სიახლეები

2856 Views
პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შესახებ

როგორ აფასებს „გირჩი“ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას და მის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

ზურა ჯაფარიძემ მხოლოდ ის იცის, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ამბობს, რომ „გირჩი“, მართლმსაჯულების სისტემის დაშლასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს, მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგაც განაგრძობს. ჩაერთვება თუ არა ამ მოლაპარაკებებში ექსპრემიერი, ეს ჯერჯერობით უცნობია.  

„შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რას იზამს. ჩვენ, გირჩი, ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით - ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“ - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე მერაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებას „წლის ბოლომდე დაამხობს“.

„ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცებს ჰგონიათ რომ თუ უფრო ‘მკაცრ’ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია“. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. დღეს მას პატიმრობის ვადა ამოეწურა. 

საპატიმროდან გამოსულმა მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იცის რომელ პარტიასთან და როგორ გააგრძელებს ბრძოლას "რეჟიმის დასამარცხებლად", აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად ჩაერთვება.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და აკურას ღვინის ქარხნის საქმე. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები