სიახლეები

ქილების შემგროვებელი რობოტის ევოლუცია ( ანუ რაში არ ვეთანხმები ლომინაძეს 1.)

ყველამ ვიცით, რა არის ევოლუცია - თაობიდან თაობამდე ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციის თვისებების ცვლილება, რომელიც დროთა განმავლობაში ამ ორგანიზმის გარემოზე უკეთ მორგებას იწვევს. ევოლუციას სამი მექანიზმი ამოძრავებს:

  1. ბუნებრივი გადარჩევა - ე.წ. ძლიერის გადარჩენა

  2. წარმატებულის შთამომავლობის მრავალრიცხოვნება - ანუ ის, რომ კარგ ტიპს მეტი გამრავლებისა და თავისი შთამომავლობის გამოზრდის მეტი შანსი აქვს.

  3. შეჯვარება და მუტაცია - გენებში მცირე შემთხვევითი ცვლილება რომელიც მრავალფეროვნების გარანტია და იმისათვისაა საჭირო, რომ ოდესმე ყველა ინდივიდი იდენტური არ გახდეს და ევოლუცია ჩიხში არ შევიდეს.

ევოლუციური მექანიზმები არამარტო ბიოლოგიაში მუშაობს, არამედ, მაგალითად, ბიზნესში. სწორედ ესაა კაპიტალიზმის მთავარი უპირატესობა. გეგმური ეკონომიკისგან განსხვავებით კაპიტალისტურ სისტემაში უამრავი ფირმა და საწარმო იქმნება, ერთდება, იყოფა, კოტრდება და საბოლოოდ რამდენიმე აღწევს წარმატებას. ეს უწყვეტი ციკლია, რომელიც კაცობრიობის პროგრესს ამოძრავებს. გეგმირი ეკონომიკა ამ პროცესს საგრძნობლად ანელებს და აჩერებს, რადგან ზემოთჩამოთვლილ სამივე ფაქტორს თითქმის თიშავს. იგივე სენი სჭირთ სახელმწიფო ორგანიზაციებს.

ევოლუციას ექვემდებარებიან საზოგადოებრივი სისტემები და რელიგიებიც კი. ამიტომ ჩაანაცვლა მიწათმოქმედებამ შემგროვებლობა, ამიტომ აჯობა ინდუსტრიალიზაციამ ფეოდალიზმსა და მონათმფლობელობას. ამიტომ მოიპოვეს პოპულარობა მონოთეისტურმა რელიგიებმა და ა.შ.

ქილების შემგროვებელი რობოტი რობი

დღესდღეობით ევოლუციური ალგორითმები კომპიუტერულ სამყაროშიც ფართოდ გამოიყენება, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ნეირონული ქსელების დასახვეწად. ეს მიდგომა ახალი არ არის. ამასწინათ ჩემი ყურადღება ერთმა 1980-იანი წლების პუბლიკაციამ მიიპყრო.

http://modelai.gettysburg.edu/2016/robby/Chapter9_Complexity.pdf

ამ სტატიაში აღწერილია როგორ შექმნა მარტივი თამაშის პროგრამა ადამიანმა კი არა, არამედ როგორ შეიქმნა იგი თავისით, ევოლუციური მექანიზმების გამოყენებით. ანუ გვაქვს რაღაც თამაშის წესები, ოღონდ რობოტმა არ იცის, როგორ ითამაშოს სწორად და წარმატებულად. ყოველ შეცდომაზე მას აკლდება ქულა, წარმატებაზე ემატება: 

  1. იწყებენ, მაგალითად, 200 სრულიად შემთხვევითი აბდაუბდა პროგრამით. 

  2. 200-ივეს ათამაშებენ ამ თამაშის 100 პარტიას. ნახულობენ რა ქულას აგროვებს ესა თუ ის პროგრამა,

  3. იღებენ ყველაზე წარმატებულებს, დანარჩენებს „კლავენ“, 

  4. ამ წარმატებულებს აჯვარებენ ერთმანეთთან. 

  5. უკეთებენ ერთ-ორ შემთხვევით მუტაციას და ისევ ათამაშებენ.

ეს არის ერთგვარი პროგრამების შეჯიბრი. შედეგად, გამოდის პროგრამა რომელიც ოპტიმალურად თამაშობს.

გასაგებია, მაგრამ ამ სტატიაში გასაოცარი შემდეგი რამაა: ავტორებს უნდოდათ გაეზომათ რამდენად კარგად მუშაობს ევოლუციური ალგორითმი. პოულობს თუ არა ის ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას? ჰოდა, ამის დასადგენად აიღეს და მათემატიკოსებს გამოათვლევინეს „the best possible“ - საუკეთესო შესაძლებელი ვარიანტი. მათემატიკოსებმა თვალეს, თვალეს და დაადგინეს, რომ აი ყველაზე მაგარი ჰიპოთეტური სუპერ პროგრამა შეაგროვებდა 500 ქულას.- ოქ, ახლა გაუშვეს ევოლუციური ალგორითმი, რომ ენახათ რამდენად ახლოს მივა 500-ქულასთან. გამოირკვა, რომ რამდენიმე ათასი თაობის შემდეგ ევოლუციურად გამოყვანილი ალგორითმი 500-ს მიუახლოვდა და ჰოი საოცრებავ, საგრძნობლად გადააბიჯა კიდეც. 

გაუკვირდათ, დაიწყეს გამოკვლევა და გაირკვა, რომ ევოლუციის შედეგად, პროგრამამ ისეთი „ტრიუკი“ გამოიგონა, რომელიც მათემატიკოსებს აზრადაც არ მოსვლიათ.

(ამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს ამდაგვარი სისტემები და რა „ტრიუკების“ მოგონება ძალუძს რემოდენიმე ასობით ათასი თაობის შემდეგ კომპიუტერს )

ანუ ევოლუციურად მიღებულმა შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი აჯობა.

ევოლუციური მიდგომის ეს საოცარი თვისება დიდი ხანია აღმოაჩინეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიებმა. მაგალითისათვის Amazon-ი იმის ნაცვლად, რომ მოიფიქროს რამე ძალიან მაგარი და შეუდგეს იმის რეალიზაციას, მუდმივად აკეთებს პატარ-პატარა ცვლილებებს, დღეში რამდენიმე ათეულ ექსპერიმენტს და ზომავს მათ წარმატებულობას. უამრავი წარუმატებელი ცვლილება გამოსდით, რომელსაც ისევ აუქმებენ, წარმატებულს კი ტოვებენ, ასე მიიწევენ წინ ნელ-ნელა.

ვისაც რაიმე თანამედროვე პროექტში ან ტექნოლოგიური კომპანიაში უმუშავია, ეცოდინება, რომ გრძელვადიან გეგმებს არანაირი აზრი არ აქვს (ე.წ. ეჯაილ მიდგომა)

Agile პროგრამირების მანიფესტი

ჩვენ ვიღწვით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უკეთესი გზების აღმოსაჩენად, ვქმნით თავად პროგრამულ უზრუნველყოფას და ვეხმარებით ამაში სხვებს. აქ მოყვანილია ჩვენი ღირებულებები და პრინციპები.

აზრი არ აქვს, რაიმე დიადი შორი მიზნის დეტალურად გაწერას და იქითკენ სწრაფვას. საჭიროა გქონდეს ხედვა (ე.წ. Vision), ის უნდა იყოს ზოგადი და შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანიც კი. სამაგიეროდ, უნდა გქონდეს მუდმივი გაუმჯობესების პროცესი - ნაბიჯი წინ, მცირე ცვლილება, რეფლექსია: მივუახლოვდი ჩემს Vision-ს? თუ კი, მაშინ შემდეგი ნაბიჯი - წინ, თუ არა, ნაბიჯი - უკან და ა.შ. დროთა განმავლობაში, მიზანიც სულ უფრო მკაფიო ხდება და დამიჯერეთ, თითქმის ყოველთვის მიღწეული რამ დასახული მიზნისგან საგრძნობლად განსხვავდება, და ხშირად უკეთესიცაა ხოლმე.

დასკვნა

ეს არის პირველი პუნქტი, რომელშიც მე ლომინაძეს არ ვეთანხმები. სულ სამი პუნქტია. ამ პუნქტების გამო „ვერ ვიტან“ და არა იმიტომ, რომ „დაბლოკვაზე დავიბოღმე“.

ვინ არის ლომინაძე, რომ მოსოციალისტურო-მოდიქტატურო პოსტსაბჭოთა რეალობიდან ანარქოკაპიტალიზმის უტოპიაში დაგვატელეპორტიროს? 

საიდან იცის როგორი იქნება ჯარი, პოლიცია, სასამართლო, აბორტი თუ შმაბორტი?

არც მან იცის და არც ჩვენ ვიცით. მე ვაღიარებ, რომ არ ვიცი და ამიტომ ამ თემებზე მაქსიმუმ ვიფილოსოფოსო, ვიოცნებო. სრული თავისუფლება შეიძლება იყოს ჩვენი საერთო Vision-ი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. შეგვიძლია მეგობრულად ვიოცნებოთ და ვიდავოთ დეტალებზე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იქამდე მისასვლელად გრძელი ევოლუციური გზაა გასავლელი - სავსე ექსპერიმენტებით, წარმატებებითა და შეცდომებით. მნიშვნელოვანია ყოველი ნაბიჯის შემდეგ დავფიქრდეთ იმაზე, ამით ჩვენს Vision-ს ვუახლოვდებით თუ ვშორდებით.  დავგეგმოთ შემდეგი მცირე ევოლუციური მიზანი და ბოლოში სად ამოვალთ, მაგას დრო გვიჩვენებს და არა ლომინაძე.

P.S.

მე მჯერა ევოლუციის, იმისაც, რომ ევოლუცია იმაზე უკეთესს მოიტანს ვიდრე მე, თქვენ და ლომინაძეს დღეს საერთოდ წარმოგვიდგენია... და ვინც კიდე ჩემსავით აბსოლუტურად თავისუფალ საზოგადოებაზე, ანარქიასა და მომავალზე ოცნებობთ, მანამდე ძალზე გირჩევთ ფანტასტიკის Cyberpunk-ის კლასიკას, ნილ სტეფენსონის რომანს Snow Crash. ამ წიგნმა, რომელიც ჩემმა ძვირფასმა ამერიკელმა მეგობარმა ფრენკმა თავის დროზე მირჩია,  შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა.

ავტორი: გიორგი მამალაძე

კომენტარები