სიახლეები

125 Views
პოლიტიკა

გირჩის მიმართვა ქორწინების თემასთან დაკავშირებით

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

როგორც ახლადარჩეულ დეპუტატთა ნაწილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნეს, ერთ-ერთი საკითხი, რის გადასაწყვეტადაც ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებენ, არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება ქორწინების განმარტება, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი - ოჯახის შექმნის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია გირჩის პოზიცია ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით. ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს, რა არის ოჯახი.

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ოჯახს მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს არქმევს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე, არასწორია და პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის.

კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში, მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება მაშინაც კი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე.

ასეთი ცვლილებით, ქართველი ერი, მისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით, დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის, რის უფლებას აძლევს თავს, როგორც კოლექტივი, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან მიმართებაში.

ხალხის ნება შესაძლოა იყოს დაფუძნებული ემოციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, თავადაც მცდარად მიიჩნიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ყოველმხრივ არიდებენ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ მათი პოზიცია იყოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და ორაზროვანი, რაც ხელისუფლებას მსგავსი მავნებლური და პოპულისტური ცვლილების განსახორციელებლად დამატებით სტიმულს აძლევს.

ამ მიმართვის ადრესატია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელი ქართული ოცნება, ზომით მეორე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიის, როგორც იდეის, დიაგნოზი - პატრიოტთა ალიანსი და ყველა, ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე.

გირჩი მოუწოდებს მათ ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა, პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო.

კომენტარები