სიახლეები

ცუდია თუ არა კანონის დარღვევა?

ავტორი: ლარქინ როუზი

ცუდია თუ არა კანონის დარღვევა?

დაფიქრების გარეშე, თითქმის ყველა პასუხობს ხოლმე "კი" (თუმცა, ასევე თითქმის ყველას შეუძლია მოიფიქროს გამონაკლისები). მიაქციეთ ყურადღება, რომ კითხვა არ ამბობს, თუ რა არის კანონი: "კანონი" მკვლელობის წინააღმდეგ თუ "კანონი", რომელიც მოითხოვს, რომ ლიცენზიის ფირფიტაზე პატარა სტიკერი გქონდეს მიკრული. კითხვა, ზოგადად, "კანონის" შესახებაა: ცუდია თუ არა, რომ არ დაემორჩილო "მთავრობის" ოფიციალურ ბრძანებებს?

ტერმინები "კანონმორჩილი მოქალაქე" და "კანონდამრღვევი" - პირველი, პოზიტიური კონოტაციით და, მეორე, ნეგატიურით - გვიჩვენებენ რამდენად ვცემთ თაყვანს "კანონს", როგორც ასეთს. მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც "კანონის" მორჩილებაზე ვსაუბრობთ? მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ პოლიტიკოსების ნაჯღაბნზე ვლაპარაკობთ.

პოლიტიკოსების გუნდი დაჯდა ერთად, დაწერა რაღაც ბრძანება - რომელიც ან რაიმეს გაკეთებას მოითხოვს ჩვენგან, ან რაიმეს გაკეთებას გვიკრძალავს - და რაღაც სასჯელით დაგვემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ამ ბრძანებას არ დავემორჩილებით. ყოველი ასეთი "კანონი" ძალადობის მუქარაა: თუკი ისე არ მოიქცევი, როგორც გეუბნებიან, ან შენს საკუთრებას წაგართმევენ, ან შენ გამოგკეტავენ სადმე. ეს არ არის შეთავაზება ან თხოვნა; ეს არის ბრძანება, რომელსაც ძალის გამოყენების მუქარა უმაგრებს ზურგს.

ის, ვუწოდებთ თუ არა რაიმეს "კანონს", არ არის დამოკიდებული არც ბრძანების ბუნებაზე, და არც იმაზე, თუ რის შესახებაა ის. რამდენადაც ეს ბრძანება საკანონმდებლო პროცესის შედეგადაა შექმნილი, ჩვენ მას "კანონს" ვუწოდებთ, და ისე ვეპყრობით - იშვიათი სიტუაციების გარდა - როგორც რაღაცას, რასაც უნდა დავემორჩილოთ.

კი, მაგრამ - რატომ? როგორ შევიძინე მე ვალდებულება, რომ დავმორჩილდე ნებისმიერ ბრძანებას, რომლის შეთხზვაც კი ამ კვირაში ამაზრზენი პოლიტიკოსებს გუნდს მოეპრიანა? როგორ შეიძლება დედამიწის ზურგზე ვინმემ თქვას, რომ "კანონის" მორჩილება კარგია, იმის ცოდნის გარეშე, თუ რაში მდგომარეობს მოცემული "კანონი"? რანაირად შეიძლება, რომ ბრძანების დამორჩილება თავისთავად კარგი იყოს, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, თუ ვინ შექმნა ეს ბრძანება, და არა იქიდან გამომდინარე, გამართლებულია თუ არა ის?

მანამდე მე ვლაპარაკობდი გამართლებულ თავდაცვით ძალაზე და ძალადობის გაუმართლებელ წამოწყებაზე. ე.წ. "კანონები" ყოველთვის ძალის მუქარას წარმოადგენენ, მაგრამ ისინი თანაბარი წარმატებით შეიძლება იყვნენ როგორც გამართლებულ, ისე გაუმართლებელ კატეგორიაში. მაგალითად, მე გამართლებულად მიმაჩნია შემდეგი მუქარა: "თუკი შენ ჩემი მანქანის მოპარვას შეეცდები, ცხვირში მოგხვდება". მეორე მხრივ, "მომეცი შენი მანქანა, თორემ ცხვირში მოგხვდება" გაუმართლებელი მუქარაა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ორივე ეს მუქარა საკანონმდებლო პროცესის შედეგად ძალიან ადვილად შეიძლება იქცეს "კანონად".

კვლავაც, ეს მარტივი ჭეშმარიტება არაკომფორტულია ხალხისთვის: ან პოლიტიკოსებს რაღაცნაირად შესწევთ უნარი, რომ მორალურობა გამოაფხიზლონ, ან მათი "კანონები" საერთოდ არ იმსახურებენ რაიმე პატივისცემას. ან მათ შესწევთ უნარი, კანონმდებლობის გზით, რომ თავისთავად გაუმართლებელი მუქარა გამართლებულ მუქარად აქციონ, ან მათი კანონმდებლობა არ ცვლის იმას, თუ რისი გაკეთებაა სწორი (რელიგიათა უმრავლესობაში, თვით ღმერთიც კი არ ამტკიცებს იმას, რომ შეუძლია ნებისმიერ დღეს შეცვალოს, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი. როგორც ჩანს, პოლიტიკოსები ღმერთს ჯობნიან).

მოკლედ, "კანონის" პატივისცემა სრული სიგიჟეა. იმ ფაქტს, რომ მუქარამ საკანონმდებლო პროცესი გაიარა, საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, ეს მუქარა გამართლებულია თუ არა, ან იმასთან, ვინმე ვალდებულია თუ არა, რომ შესაბამის ბრძანებას დამორჩილდეს. არავითარი. არანაირი. ნულოვანი.

მკვლელობის მორალურობა არ იცვლება იმის მიხედვით, "ლეგალურია" თუ არა ის. ქურდობის მორალურობა არ იცვლება იმის მიხედვით, "ლეგალურია" თუ არა ის. გაზონის გასაკრეჭად ბავშვის დაქირავების მორალურობა არ იცვლება იმის მიხედვით, "ლეგალურია" თუ არა ეს. ლუდის დალევის, კანაფის მოწევის, ჩიზბურგერის შეჭმის, მანქანის ტარების, რესტორნის გახსნის, სიმღერის მღერის, მოედნის აშენების, კურდღლისთვის სროლის, იარაღის ყიდვის, ვინმესთვის ქუდის მიყიდვის, ან საკუთარი მეზობლის მოკვლის და შეჭმის მორალურობა არ იცვლება იმის მიხედვით, "ლეგალურია" თუ არა ეს ყველაფერი.

სხვა სიტყვებით, ის, რასაც თითქმის ყველა "კანონს" ეძახის, საერთოდ არ იმსახურებს რაიმე პატივისცემას. შენ ამ ბრძანებების უნდა გეშინოდეს, რადგან მათ ძალადობის ძალიან რეალური მუქარა უმაგრებს ზურგს - ძალადობის, რომელსაც ის ადამიანები განახორციელებენ, რომლებიც "უბრალოდ, ბრძანებას ასრულებენ" და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხელისუფლების რწმენა გააჩნიათ - მაგრამ შენ არა გაქვს რაიმე მორალური ვალდებულება, რომ დამორჩილდე (მკვლელობისგან თავის შეკავების მორალური ვალდებულება იმ ფაქტიდან კი არ გამომდინარეობს, რომ ამას "კანონი" კრძალავს, არამედ იქიდან, რომ ეს აქტი სხვის უფლებებს ლახავს). ამდენად, როგორც ასეთი, კანონის დარღვევა ცუდი არ არის, და არც, როგორც ასეთი, კანონის მორჩილებაა კარგი.

მსგავსი კონცეფციები - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსჯელობის ძალიან მარტივ, ბაზისურ, და თვით-მტკიცებულებად ხაზებს ეფუძნებიან - ადამიანების უმრავლესობის თავების გასკდომას იწვევენ. ჩვენ იმდენად ვართ გაწვრთნილები, ხელისუფლებას ქედი ვუხაროთ, რომ როცა ვინმე საწინააღმდეგოში გვარწმუნებს, ინდოქტრინებული გლეხუჭების უმრავლესობა რეფლექსურად შოკით და შეძრწუნებით რეაგირებს ამ შეთავაზებაზე. თუკი "კანონს" არ დავემორჩილებით, ქაოსი იქნება! ვითომ, რატომ? რა დაშავდებოდა, თუკი ადამიანები პატივს სცემდნენ ინდივიდუალურ უფლებებს, და არა - პოლიტიკოსების ნაჯღაბნებს? იფიქრე ამაზე, და ნახე, თუ შეძლებ, რომ რაციონალური გამართლება მოუძებნო კაცობრიობის მიერ ხელისუფლების თაყვანისცემას და თავისუფლების შიშს.

იმას, "კანონის" მუქარა გამართლებულია თუ არა, ასევე არ განსაზღვრავს ის, "კანონი" კონსტიტუციურია თუ არა. ქაღალდის ორი ფურცელი - კონსტიტუცია და მოცემული კანონი - ვერ აქცევს ამორალურ ძალადობას გამართლებულ ძალად იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამის გაკეთება ქაღალდის ერთ ფურცელს შეუძლია.

თარგმანი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები