცესი, რატომღაც, უცბად, ნეგატიურად გარდაიქმნება და, ამდენად, რომლის შემდეგაც სახელმწიფოს როლის შემდგომი შემცირება სარგებლის ნაცვლად ზიანის მომტანად იქცევა. მინარქისტებს ძალიან ლოგიკურად და თანმიმდევრულად მიაჩნიათ მოსაზრება, რომ თავისუფალ ბაზარს, ანუ, ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფ კერძო კომპანიებს და მათ მომხმარებლებს, ყველაზე უკეთ არა თავად თავისუფალი ბაზარი, არამედ სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია დაიცავს - ანუ, ის, რაც, მათივე აზრით, არცერთ სხვა შემთხვევაში არ ამართლებს.

სხვა სიტყვებით, მინარქისტების დევიზია: მივანდოთ ისეთი მარტივი და ადვილი საქმე, როგორიც პურის ცხობაა, თავისუფალ ბაზარს, და დავუტოვოთ ისეთი მნიშვნელოვანი და რთული საქმეები, როგორიც უსაფრთხოების დაცვა, მტყუან-მართლის გარკვევა, და კანონების შექნაა, სახელმწიფოს უხარისხო და ძვირ ძალადობრივ მონოპოლიას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი სახელმწიფოს ამ სამ ფუნქციას დაუტოვებ, მას არაფერი უშლის ხელს იმაში, რომ ყველაფერი - თვით პურის ცხობაც კი - სახელმწიფოს პრეროგატივად გამოაცხადოს, თუმცა, მინარქისტებს ეს ამბავი, როგორც ჩანს, ნაკლებად ადარდებთ.

აქვე უნდა ვახსენოთ მინარქიზმის მონათესავე იდეოლოგიური პოზიცია, გრადუალიზმი, რომელიც სახელმწიფოს თანდათანობით გაუქმებას გულისხმობს და რომელიც აბოლიციონიზმს შეგვიძლია დავუპირისპიროთ. ვოლუნტარიზმი არა-აგრესიის პრინციპზე დგას. ამ პრინციპის თანახმად ძალის ან ტყუილის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით არის გამართლებული და მისაღები, და არავითარ შემთხვევაში - აგრესიის მიზნით. ვოლუნტარისტი აბოლიციონისტების აზრით, კანონები, რომლებიც არაა-აგრესიის პრინციპს ეწინააღმდეგებიან, და, ამდენად, სახელმწიფოც, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, დაუყოვნებლივ (წაიკითხე: რაც შეიძლება სწრაფად) უნდა გაუქმდეს. გრადუალისტები ეთანხმებიან იმ პოზიციას, რომ აგრესია გაუმართლებელი და მიუღებელია, მაგრამ ისინი სახელმწიფოს დაუყოვნებლივ გაუქმებას არ ითხოვენ და ამ პოზიციას ამათუიმ პრაგმატული თუ უტილიტარისტული მიზეზებით ამართლებენ. გრადუალიზმი მცდარია როგორც სახელმწიფოსთან ბრძოლის სტრატეგია. სწორი სტრატეგია არის შემდეგი: მოითხოვე ცოტა და ვერაფერს მიიღებ; მოითხოვე ბევრი და მიიღებ ცოტას; მოითხოვე ყველაფერი და მიიღებ ბევრს; ხოლო როცა ბევრს მიიღებ, ვეღარავინ და ვეღარაფერი შეგაჩერებს რომ ყველაფერი მიიღო. 

"სტრატეგიულად, პირველი კითხვა, რომელიც უნდა განვიხილოთ, იმის გარკვევაში მდგომარეობს, არსებობს თუ არა გამოხატულად ლიბერტარიანული თვალსაზრისი პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. ლიბერტარიანიზმი უფრო მეტია, ვიდრე გარკვეული გაუქმებების და რეფორმების მხარდაჭერა. ის ამ ღონისძიებების სპეციფიური მიზეზის გამო მხარდაჭერაა. ინდივიდუალურ პოლიტიკურ რეფორმებს იდეოლოგიური იარლიყი, რომელიც მათ იდენტიფიცირებას ლიბერტარიანულად, სოციალისტურად, კონსერვატიულად, ან ლიბერალურად (ამ ტერმინის გაუკუღმართებული შინაარსით) მოახდენდა, არ გააჩნიათ. როგორც კონსერვატორები, ისე ლიბერტარიანელები ილაშქრებენ დიდი მთავრობის და გადასახადების წინააღმდეგ. როგორც ლიბერალები, ისე ლიბერტარიანელები მოუწოდებენ სიტყვის აბსოლუტური თავისუფლებისკენ... ან, უნდა მოუწოდებდნენ მაინც. აზრი ის არის, რომ თუკი ლიბერტარიანელი არ მოგვცემს სპეციფიური შემოთავაზების ქვემდებარე მიზეზს, ამ შემოთავაზებაში არაფერი იქნება შინაგანად ლიბერტარიანული. ამავე დროს, თუკი ის ადგება და იტყვის, "მე ვეწინააღმდეგები ყველა გადასახადს, როგორც ქურდობას, და მხარს ვუჭერ გადასახადების ნებისმიერ შემცირებას, როგორც მათი გაუქმებისკენ მიმავალ ნაბიჯს", მაშინ მის შემოთავაზებას ლიბერტარიანული კონტექსტი ექნება. 

მეორე, გასათვალისწინებელია თანმიმდევრულობის და ღიაობის შედეგად მიღებული სარგებელი. როგორც კი ადამიანები გაიაზრებენ და მიიღებენ არა-აგრესიის პრინციპს, ისინი დაიწყებენ ამ პრინციპის სპეციფიური საკითხებისადმი მიყენების ხანგრძლივ პროცესს და იმ დასკვნამდე მისვლას, რომ ყველაფერს, ფოსტის მიტანით დაწყებული და ქუჩებით დამთავრებული, შეიძლება კერძო და ნებაყოფლობით საფუძველზე ვართმევდეთ თავს. მიიტანე იდეოლოგია კარგად და ამას შედეგები მოჰყვება თან; მაგრამ აქედან აუცილებლად არ გამომდინარეობს, რომ საკითხების კარგად მიტანას იდეოლოგია მოჰყვება თან.  

მესამე, გრადუალისტები ამბობენ, რომ ლიბერტარიანიზმი ადამიანების დიდი რაოდენობისთვის ზედმეტად რადიკალურია. ჩვენ შეგვიძლია ადვილად მივუთითოთ სხვა რადიკალურ ფილოსოფიებზე, როგორიცაა მარქსიზმი, რომლებმაც საზოგადოების ინერტულობა გადალახეს, მაგრამ რეალური პრობლემა აქ იმაში არ მდგომარეობს, გვსურს თუ არა რადიკალურად წარმოჩენა. აქ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ რადიკალები ვართ და ამის აღიარება არ გვსურს - საჯაროდ მაინც. რეალური კითხვა ისაა, ჩვენი მოძრაობა საკუთარ რადიკალიზმს როგორც თავის ძლიერ მხარეს ისე განიხილავს თუ როგორც პოლიტიკურ იდიოტ ნათესავს, რომელიც სხვენში უნდა გამოიკეტოს და არ განიხილებოდეს. 

ჩემი საბოლოო არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ, ეჭვი მაქვს, მრავალი ფარული გრადუალისტი, უბრალოდ, რადიკალური, აბსტრაქტული იდეების კარგად კომუნიკაციის უუნარობას აღიარებს, და შემდეგ ამ მარცხიდან სტრატეგიას ქმნის... თუკი ლიბერტარიანელები არ წარადგენენ აშკარა და ნათელ ლიბერტარიანულ იდეებს, მაშ, ვინ იზამს ამას? ეს იდეები შესაძლოა მიღებული ან უარყოფილი იყოს, მაგრამ ისინი იცოცხლებენ ან მოკვდებიან იმის საფუძველზე, რასაც ისინი წარმოადგენენ, და არა იმის საფუძველზე, რასაც ისინი არ წარმოადგენენ. ტრაგიკული იქნება, თუკი ლიბერტარიანელებს - ჩვენს დროში თავისუფლების მომხრეების ერთადერთ ხმას - არ ეყოფათ გამბედაობა და თავდაჯერებულობა რომ ამაყად და ცალსახად იდგნენ თავისუფლებისთვის. 

— ვენდი მაკელროი 

"იმ დათმობით, რომ მიზანი სხვა არა- ან ანტილიბერტარიანულ საკითხებთან მიმართებით მეორე ან მესამე ადგილზე უნდა იყოს, გრადუალიზმი თეორიაში მართლაც ძირს უთხრის თავად მიზანს.  გრადუალიზმისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს რომ ეს სხვა საკითხები თავისუფლებზე უფრო მნიშვნელოვანია. ამდენად, წარმოიდგინეთ, მონობის აბოლიციონისტს ასეთი რამ რომ ეთქვა, "მე მხარს ვუჭერ მონობის დასრულებას - მაგრამ მხოლოდ ათი წლის შემდეგ." ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ დღეიდან რვა ან ცხრა წლის შემდეგ, ან, მითუმეტეს, დაუყოვნებლივ, აბოლიცია მცდარია, და რომ, ამიტომ, მონობის უფრო დიდხანს გაგრძელება ჯობია. მაგრამ ეს სამართლიანობის გათვალისწინების უარყოფას ნიშნავს, და იმაზე მიუთითებს, რომ თავად მიზანი აბოლიციონისტის (ან ლიბერტარიანელის) მიერ ყველაფერზე უმაღლესად აღარ მიიჩნევა.  ფაქტობრივად, როგორც აბოლიციონისტის, ისე  ლიბერტარიანელის შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დანაშაულის და უსამართლობის გახანგრძლივებას მომხრეები არიან. 

თუმცა ლიბერტარიანელისთვის უპირველესია ამ საბოლოო და "უკიდურესი" იდეალის მაღლა აღმართვა, ეს არ ხდის მას, ჰაიეკის საწინააღმდეგოდ, "უტოპისტად". ჭეშმარიტი უტოპისტი ისაა, ვინც ისეთ სისტემას უჭერს მხარს, რომელიც ადამიანის და რეალური სამყაროს ბუნებითი კანონის  საწინააღმდეგოა. უტოპიური სისტემა ისეთი სისტემაა, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავებდა, თუკი ყველას დავითანხმებდით პრაქტიკაში მისი გამოყენების ცდაზე. უტოპიური სისტემა ვერ იმუშავებს, ანუ, საკუთარ თავს მოქმედებაში ვერ შეინარჩუნებს. მემარცხენეობის უტოპიური მიზანი, კომუნიზმი - სპეციალიზაციის გაუქმება და უნიფორმულობის მიღება - იმ შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავებდა, თუკი ყველა იქნებოდა მისი დაუყოვნებლივ მიღების მსურველი. ის ვერ იმუშავებდა, რადგან იგი თავად ადამიანის და სამყაროს ბუნებას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით კი - თითოეული პიროვნების უნიკალურობას და ინდივიდუალურობას, მის უნარებს და ინტერესებს,. ის ვერ იმუშავებდა, რადგან იგი გამოიწვევდა დოვლათის წარმოქმნის მკვეთრ შემცირებას, იმდენად, რომ კაცობრიობის დიდ ნაწილს სწრაფი შიმშილისთვის და გადაშენებისთვის გაწირავდა. 

მოკლედ, პოპულარულ მეტყველებაში ტერმინი "უტოპიური" ერთმანეთში ურევს სტატუს ქვო-საგან რადიკალურად განსხვავებული პროგრამის გზაზე არსებული ორი სახის წინააღმდეგობას. მათგან პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროგრამა სამყაროს და ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება და, ამიტომ, მისი  დანერგვის შემდეგ ვერ იმუშავებს. ეს არის კომუნიზმის უტოპიურობა. მეორე კი საკმარისი რაოდენობით ადამიანის იმაში დარწმუნების სიძნელეა, რომ მოცემული პროგრამა მიიღონ. პირველი ცუდი თეორიაა, რადგან ის ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება; მეორე, უბრალოდ, ადამიანის არჩევანის, დოქტრინის სისწორეში საკმარისი ადამიანის დარწმუნების პრობლემაა. "უტოპიური" მისი საყოველთაო პეჯორატიული შინაარსით ამათგან მხოლოდ პირველს მიესადაგება. 
 
მაშასადამე, ღრმა შინაარსით, ლიბერტარიანული დოქტრინა უტოპიური კი არა, უაღრესად რეალისტურია, რადგან ის ერთადერთი თეორიაა, რომელიც ადამიანის და სამყაროს ბუნებასთან რეალურ შესაბამისობაშია. ლიბერტარიანელი ადამიანის სხვადასხვაობას და მრავალფეროვნებას კი არ უარყოფს, არამედ განადიდებს მას და იმისკენ მიისწრაფვის, რომ ამ ნაირგვარობას სრული თავისუფლების სამყაროში სრულყოფილი გამოვლინება მიანიჭოს. და ასე მოქცევით, ის ასევე იწვევს პროდუქტიულობის და ყველა ადამიანის ცხოვრების სტანდარტის არნახულ ზრდას - უაღრესად "პრაქტიკული" შედეგი, რასაც, ზოგადად, ჭეშმარიტი უტოპისტები ამრეზით უყურებენ ხოლმე, როგორც ბოროტ "მატერიალიზმს". 

ლიბერტარიანელი უაღრესად რეალისტია, აგრეთვე, იმიტომაც, რომ სრულად მხოლოდ მას ესმის სახელმწიფოს ბუნება და მისი სწრაფვა ძალაუფლებისკენ. ამის საწინააღმდეგოდ, ერთი შეხედვით ბევრად უფრო რეალისტი "შეზღუდული მთავრობის" კონსერვატიული მორწმუნე ნამდვილად არაპრაქტიკული უტოპისტია. კონსერვატორი კვლავ და კვლავ იმეორებს ფსალმუნს, რომ ცენტრალური მთავრობა კონსტიტუციით უნდა იყოს მკვეთრად შეზღუდული. ამავე დროს, მაშინ როცა კონსერვატორი 1789 წლიდან მოყოლებული საწყისი კონსტიტუციის გაფუჭების და ფედერალური ძალაუფლების გაფართოების წინააღმდეგ ილაშქრებს, მას ამ დეგენერაციიდან სათანადო გაკვეთილი ვერ გამოაქვს.   

მკვეთრად შეზღუდული კონსტიტუციური სახელმწიფოს იდეა კეთილშობილურ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომელმაც ვერ გაამართლა თვით ყველაზე ხელსაყრელ და კეთილგანწყობილ გარემოებებშიც კი. თუკი მან ვერ გაამართლა მაშინ, რატომ იქნება მსგავსი ექსპერიმენტი უფრო წარმატებული ახლა? არა, ჭეშმარიტად არაპრაქტიკული უტოპისტი ეს  კონსერვატორი laissez-fairist-ია, ადამიანი, რომელიც ცენტრალურ მთავრობას ხელებში უდებს ყველა იარაღს და ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას, და შემდეგ ეუბნება, "შეიზღუდე შენი თავი"... 

მაშ, როგორ შეიძლება მივხვდეთ, სანახევრო ღონისძიებები და გარდამავალი მოთხოვნები უნდა შევაქოთ, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, თუ დავგმოთ, როგორც ოპორტუნისტული ღალატი? არსებობს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ამ უმთავრეს კითხვაზე პასუხის გასაცემად: (1) რაც არ უნდა იყოს გარდამავალი მოთხოვნა, თავისუფლების მიღწევის საბოლოო შედეგი ყოველთვის მაღლა იყოს აღმართული, როგორც სასურველი მიზანი. (2) არცერთი ნაბიჯი ან საშუალება არასდროს ეწინააღმდეგებოდეს, ცხადად ან ფარულად, ამ საბოლოო მიზანს. მოკლევადიანი მოთხოვნა, შესაძლოა, ისე შორს არ მიდიოდეს, როგორც ეს გვსურს, მაგრამ ის ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს საბოლოო მიზანთან. თუ ეს ასე არ იქნება, მოკლევადიანი მიზანი საბოლოო დანიშნულების წინააღმდეგ იმუშავებს და ლიბერტარიანული პრინციპის ოპორტუნისტული ლიკვიდაცია მოხდება.

ასეთი კონტრპროდუქტიული და ოპორტუნისტული სტრატეგიის მაგალითი საგადასახადო სისტემიდან  შეგვიძლია ავიღოთ. ლიბერტარიანელი, საბოლოოდ, გადასახადების გაუქმებას ნატრულობს. მისთვის სრულიად ლეგიტიმურია საშემოსავლო გადასახადის მკვეთრი შემცირების ან გაუქმების, როგორც ამ სასურველი მიზნისკენ მიმართული სტრატეგიული საშუალების მხარდაჭერა. მაგრამ ლიბერტარიანელი არასდროს უნდა იყოს რაიმე ახალი გადასახადის დაწესების ან არსებული გადასახადის გაზრდის მომხრე. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის მკვეთრ დაწევასთან ერთად ის, ამავე დროს, არ უნდა ლობირებდეს ამ გადასახადის გაყიდვის ან რაიმე სხვა ფორმის გადასახადით ჩანაცვლებას.  გადასახადის შემცირება, ან, უფრო უკეთესი, გაუქმება, ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფოს ძალაუფლების შემცირებას და თავისუფლებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, მაგრამ სადმე სხვაგან მისი ჩანაცვლება ახალი ან გაზრდილი გადასახადით, უბრალოდ, საწინააღმდეგოს აკეთებს, რადგან ეს რომელიმე სხვა ფრონტზე სახელმწიფოს ახალ და დამატებით ჩადგომას ნიშნავს. ახალი ან მეტი გადასახადის დაწესება პირდაპირ ეწინააღმდეგება ლიბერტარიანულ მიზანს და ძირს უთხრის მას. 

მსგავსად ამისა, მუდმივი ფედერალური დეფიციტების არსებულ ხანაში ხშირად ვაწყდებით პრაქტიკულ პრობლემას: უნდა დავთანხმდეთ გადასახადების შემცირებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამან შეიძლება სამთავრობო დეფიციტის ზრდა გამოიწვიოს? კონსერვატორები, რომლებიც თავიანთი გარკვეული პერსპექტივიდან უპირატესობას გადასახადების შემცირებაზე მეტად ბიუჯეტის დაბალანსებას ანიჭებენ, უცვლელად ეწინააღმდეგებიან გადასახადების ნებისმიერ შემცირებას, რომელსაც უშუალოდ და მკაცრად არ მოსდევს სამთავრობო ხარჯების ექვივალენტური ან უფრო მეტი შემცირება. მაგრამ რადგანაც გადასახადების ამოღება აგრესიის არალეგიტიმური აქტია, გადასახადების შემცირებაზე - მათ ნებისმიერ შემცირებაზე - ხალისით დათანხმების უუნარობა ძირს უთხრის და ეწინააღმდეგება ლიბერტარიანულ მიზანს. სამთავრობო ხარჯებთან შეწინააღმდეგების დრო მაშინაა, როცა ბიუჯეტი განიხილება ან მას ხმა ეძლევა; ამ დროს უნდა მოუწოდებდეს ლიბერტარიანელი ხარჯების მკვეთრი შემცირებისკენაც. მოკლედ, მთავრობის აქტივობა უნდა შემცირდეს როცა კი ეს შესაძლებელია: გადასახადების და ხარჯების მოცემული შემცირებისთვის ნებისმიერი წინააღმდეგობა მიუღებელია, რადგან ეს ლიბერტარიანულ პრინციპებს და ლიბერტარიანულ მიზნებს ეწინააღმდეგება."

— მარი როთბარდი

ის სტატუს ქვო, რომელიც ამჟამადაა მსოფლიოში გაბატონებული, კრონი კაპიტალისტურ სისტემას, ანუ, ბიზნესების მიმართ სახელმწიფოს ფავორიტიზმს წარმოადგენს. ნამდვილ კაპიტალიზმს სხვანაირად თავისუფალი ბაზრის ანარქია ჰქვია და ის დღეს არსად არსებობს. სწორედ ამიტომ, სიტყვა "კაპიტალიზმის" ქვეშ ადამიანები, ჩვეულებრივ, კრონი კაპიტალიზმს გულისხმობენ. რაც არ უნდა ეფექტური იყოს მთავრობა, ანუ, ძალადობრივი ტერიტორიული მონოპოლია, ის ვერასდროს იქნება თავისუფალ ბაზარზე, ანუ, ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფ კერძო კომპანიებზე უფრო ეფექტური. შედარებით არაეფექტური მთავრობა დიდხანს ვერ გაძლებს: მისი ცუდი მუშაობის გამო ხალხი უკმაყოფილო იქნება და იგი იძულებული გახდება, რომ პოზიციები თანდათან თავისუფალ ბაზარს დაუთმოს, ანუ, მის მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისების პრივატიზაცია-დერეგულაცია მოახდინოს და ამ გზით გადააბაროს ისინი მასზე წარმოუდგენლად უფრო ეფექტურ თავისუფალ ბაზარს.

ამავე დროს, შედარებით ეფექტური მთავრობა ხალხისთვის უფრო ატანადია, და, ამიტომ, მასზე უფრო ეფექტური თავისუფალი ბაზრით მისი ჩანაცვლება უფრო გაძნელებულია. სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევაში, როცა ბოლომდე ჩაგრული მონა ხარ და "დასაკარგი არაფერი გაქვს, საკუთარი ბორკილების გარდა", ბევრად დიდია იმის ალბათობა, რომ აჯანყდე და თავისუფლება მოიპოვო, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა შენი ბორკილები მძიმე არ არის. ისმის კითხვა -  რომელი უფრო უარესია: ცუდი ბატონი, რომელიც დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რადგან მონები ჩაგვრას ვერ გაუძლებენ, აჯანყდებიან და დაამხობენ, თუ კარგი ბატონი, რომელიც შედარებით ადვილად ატანადია და ამიტომ მონებს ჩაგვრის გაძლება ნაკლებად უჭირთ?

ევოლუციის თეორიასთან რომ გავავლოთ პარალელი: როგორც მასპინძელი ორგანიზმი ცდილობს რომ გადარჩეს და პარაზიტისგან დაიცვას თავი, ისე ცდილობს პარაზიტი რომ უფრო ეფექტურად იპარაზიტოს. ამასთან, პარიზიტს ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, თორემ მასპინძელს მოკლავს და მის გარეშე თავადაც დაიღუპება. ტოტალიტარული ეტატისტები, მაგალითად, კომუნისტები, იმდენად ბრიყვები არიან, რომ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებიან. სწორედ ამიტომ არის ეს იდეოლოგია ყველგან და ყოველთვის წარუმატებლობითვის განწირული.

მეორე მხრივ, სახელმწიფოს ძალადობრივ სისტემაში კონკურენციის ელემენტების შემოტანა, მაგალითად, სასკოლო ვაუჩერების, სერვისების რეგულირებული ლეგალიზაციის, რეგულირებული პრივატიზაციის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პროფესიული საკონტრაქტო არმიით ჩანაცვლების, სახელმწიფოთაშორისი საზღვრებით შეზღუდული "ლეგალური" მიგრაციის, და ა.შ. სახით, სახელმწიფოს ძალადობრივ სისტემას უფრო ეფექტურად აქცევს, მაგრამ სისტემა კვლავაც გადასახადებით, ანუ, ძალადობით განაგრძობს დაფინანსებას, ხშირად, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა, და მთავრობის მიერ კონკურენციისგან დაცული კერძო თუ სახელმწიფო მწარმოებლები დაბალი ხარისხით და/ან მაღალი ფასით აგრძელებენ მომხმარებლების ყვლეფას.

ასეთი "მართული კონკურენციის" გარეშე სახელმწიფოები სწრაფად ჩამოიშლებოდნენ, მათ შორის საზღვრების გაქრობით, და ყველაზე ეფექტური სისტემით, თავისუფალი ბაზრის გლობალური ანარქიით ჩანაცვლდებოდნენ, ხოლო ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ხარისხიანად და/ან იაფად მიაწვდიდა ყველა სერვისს მოსახლეობას. ამის ნაცვლად, შედეგად ვღებულობთ კრონი კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, რომლებიც უფრო ეფექტური და, შესაბამისად, მდგრადია, ვიდრე კომუნისტურ-სოციალისტური სახელმწიფოები, და რომლებიც სწორედ ამის გამო არ აძლევენ ყველაზე ეფექტურ სისტემას - თავისუფალი ბაზრის ანარქიას - დამყარების საშუალებას.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრონი კაპიტალიზმის მომხრეებს დღეს არანაკლები ზიანი მოაქვთ თავისუფალი ბაზრისთვის და, შესაბამისად, მომხმარებლებისთვის, ვიდრე დიდი სახელმწიფოს მომხრეებს, ანუ, ტოტალიტარულ ეტატისტებს, რომელთა ბოლომდე გაკოტრებული პოზიციის უკიდურესი მავნებლობის გამოაშკარავება ბევრად უფრო ადვილია. სამყარო, დიდწილად, უკვე დარწმუნდა ტოტალიტარული ეტატიზმის მცდარობაში, რადგან ეს იდეოლოგია ყველგან და ყოველთვის სიღატაკეს და შიმშილს თესავს, მაგრამ სამყარომ ჯერ ვერ მოახდინა თავისუფალი ბაზრის ანარქიამდე ტრანზიცია. შეზღუდული კონკურენციის გამო სამყარო ნელა და დუნედ აგრძელებს გამდიდრებას, მაშინ როცა გამდიდრების ტემპი წარმოუდგენლად უფრო სწრაფი იქნებოდა შეუზღუდავი კონკურენციის პირობებში.

"რამდენადაც არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა ეკონომიკურ სისტემას, ნებისმიერი პრობლემა თავისუფლების დარჩენილ მცირე ზონას დაბრალდება."
— შელდონ რიჩმენი

ყველა ის ნაკლი, რომელიც კრონი კაპიტალისტურ სისტემას აქვს და რისი ერთადერთი მიზეზიც შეუზღუდავი კონკურენციის ნაკლებობაა, ტოტალიტარული ეტატისტების მიერ შეუზღუდავ კონკურენციას, ანუ, თავისუფალ ბაზარს ბრალდება, ამ უკანასკნელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენის მიზნით, ხოლო ყველა ის სიკეთე, რომელიც კრონი კაპიტალისტურ სისტემას აქვს და რისი ერთადერთი მიზეზიც თუნდაც შეზღუდული კონკურენციის არსებობაა, ტოტალიტარული ეტატისტების მიერ ძალადობრივ ტერიტორიულ მონოპოლიას, ანუ, სახელმწიფოს მიეწერება, ამ უკანასკნელის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გაჩენის მიზნით. ამას უცილობლად მოსდევს თან უკან, ტოტალიტარულ ეტატიზმში დაბრუნების და, შესაბამისად, სერვისების მოწოდების სახელმწიფოს ხელში სრული ძალადობრივი მონოპოლიზების მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, სანამ თავისუფალი ბაზრის გლობალურ ანარქიამდე სრული ტრანზიცია არ მოხდება, საშინელ წარსულში დაბრუნების საფრთხე მუდმივად იარსებებს, ტოტალიტარული ეტატიზმის ახალ-ახალი კერების გაჩენით.

ამდენად, რაც უფრო მალე დაინგრევა ამჟამად არსებული, ტოტალიტარულ ეტატიზმზე უფრო მეტად, მაგრამ ნამდვილ კაპიტალიზმზე უფრო ნაკლებად ეფექტური კრონი კაპიტალისტული სისტემა, და რაც უფრო სწრაფად ჩანაცვლდება ის თავისუფალი ბაზრის ანარქიზმით, მით უფრო სწრაფად შემცირდება ტოტალიტარულ ეტატიზმში თუნდაც ლოკალურად დაბრუნების საფრთხე, მით უფრო მალე დავიწყებთ სწრაფად გამდიდრებას, და მით უფრო მალე მივალთ ლოგიკურ საბოლოო მიზნამდე, ანუ, სახელმწიფოების სრულ გაქრობამდე მთელი დედამიწის ზურგზე. თუკი ადამიანებისთვის სიკეთე გვინდა, მათი სრული გათავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, და არა იმისთვის, რომ სახელმწიფო უფრო ეფექტური გახდეს, ანუ, მონობის უღელი უფრო ატანადი და მიმზიდველი იყოს.

"ტირანთა საზღვრები მათ მიერ ჩაგრულთა გამძლეობითაა გაწერილი." 
— ფრედერიკ დაგლასი

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები