სიახლეები

მაჩალიკაშვილის საქმეს დავიწყება არ უწერია ამ ქვეყანაში - იაგო ხვიჩია

მე მჯერა, რომ საქართველოში ვერც ერთი შემდეგი ხელისუფლება ვერ გაექცევა მაჩალიკაშვილის საქმეს. მინდა მას მხნეობა ვუსურვო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, დაიწყებს მაჩალიკაშვილის საქმით. ისევე როგორც გირგვლიანის საქმეს, მაჩალიკაშვილის საქმეს დავიწყება არ უწერია ამ ქვეყანაში.

იაგო ხვიჩიამ "გირჩის აზრში" მაჩალიკაშვილის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობამ ამ ადამიანების სიცოცხლეშივე იზეიმოს და გირგვლიანის დედის ბედი არ გაიზიაროს მაჩალიკაშვილების ოჯახმა. 

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, სამართლიანობის აღდგენა დიდი ალბათობით მალე მოხდება, რადგან შეუძლებელია ერმა ასეთი უსამართლობების კასკადი, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს და რომელიც გადაგდებით დამთავრდა, აიტანოს და ამას შეეგუოს.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა. ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა შენობაში დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

სიტყვიერი დაპირისპირებისას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.

მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა დასახელდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები