სიახლეები

ოპოზიცია: შეთანხმება მოგვიტანს იმას, რომ მოქალაქეს მოსამართლის აღარ შეეშინდება

ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებაში საუბარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, როგორ იქნება შესაძლებელი სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენა.

როგორც ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ეს შეთანხმება იქნება მოქალაქეებისათვის გარანტია იმისა, რომ საბჭოთა სასამართლო სისტემა დაიშლება და ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიება აღარ იქნება.

განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიათა მემორანდუმზე ხელის მოწერას, ისტორიული დღე უწოდა ''ახალი საქართველოს'' წევრმა გიორგი ვაშაძემ. შეთანხმების  მთავარ კრიტერიუმად კი, ბიზნესმენებისთვის თავისუფალი ინვენსტიციების ქვეყანაში ჩადების საშუალება, ხელშეუხებლობის გარანტიით მიიჩნია.

"ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის ნიკა მელიას აზრით კი, ქვეყანას, ეს შეთანხმება, სამართლიან სასამართლო სისტემას მოუტანს. რის შემდეგაც მოქალაქეს, მოსამართლის აღარ შეეშინდება. 

''ევროპული საქართველოს'' წევრი დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მათი მიზანი, მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება არ არის და სამომავლო გეგმებიც აქვთ. 

''ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ამ ხუთ პუნქტიანი მემორანდუმის წყალობით, საქართველოს ისტორიაში პირველად სასამართლო იქნება დამოუკიდებელი" - აცხადებს ბაქრაძე.

პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე - მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
 
ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განვახორციელებთ შემდეგ რეფორმებს და დავისახავთ შემდეგ ამოცანებს:

 1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;

2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას;  სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;

3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაუზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.

4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო  კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;

5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.
 

 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები