სიახლეები

160 Views

2020 ის გადამწყვეტი წელია, როცა ჯერ კიდევ შეგვიძლია დავიცვათ თავისუფლება - იაგო ხვიჩია

ჩვენ ახლა ან ეს წელი გვაქვს, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ კალაპოტში და ჩამოვწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა, ან მივეშურებით შუა აზიისკენ.

იაგო ხვიჩიამ ტვ პირველზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით პატრიოტიზმი სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებსა და იმის ძახილში კი არ უნდა გამოიხატებოდეს, როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თავისუფლება, არამედ უნდა გვესმოდეს, რომ 2020 წელი ის ეტაპია, როცა ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავისუფლება. ხვიჩიას აზრით, ამაში მედიის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაღა დაგვრჩა, სხვა მხრივ კი საბჭოთა ქვეყანა გვაქვს.

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ წუთას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრში არავის არ ენდობა. ყველას ისე ველაპარაკები, რომ არავის არ ვენდობი და სხვასაც მოვუწოდებ, რომ ჩემი ნდობაც არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ძალაუფლება იარსებებს სადღაც კონცენტრირებული. "ბეჭდების მბრძანებელში" რომ ბეჭედია, ხელზე რომ მოირგებ და აგიჟებს ადამიანებს, ასეთი სისტემა გვაქვს. ამ სისტემის თავში მიხეილ სააკაშვილს დასვამ, ბიძინა ივანიშვილს თუ ვიღაცას თავის დროზე, ეს საბოლოო ჯამში მის გაგიჟებას იწვევს.

ჩემი გუნდის პოლიტიკური ამოცანაა და ზოგადად ამ საარჩევნოდ, იმ თამაშში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც მეტყვის, რომ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა უბრალოდ ვერ იარსებებს. მიხეილ სააკაშვილი და იაგო ხვიჩია, ბიძინა ივანიშვილი ან მამუკა ხაზარაძე კი არ დაჯდება, ბუნებაში არ იარსებებს სისტემა, რომლის თავზეც შეიძლება ვინმე დაჯდეს. ჩვენ ამ ამოცანას სანამ არ გადავწყვეტთ, სანამ არ დავანგრევთ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას აგურ- აგურ და მერე არ ავაშენებთ ახალს მის ნაცვლად, მანამდე ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანი, შეიძლება მოვიდეს და გაგიჟდეს. ადამიანი რომელიც იძახდა, ქვეყანაში ევროპის გასაოცარ დემოკრატიას ავაშენებ (მგონია, რომ გულწრფელი იყო, როცა ამას ლაპარაკობდა), ახლა ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, გამოდის ტელევიზორით და პოლიტიკურ ლიდერებს ემუქრება, თქვენც დაგიჭერთ, ჩაგსვამთ ციხეშიო."

ხვიჩიას თქმით ეს არჩევნები იქნება შანსი იმისთვის, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომლის პირობებში მტრებს თავიანთი მტრების დაჭერა ლაპარაკის გამო არ შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ორპუნქტიან გეგმაზე თანამშრომლობს, რომელიც სისტემის დაშლას, დეცენტრალიზებულ  ძალოვან სტრუქტურებსა და რესტიტუციას (მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას) გულისხმობს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები