540 Views
მართლმსაჯულება

ექვსთვიანი პატიმრობა 300 გრამი თევზისთვის

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 32 წლის კაცს უკანონო თევზჭერისათვის 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, მამაკაცმა “დანაშაული” ხარაგაულის ტერიტორიაზე ჩაიდინა, ხოლო მის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა 4 ლარი და 57 თეთრი შეადგინა.

კანონი ითვალისწინებდა ჯარიმას, პირობით მსჯავრს და პატიმრობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მაქსიმალური სასჯელი შეეფარდა. თვითონ პროკურორი იყო გაოცებული, ამგვარ დანაშაულზე ასეთი სასჯელი არავისთვის შეუფარდებიათო. ვაპირებ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას

- ამბობს ადვოკატი

უკანონო თევზჭერაში ბრალდებული კაცი მოსამართლე ზურაბ ბალავაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პატიმრობის გარდა, მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, კანაფის კულტივაციაში ბრალდებულ ავთო მეტრეველს ლეგალური მცენარის მოყვანისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

"გირჩი" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მიმართოს, რადგან თუ კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაშინ ლოგიკურია, რომ არსებობდეს ამ მცენარის მოპოვების კანონიერი გზა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები