სიახლეები

"როცა იდეებს სექსი აქვთ", ანუ, რაში არ ვეთანხმები მამალაძეს

"აკვიატება, რითაც მარჯვნივ მყოფნი ეწინააღმდეგებიან ჩარლზ დარვინის განჭვრეტას, რომ ბუნების სირთულე დიზაინერს არ გულისხმობს, შეესაბამება აკვიატებას, რითაც მარცხნივ მყოფნი ეწინააღმდეგებიან ადამ სმითის განჭვრეტას, რომ საზოგადოების სირთულე დამგეგმავს არ გულისხმობს."

— მეთ რიდლი 

კარგია, როცა პერსონალურ სტატიებს გიძღვნიან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები შენ მიერ გამოთქმულ აზრებს მნიშვნელოვნად თვლიან და მათზე ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, მათი დამოკიდებულება ამ აზრების მიმართ ნეგატიურია თუ პოზიტიური. ცუდია, როცა შენთვის მოძღვნილი სტატია ლოგიკური არგუმენტებით არ არის გამყარებული და, ამდენად, სუსტია. ჩემი აზრით, გიორგი მამალაძის სტატია "ქილების შემგროვებელი რობოტის ევოლუცია (ანუ რაში არ ვეთანხმები ლომინაძეს 1.)" სწორედ ასეთია და ამ სტატიაში ვეცდები დაგანახოთ, თუ რატომ ვთვლი ასე. 

თავიდანვე, ავტორი კარგად ცნობილ შეცდომას უშვებს და ბუნებრივ გადარჩევას ისე განმარტავს, როგორც ძლიერების გადარჩენას. სინამდვილეში, ბუნებრივი გადარჩევა არის გარემოსთან უკეთ შეგუებულთა გადარჩენა. ეს განსხვავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან არც სიძლიერე და არც სირთულე არ არიან ის კრიტერიუმები, რითაც ბუნებრივი გადარჩევა ხდება. ის, რომ ამ სამყაროში როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად სუსტი და ძლიერი ადამიანები - ისევე, როგორც მარტივი და რთული ორგანიზმები - თანაარსებობენ, სწორედ ამაზე მიუთითებს. 

ის, რომ ევოლუციური მექანიზმი მხოლოდ ბიოლოგიაში კი არა, არამედ ადამიანების სოციუმშიც მუშაობს, ცნობილი ამბავია. მამალაძეს ვურჩევ, რომ, მაგალითად, ბრიტანელი ჟურნალისტის, მეთ რიდლის "ყველაფრის ევოლუციას" გაეცნოს - დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი საინტერესო აღმოჩნდება მისთვის და სრულიად სხვა კუთხიდან დაანახებს მოცემულ საკითხს. ასევე, არაფერი მაქვს საკამათო იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი ბაზარი გეგმიურ ეკონომიკაზე წარმოუდგენლად უკეთ მუშაობს - სწორედ ამიტომ ვარ თავისუფალი ბაზრის ანარქისტი. 

ამის შემდეგ ავტორი, როგორც ჩანს, მისთვის უფრო მეტად ნაცნობ დისციპლინაზე გადადის და ე.წ. ქილების შემგროვებელი რობოტის ევოლუციას აღწერს, სადაც ჩვენს განცვიფრებას ცდილობას იმით, რომ ვირტუალურმა პროგრამამ მისი ევოლუციის შედეგად უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ეს მათემატიკოსებმა გამოთვალეს და ივარაუდეს. არადა, იმ კონცეფციის საილუსტრაციოდ, რომ ევოლუციის შედეგად ბევრად მეტ წარმატებას შეიძლება მივაღწიოთ, ვიდრე ამას "მეცნიერები" თუ "ექსპერტები" წინასწარმეტყველებენ ხოლმე, სულაც არ იყო ვირტუალური მაგალითის მოხმობა საჭირო. ბევრად უფრო საინტერესო და დრამატული მაგალითი ისევ ჩვენსავე სოციუმში გათამაშდა ამას წინათ. 

კერძოდ, ჯერ კიდევ 18-ე საუკუნის მიწურულს ინგლისელმა ეკონომისტმა თომას მალთუსმა ივარაუდა, რომ ადამიანთა პოპულაციის ზრდა, რესურსების გამოფიტვის შედეგად, სიღატაკის, შიმშილის, და სნეულებების მიზეზი გახდებოდა და, ამიტომ, პოპულაციის ზრდაზე კონტროლის დაწესება იყო სასურველი. ეს იდეა დღემდე ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით, მემარცხენეებში. ფაქტობრივად, მემარცხენე ეტატისტი არის ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე ადამიანების რაოდენობის ზრდის მიმართ ცხოველური შიში აქვს და, ამავე დროს, შეუზღუდავ კონკურენციას გმობს, რადგან მისი მხარდაჭერა სოციალური დარვინიზმის გამოვლინებად მიაჩნია.

ამ პოზიციიის ირონიულობა და აბსურდულობა უკეთ რომ შეიგრძნოთ, გეტყვით, რომ სწორედ კონკურენციის და, შესაბამისად, თავისუფალი ბაზრის წყალობით არის ადამიანი ერთადერთი სახეობა, რომელიც მით უფრო მეტად პროდუქტიული და განვითარებული ხდება, რაც უფრო მატულობს მისი ინდივიდების რაოდენობა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მალთუსის თეორია, რომლის თანახმადაც ადამიანების რიცხოვნების ზრდა რესურსების დეფიციტს და კატასტროფულ კრიზისებს გამოიწვევდა, სრულიად მცდარი აღმოჩნდა.

ადამიანების პროდუქტიულობის და კეთილდღეობის ზრდა ბუნებრივ რესურსებზე ბევრად მეტად იდეებითაა შეზღუდული, ხოლო ახალი და უკეთესი იდეების გენერირება მით უფრო ადვილად ხდება, რაც უფრო თავისუფლად შეუძლიათ მრავალრიცხოვან ინდივიდებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და კოოპერაცია მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილების და კონკურენციაში გამარჯვების მიზნით.

ამას გარდა, დარვინს მისი ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შექმნისკენ სწორედ მალთუსის ნაშრომის გაცნობამ უბიძგა. ამ ნაშრომების გაცნობის და ბუნებაზე დაკვირვების შედეგად დარვინმა დაასკვნა, რომ  ორგანიზმების რაოდენობა სწრაფად იზრდება, სანამ რესურსების რაოდენობა მწირი არ გახდება, რის შემდეგაც კრიზისი იწყება და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც უკეთ არიან შეგუებულები გარემოსთან მცირე რაოდენობით რესურსების პირობებში გადარჩენის უნარის გამო.

რადგან სწორედ კონკურენცია და, შესაბამისად, თავისუფალი ბაზარია ის, რაც ადამიანს მისი პოპულაციის ზრდის და რესურების ნაკლებობით გამოწვეული კრიზისისგან იცავს და, პირიქით, პოპულაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად ნაყოფიერს ხდის მას, თავისუფალი ბაზრის შეზღუდვისკენ მიმართულმა ქმედებებმა შეიძლება მართლაც შექმნას დეფიციტი და კრიზისი და, შედეგად, მემარცხენე ეტატისტებმა თავად აღასრულონ საკუთარი წინასწარმეტყველება. ამდენად, სიღატაკის და შიმშილის მიზეზი ადამიანის პოპულაციის ზრდა კი არ არის, არამედ თავისუფალი ბაზრის ნაკლებობა.

მაგრამ, მოდით, მამალაძის სტატიას დავუბრუნდეთ. ამ ყველაფრის შემდეგ ის დასკვნების კეთებაზე გადადის. როგორც უკვე ვთქვი, სტატიის ძირითად ტექსტს, დიდწილად, ვეთანხმები და ჩემთვის გაუგებარია, როგორ გამომდინარეობენ ავტორის მცდარი დასკვნები ამ ტექსტიდან. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ფეისბუქზე გიორგი მამალაძე არასდროს დამიბლოკავს და არც ახლაა დაბლოკილი. რატომღაც, ადამიანებს დაბლოკვა და მეგობრებიდან წაშლა ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. 

შემდეგ, "მოსოციალისტურო-მოდიქტატურო პოსტსაბჭოთა რეალობიდან ანარქოკაპიტალიზმის უტოპიაში" არანაირი ტელეპორტირება არ მოხდება, რამდენადაც არ უნდა მსურდეს მე ეს. ადამიანები, მათი განათლების ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის შედეგად, თავად უნდა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ სახელმწიფოს, როგორც ძალადობრივი მონოპოლიის არსებობა გაუმართლებელია და ის არასაჭირო ბოროტებას წარმოადგენს. ერთადერთი, რაც მე შემიძლია გავაკეთო, ისაა, რომ მათ ამის გაგებაში დავეხმარო, ანუ, ავუხსნა, თუ რატომ იქნება თავისუფალი ბაზრის ანარქია სახელმწიფოზე ბევრად უკეთესი - ზუსტად ისე, როგორც, თავის დროზე, მე ამიხსნეს იგივე. აქ უნდა აღვნიშნო, რომ მე ტერმინი "თავისუფალი ბაზრის ანარქია"  მირჩევნია ტერმინ "ანარქო-კაპიტალიზმს" - ვისაც აინტერესებს, რატომ, პოლიტ-ეკონომიკური იდეოლოგიების შესახებ ჩემი სტატიის წაკითხვას ვურჩევ. 

აქვე, არ შემიძლია არ შევეხო მამალაძის მიერ ნახმარ ტერმინ "უტოპიას". არსებობს ორი სახის უტოპია: 1. უტოპია, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავებს, თუკი ყველა დათანხმდება, რომ ეს უტოპია სცადოს, და 2. უტოპია, რომელიც მით უფრო მეტად იმუშავებს და, ამდენად, მით უფრო მეტად იქცევა რეალობად, რაც უფრო მეტი ადამიანი დათანხმდება, რომ ეს უტოპია სცადოს. კომუნიზმი არის პირველი სახის უტოპია, ხოლო თავისუფალი ბაზრის ანარქიზმი არის მეორე სახის უტოპია. კომუნიზმი და თავისუფალი ბაზრის ანარქიზმი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსებია: კომუნიზმი არის ნულოვანი თავისუფალი ბაზარი, ნულოვანი კერძო საკუთრება, და 100%-იანი სახელმწიფო, ხოლო თავისუფალი ბაზრის ანარქიზმი არის 100%-იანი თავისუფალი ბაზარი, 100%-იანი კერძო საკუთრება, და ნულოვანი სახელმწიფო.

კომუნიზმის მცდელობა უკვე მრავალჯერ იყო, მაგრამ არცერთხელ არ გაამართლა. კომუნიზმის მიღწევა იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ვერცერთხელ, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა არსებული მდგომარეობა კომუნიზმს, მით უფრო მეტად გაუსაძლისი ხდებოდა ადამიანების ყოფა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კომუნიზმი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ეკონომიკურ პრინციპებთან მოდის უშუალო წინააღმდეგობაში. ადამიანის ბუნების უმთავრესი პოსტულატი, რომელზეც მთელი ეკონომიკა დგას, არის შემდეგი: ადამიანის ქმედება მიზანმიმართული ქცევაა. სწორედ ადამიანის ბუნების უარყოფის გამოა კომუნიზმი საშიში და საშინელი იდეოლოგია, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე მხრივ, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ყველგან და ყოველთვის საწინააღმდეგო ეფექტს იძლეოდა და იძლევა: რაც უფრო მეტად უახლოვდება არსებული მდგომარეობა თავისუფალი ბაზრის ანარქიას, მით უფრო მეტად მდიდრდებიან და უკეთესად ცხოვრობენ ადამიანები. თავისუფალი ბაზრის ანარქიისკენ მოძრაობის გამო ჯერ არავინ მომკვდარა - პირიქით, ადამიანების პოპულაციის ზრდის და კეთილდღეობის განმაპირობებელი ერთადერთი ფაქტორი თავისუფალი ბაზარია. უფრო მეტიც, როგორც უკვე ვთქვი, სწორედ თავისუფალი ბაზრის წყალობით არის ადამიანი ერთადერთი სახეობა, რომელიც მით უფრო პროდუქტიული და განვითარებული ხდება, რაც უფრო მატულობს მისი ინდივიდების რაოდენობა. ამდენად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამჟამად თავისუფალი ბაზრის ანარქიის დამყარება შეუძლებელია, არის ის, რომ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს, თავისუფალი ბაზრის ანარქიის დამყარება შეუძლებელია.

ამის შემდეგ მამალაძე კითხულობს, საიდან ვიცი მე, თუ როგორი იქნება "ჯარი, პოლიცია, სასამართლო, აბორტი თუ შმაბორტი"? აქ ის, აშკარად, ჩალის კაცს ებრძვის, რადგან მე არასდროს მითქვამს, ეს ყველაფერი ვიცი მეთქი. პირიქით, მსგავსი დარწმუნებულობა სწორედ გეგმიური ეკონომიკის და სახელმწიფოს მომხრებისთვისაა დამახასიათებელი, და არა - ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევრების და ლიბერტარიანელებისთვის. განსაკუთრებით კარგად ეს საკითხი ფრიდრიხ ჰაიეკს აქვს შესწავლილი და მამალაძეს ვურჩევ, რომ მის ნაშრომებს გაეცნოს, მაგალითად, სტატიას "ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში", აქ კი ჰაიეკის ორი ციტატის მოყვანით შემოვიფარგლები: 

"იმ რწმენის საფუძველზე მოქცევა, თითქოს, ჩვენ გაგვაჩნია ცოდნა და ძალა, რაც საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისთვის მთლიანად ჩვენთვის მოსაწონი ფორმის მიცემის საშუალებას გვაძლევს, ცოდნა, რომელიც, სინამდვილეში, ჩვენ არ გაგვაჩნია, სავარაუდოდ, ჩვენთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება." 

"ის ვარაუდი, რომ, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში, ბაზრის თვით-მარეგულირებელი ძალები რაღაცნაირად გამოიწვევენ ახალ მდგომარეობასთან შესაბამის საჭირო შესწორებებს, მიუხედავად იმისა, რომ არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ როგორ იზამენ ისინი ამას კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც, ლიბერალური დამოკიდებულების ნაწილია. ალბათ, არ არსებობს არცერთი სხვა ფაქტორი, რომელიც უფრო მეტად უწყობს ხელს  ადამიანების ხშირ უხალისობას რომ ბაზარს მუშაობის საშუალება მისცენ, როგორც მათი უუნარობა, რომ მიხვდნენ, თუ როგორ მიიღწევა წინასწარგანზრახული კონტროლის გარეშე გარკვეული საჭირო ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას, ექსპორტსა და იმპორტს, და მისთანებს შორის." 

შეუზღუდავი კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს, დაბალ ფასს, ინოვაციას, და პროგრესს. ეს არის მოცემულობა, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი: თავისუფალი ბაზარი ყოველთვის უფრო უკეთესად მიაწვდის მოსახლეობას ნებისმიერ სერვისს, ვიდრე სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია. კონკრეტულად როგორი იქნება ეს სერვისები, არავინ იცის. ჩვენ არ ვემხრობით სერვისების მოწოდების ცენტრალურად დაგეგმარებას. მომხმარებელი თავად უნდა ირჩევდეს, რა მოსწონს. ამ შემთხვევაში უამრავი სერვისი, რომელიც დღეს არსებობს, არა მხოლოდ გაუმჯობესდება, არამედ, ადრე თუ გვიან, საერთოდ გაქრება და სრულიად ახალი ტიპის უკეთესი სერვისით ჩანაცვლდება. ამასთან, ეს პროცესი არა მხოლოდ მუდმივად გაგრძელდება, არამედ, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად დაჩქარდება. 

ყველაზე ეფექტური კოლექტიური გონი თავისუფალი ბაზარია. შეცდომაა, გეგონოს, რომ ცენტრალური დაგეგმარება და ხელისუფლებაში მოკალათებული რამდენიმე ადამიანის მიერ მომხმარებლების იძულება ის სერვისები იყიდონ, რომელთა ყიდვაც მათ არ სურთ, უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე მომხმარებლებისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება. ამიტომ არ არის თავის მტვრევა საჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი: მთავარია, ადამიანები თავისუფლები იყვნენ საკუთარ არჩევანში და ისინი თავად შექმიან ყველაზე უკეთეს სამყაროს. 

ცივილიზაციის პროგრესისთვის ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენად მაღალი ინტელექტი აქვთ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ის, თუ რამდენად თავისუფლად შეუძლიათ ინდივიდებს ერთმანეთთან საკუთარი იდეების კომუნიკაცია და კოოპერაცია, ანუ, იმავე მეთ რიდლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, თუ რამდენად ადვილად აქვთ იდეებს ერთმანეთთან სექსი, რათა უფრო უკეთესი იდეები შვან.

ამდენად, თავისუფლება ზუსტად იმიტომ გვჭირდება, რომ არ ვიცით, თუ რისი გაკეთება მოგვიტანს სიკეთეს. მამალაძე ცდება, როცა ჰგონია რომ მე მზამზარეული რეცეპტები მაქვს მომავლისთვის. ერთადერთი, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ თავისუფლება მონობას სჯობია და სწორედ ამიტომ ვარ თავისუფალი ბაზრის ანარქისტი. ერთადერთი, რაც მე ამ შემთხვევაში მსურს, არის ის, რომ ადამიანებს თავისუფლება ჰქონდეთ, რათა მათ მრავალჯერადი ცდის შედეგად მიღებული წარმატების და წარუმატებლობის გზით დააგროვონ ცოდნა და ეს ცოდნა ნაყოფიერად გამოიყენონ სამომავლოდ. სახელმწიფო კი სწორედ ამაში უშლის მათ ხელს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრინციპული შეცდომა, რომელსაც მამალაძე უშვებს, ისაა, რომ ჰგონია, ვითომდა, ჩვენ არ ვიცით, თავისუფლება ჯობია თუ მონობა. ეს ასე არ არის. როგორც ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მეთოდოლოგიური მოძღვრება, პრაქსეოლოგია, ისე კაცობრიობის განვლილი ისტორიით მიღებული ემპირიული ცოდნა ცალსახად და გადაჭრით მიგვითითებენ იმაზე, რომ თავისუფლება დოვლათის დაგროვებას, ინოვაციას, და პროგრესს იწვევს, და ეს ასეა ყველა სფეროში. რაც ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ როგორი იქნება თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი სამყარო. ჩვენ მხოლოდ ლოგიკური ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ ამის შესახებ. 

ამდენად, შემიძლია დავასკვნა, რომ მამალაძის პოზიცია ოქსიმორონულია: მას, ერთი მხრივ, უნდა, რომ ადამიანებმა ევოლუციური განვითარების გზით შეძლონ წარმატების და პროგრესის მიღწევა, ხოლო, მეორე მხრივ, მე მაკრიტიკებს იმის გამო, რომ სახელმწიფოს, ანუ, იმ ძალადობრივი აპარატის გაუქმება მსურს, რომელიც ადამიანებს თავისუფლებას და, შედეგად, ევოლუციური განვითარების საშუალებას უზღუდავს. 

"თავისუფალი ბაზარი სისტემა არ არის. ის არ არის ვიღაცის მიერ ნაკარნახები პოლიტიკა. ის არ არის რაღაც, რის იმპლემენტაციასაც ვაშინგტონი ახდენს. ის არ არსებობს რომელიმე კანონმდებლობაში, სამართალში, დადგენილებაში, რეგულაციაში, ან წიგნში. თავისუფალი ბაზარი არის ის, რასაც მაშინ ღებულობ, როცა ადამიანები საკუთარი ინტერესებისთვის საკუთარი სურვილით მოქმედებენ, ცენტრალური წარმართვის გარეშე, თავიანთი საკუთრებით და თავის მიერ შექმნილი ადამიანური ასოციაციების შიგნით. ის არის მშვენიერება, რომელიც კონტროლის არარსებობისას წარმოიქმნება.
ანარქია ჩვენს გარშემოა. მის გარეშე ჩვენი სამყარო ჩამოიშლებოდა. ყოველგვარი პროგრესი მისი დამსახურებაა. ყველანაირი წესრიგი მისგან გამომდინარეა. მისი წყალობითაა ყველაფერი დალოცვილი, რაც კი ბუნების მდგომარეობაზეა აღმატებული. ადამიანთა მოდგმა ყვავის მხოლოდ კონტროლის არარსებობის გამო, და არა - მის გამო. მე ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის სულ უფრო მეტად გაქრობა, რათა სამყარო უფრო მშვენიერ ადგილად ვაქციოთ. ეს არის პარადოქსი, რომელსაც მარადიულად უნდა ვხსნიდეთ... ანარქიის გარეშე ქაოსი იქნებოდა."
― ჯეფრი თაქერი

დასასრულს, არ შემიძლია არ შევეხო მამალაძის მიერ ნახსენებ აბორტს. როგორც ემბრიოლოგია გვეუბნება, ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის მომენტში იწყება. აქედან გამომდინარე, ხელოვნური აბორტი აკრძალული უნდა იყოს შემდეგი ლოგიკური გამომდინარეობის გამო:

1. მუცლადმყოფი ბავშვი უდანაშაულო ადამიანია.
2. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა აკრძალული უნდა იყოს.
3. ხელოვნური აბორტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას წარმოადგენს, აკრძალული უნდა იყოს. 

წინასწარ იმის თქმა, აკრძალავენ თუ არა სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიისგან სრულად, ან, თუნდაც, ნაწილობრივ გათავისუფლებული ადამიანები ხელოვნურ აბორტს, ასევე არავის შეუძლია. მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ ეს ასე მოხდება, და, აგრეთვე, ყოველნაირად ვეცადო, რომ ეს ასე მოხდეს, კვლავაც, ადამიანების დარწმუნების გზით.

P.S. ბლოგზე გამოქვეყნებამდე სტატია პოსტის სახით დავდე ფეისბუქზე, სადაც ის გიორგი მამალაძემ წაიკითხა და კომენტარი დამიწერა: "სრულ თავისუფლებამდე გრძელი გზაა გასავლელი => იქ მხოლოდ ევოლუციურად მივალთ => ამისათვის პატარა ნაბიჯებია საჭირო => ამიტომ მოდი ზოგად ხედვაზე დაახლოებით შევთანხმდეთ და მეტი ძალისხმევა მორიგ პატარა ნაბიჯზე ფიქრში დავხარჯოთ. მცირე ნაბიჯებზე და იტერატიულ მიდგომაზე არაფერი გაქვს ნათქვამი შენს პასუხში და ეგ იყო რეალურად ძირითადი"-ო. 

ჩემი აზრით, მამალაძემ კარგად ვერ გაიაზრა ჩემი სტატიის შინაარსი. შევეშვათ იმას, რომ დიდი და პატარა პირობითი ცნებებია და, გაუგებარია, ვინ განსაზღვრავს, თუ რა არის პატარა ნაბიჯი და რა - დიდი. როგორც ეს სტატიაში მაქვს ახსნილი, თუკი ადამიანების გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, სწორედაც რომ მაქსიმალურად დიდი ნაბიჯების გადადგმას უნდა ვეცადოთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ შეუზღუდავი ევოლუციის იმ მდგომარეობამდე, რომელიც მამალაძეს ასე ძალიან მოსწონს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ თავისუფალი ბაზარი მუშაობს, ხოლო სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია - არ მუშაობს. რაც ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ როგორ იმუშავებს თავისუფალი ბაზარი რეალურად, და არა ის, რომ, ვთქვათ, ძალადობრივად მონოპოლიზებულ პოლიციას ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი უსაფრთხოების დაცვის კერძო კომპანიები ჯობია. საწინააღმდეგოს მტკიცება იმის მტკიცებას ნიშნავს, რომ კონკურენცია ზიანის მომტანია, რადგან მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს ძალადობრივი მონოპოლია ქმნის. ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც იმის მტკიცება, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის. 

ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ თანდათანობით ევოლუციაზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ძალადობრივ მონოპოლიას გავაუქმებთ, მაგრამ არა მანამდე, რადგან სახელმწიფოს არსებობა თავად ევოლუციის პროცესიის შეზღუდვას და შენელებას ნიშნავს. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს გაუქმების შემდეგაც მაინცდამაინც პატარ-პატარა ცვლილებით ევოლუცია თვითმიზანი არ უნდა იყოს და თუკი შეგვეძლება, რომ სწრაფად ვპროგრესირდეთ, გაუგებარია, რატომ უნდა შევანელოთ ეს პროცესი ხელოვნურად. თავისუფალი ბაზრის ანარქიის პირობებში ცივილიზაციის  პროგრესი მოხდება იმ სიჩქარით, როგორითაც მოხდება, მიუხედავად იმისა, ნელად მოეჩვენება ის ვინმეს თუ, პირიქით, სწრაფად. მგონი, მამალაძეს, უბრალოდ, რაღაც აკვიატება აქვს, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ევოლუცია სოციუმზე გადმოიტანოს, რაც ასევე გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მგონია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმავე ბუნებაში ევოლუცია სხვა გზითაც ხდება, ბევრად უფრო მკვეთრად და სწრაფად, მაგალითად, ნეოტენიის გზით, როცა უმწიფარი შთამომავალი გამრავლების უნარს იძენს. ვარაუდობენ, რომ ხერხემლიანები სწორედ ასე წარმოიქმნენ უხერხემლოებისგან.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები