სიახლეები

როდის დაგვიბრუნებს  ქონებას "გირჩი"?

ჭიათურაში, ჩემს სოფელში, შუქრუთში საინტერესო სახელები აქვს ადგილებს და ამ სახელთაგან გამორჩეულია შემდეგი წესით შერქმეული სიტყვები: პალიასოული, პუწკასოული, ჭაჭიკოსოული... რას ნიშნავს ეს „სოული-სოული“ სახელის ბოლოში?! ბიბლიური საულის აღმნიშვნელია? რაიმე მუსიკალური მიმდინარეობის გამომხატველია? არა, რასაკვირველია. ეს დაბოლობები იმერული დიალექტის ზემოიმერული კილოს შუქრუთ-პერევისის კილოკავზე აღნიშნავს საგნის ვინმესადმი წარსულში მიკუთვნებულობას. ესე იგი, როდესაც ადგილს ჰქვია პალიასოული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე ეს ადგილი პალიას ეკუთვნოდა. თუკი ადგილს ჰქვია ჭაჭიკოსოული, მაშინ ეს იმას ნიშნავს, - ადვილი გამოსაცნობია, - რომ ადრე ეს ადგილი ეკუთვნოდა ჭაჭიკოს და ახლა ან სხვას ეკუთვნის, ან არავის. ყოველ შემთხვევაში ჭაჭიკოს აღარ ეკუთვნის. 

ახლა შეკითხვა სხვაგვარად დავსვათ: როდის დაერქვა ასეთი ორიგინალური სახელები ადგილებს? (ცხადია, ასეთი სახელები მარტო ჩემს სოფელში არ არის და მოფენილია მთელი საქართველო.) შევეცადოთ პასუხის გაცემას. როდესაც ყრუ მურვანმა ააოხრა მე-8 საუკუნეში საუკუნეში ქართული სოფლები... თუ როდესაც სისხლიან მე-15 საუკუნეში თემურ ლენგის ლაშქრობების შემდეგ აიყარა ხალხი და მიატოვა თავიანთი საცხოვრებლები? თუ შაჰ-აბასმა რომ გადაასახლა ბნელ მე-17 საუკუნეში ათასობით ქართველი, მათ ნასახლარებს დაერქვა? 

არა, ცხადია. ეს სახელები გაჩნდა განათლებულ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც კაციჭამია ბოლშევიკები ჯერ საქართველოში შემოიჭრნენ და შემდეგ ქონება ჩამოართვეს ხალხს. 

(მცირე ისტორიული რემარკა: 20-30-იან წლებში ბოლშევიკებმა ხალხის მტრებად გამოაცხადეს მდიდარი თავადაზნაურობა და შეძლებული გლეხები, ე. წ. კულაკები და დაიწყეს მათთვის ქონების წართმევა. ამ პროცესს ქართული ენის მიხედვით განკულაკება ანუ კულაკობის მახასიათებლისგან მოშორება უნდა დარქმეოდა. მაგრამ ხალხმა მას „გაკულაკება“ დაარქვა, რადგან იმდენი ოჯახი გამოაცხადეს და იმდენს ჩამოართვეს ქონება, რომ ხალხი მიხვდა, რომ ჯერ „კულაკის“ სახელს აწებებდნენ ადამიანებს და შემდეგ ართმევდნენ საკუთარი ოფლით მოპოვებულ ქონებას. ეს სიხარბე ბუნებრივი პროცესი იყო, რადგან თუკი სახელმწიფო ყაჩაღად გადაიქცევა და „თავისი“ ქონების შევსებას კერძო მესაკუთრის ჯიბიდან გადაწყვეტს, შემდეგ ამ პროცესის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება და რაც უფრო მეტ ადამიანს წაღლეტს ქონებას, მით უკეთესი მისთვის.) 

რასაკვირველია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე და ანექსიამდე ხალხში ქონება არათანაბრად იყო გადანაწილებული - ზოგს მეტი ჰქონდა, ზოგს - ნაკლები, ზოგს კი არაფერი გააჩნდა და დღიური ლუკმა-პურის გამომუშავებაზე მუშაობდა.  სწორედ ამაზე აპელირებდნენ ყაჩაღი ბოლშევიკები - მდიდრებს უნდა ჩამოვართვათ და სახელმწიფოს გადავცეთ, რათა სახელმწიფო ღარიბებს უკეთ დაეხმაროსო (ხომ არაფერს გაგონებთ?!). 

(კიდევ ერთი გადახვევა: დღეს აღარ არის ცოცხალი ის ხალხი, ვისაც 20-30-იანი წლები ახსოვს. გარდა იმისა, რომ ეს იყო სისხლიანი ტერორის, ადამიანთა მასობრივი გადასახლებისა და დახვრეტების წლები, ამავე დროს იყო საშინელი სიდუხჭირის პერიოდი. კაციჭამია რუსმა ბოლშევიკებმა, სტალინის მეთაურობით, ფაქტობრივად, საშიმშილოდ გაწირეს მილიონობით ადამიანი. დღეს ვინც ცოცხალია, იმათ ახსოვთ, როგორ ამოვიდნენ 40-იანი წლების სიდუხჭირიდან 70-იან წლებში და ერთგვარად უზრუნველი სოციალური პირობები შეიქმნეს, რასაც ფაქტობრივად 40 წლიანი შიმშილისა და ტერორის წლები უძღვოდა წინ. ანუ როდესაც საბჭოთა კავშირს მისტირის ზოგიერთი, ის მისტირის უზრუნველ 70-80-იან წლებს, თუმცა მაშინაც საშინელი დეფიციტისა და უნახაობის ხანა იდგა, - შაქარი და კარაქი ტალონებზე იყიდებოდა და ხარიხიანი ჩასაცმელი არ იშოვებოდა.) 

დავუბრუნდეთ ჩვენს პალიასოულსა და ჭაჭიკოსოულ ადგილებს. ამ ადგილების გარკვეული ნაწილი ისევ ხალხს დაურბუნა 1992 წელს სიგუას დროებითმა მთავრობამ. მაგრამ სახელმწიფოს ხელში არსებული უდიდესი ქონება კვლავ სახელმწიფოს ხელში დატოვა და ასე რჩება დღესაც. ეს ქონება არის განუზომელი და შეუფასებელი სიმდიდრე, რომელსაც კონკრეტული პატრონი არ ჰყავს და სახელმწიფო ხან ვის აჯიჯგნინებს მას და ხან ვის. მარტივი გამოსაცნობია, ვინ იქნებიან ეს მჯიჯგვნელები? ისინი, ვინც ხელსაყრელად მოაჯდებიან რაიმე ბიუროკრატიულ თანამდებობას და ბოლშევიკური მაქინაციებით გამოწოვენ, გამოხრავენ ამ ქონებას. 
ეს ბიუროკრატები უკიდურესი დემაგოგიით მოგიბრუნდებიან და შემოგეტლიკინებიან: როგორ, ტყეები და წიაღისეული სახელმწიფოს საკუთრება თუ არ იქნება, აბა ვისი საკუთრება უნდა იყოს?! არა და სწორედ ამ დემაგოგებისა და ბოლშევიკი ყაჩაღების ხელში რჩება, ფაქტობრივად, ეს ქონება და როცა უნდათ ტყესაც მშვენივრად კაფავენ და წიაღსაც ყაჩაღურად იღებენ მიწიდან თუ ზეაღიდან (ჰაერიდან მიღებულ სასარგებლო ენერგომატარებლებს ზეაღი დავარქვათ.). 

ვისი უნდა იყოს და კონკრეტული საქართველოს მოქალაქეების საკუთრება უნდა იყოს! 

მტკაველ-მტკაველ უნდა აიზომოს საქართველოს მთა და მდელო და დანაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე. კი, კი, მთა და მდელო - თავისი მდინარეებითა და ტბებით, ტყეებითა და უდაბნოებით, გზატკეცილებითა და გზებით, ჰაერითა და მიწით. აიზომ-გაიზომოს და დანაწილდეს, რასაკვირველია, სამართლიანად და პროპორციულად, საქართველოს მოქალაქეებზე. 

სანამ იმას ვიტყოდეთ, თუ რა მოხდება ამ დანაწილების ანუ მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნებით, ჯერ ის აღვნიშნოთ, თუ რა არ მოხდება. 

ისევ შუქრუთის მაგალითზე გეტყვით, რა არ მოხდება: ჩემი ვენახის ბოლოს რომ ტყეა, აღარ მოადგება ექსკავატორი და აუტანელი ღრჭიალ-ღჭიალით არ დაწყებს იმ ტყის განადგურებას და იქიდან მანგანუმის ამოღებას, შემდეგ იმის გაყიდვას, ერთეულების გამდიდრებას და ჭიათურის ბიუჯეტისთვის სამარცხვინოდ მცირე თანხის გადახდას. იმ ტყეს და ადგილს ხომ ეყოლება კანონიერი მფლობელი საქართველოს მოქალაქეები და იმ მოქალაქეების ნებართვის გარეშე ფოთოლს ვერ ჩამოაგდებს იმ ხიდან. 

და დღეს დუჟმორეული დემაგოგები გამოდიან და ურცხვად აყრიან ხალხს ნაცარს თვალებში, წიაღისეული რომ სახელმწიფოს ხელში არ იყოს, დაიქცევა და გაიყიდება ჩვენი კარგი ქვეყანაო... მათი კარგი... ქვეყანა. 
მეტი რაღა უნდა დაიქცეს, რაც ჩემი ვენახის ბოლოს მდებარე ტყე იქცევა და ჩანაგდება?! 

ვფიქრობ, გასაგებია, თუ როგორ წარიმართება პროცესები, თუ თითოეულ მტკაველს საკუთარი მეპატრონე ეყოლება. 

...რასაკვირველია, დანაწილების პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, პროპორციულად. ამ მექანიზმების სხვადასხვაგვარი ვარიანტის მოფიქრება და შემუშავებაა საჭირო. ცხადია, ამაზე აქ ვერ ვისაუბრებ და ამაზე მუშაობა დაიწყება მაშინ, როდესაც "გირჩის" იდეა ქონების ხალხისთვის დაბრუნების შესახებ ხორცს შეისხამს და საქართველოს ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ მას.

 ახლა სხვა რამე უნდა ვიკითხო: თქვე კაი ხალხო (გირჩს მიმართავს შუქრუთელი გლეხი, და ასეთი გლეხი და მუშა ასიათასობითაა საქართველოში.), თუკი ასეთი ღვთისნიერი და ხალხის გასამდიდრებელი იდეა გაქვთ, რომელიც სახელმწიფოს გამაძლიერებელიც იქნება, რას გადაგვაყოლეთ ამ მარიხუანასა და გასაბერ ეკლესიებს?! 
რა პასუხი აქვს ამაზე გირჩს?! ერთადერთ პარტიას, რომელიც  სახელმწიფოსგან პარტიების დაფინანსების წინააღმდეგია და რომელიც საკუთარი მხარდაჭერების დაფინანსებითა და გონივრული პროექტებით არსებობს, რა პასუხი აქვს ამაზე?! 

პასუხი მარტივია: შენ შუქრუთელო გლეხო და კიდევ ასიათასო ქართველო გლეხო და მუშავ, მანამ, სანამ ადამიანის ციხეში გაშვების წინააღმდეგი არ იქნები იმის გამო, რასაც შენ ანდა შენი ოჯახის წევრი აკეთებს და ამ გაკეთებულით სხვას არავის არ ვნებს (მარიხუანის მოხმარებასა და მის მოყვანას ვგულისხმობ.), მასეთ გაჭირვებაში იქნები. 

სხვა პასუხიცაა: მანამ, სანამ ახალგაზრდა მამაკაცების  საყარაულოში იძულებით წაყვანის წინააღმდეგი არ იქნები, ყოველთვის მოვა და მოატიტვლებს შენი ვენახის ბოლოს ტყესა და ველს სახელმწიფო, შუქრუთელო გლეხო და ასიათასობით ქართველო გლეხო და მუშავ! 

P. შ. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გახდნენ საკმაოდ მსუყე ქონების მფლობელები, საიდანაც ისინი სოლიდურ და სისტემატურ შემოსავალს ღებულობენ (და ეს რეალურია!). წარმოიდგინეთ?! ახლა წარმოიდგინეთ რუსი მოდერნიზებული ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების რექციები ამ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ? 

გიორგი ჭაუჭიძე
ჭიათურა, შუქრუთი
2020 წლის 8 თებერვალი
 

კომენტარები