სიახლეები

154 Views
პოლიტიკა

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ჩარლზ ფლეიშმანიც ეთანხმება

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჩარლზ ფლეიშმანი შეუერთდა. ის უკვე მეხუთე ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას დაუჭირა მხარი. 

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. 

მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა.

დოკუმენტი ავალდებულებს აშშ-ს პრეზიდენტს, რომ კონგრესს შეატყობინოს არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს ან შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში მომუშავე ამერიკულ ბიზნესმენებთან გააფორმა. ასევე, შეატყობინოს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

 

კომენტარები