სიახლეები

307 Views
პოლიტიკა

20/30 იანელები ფონდ "ქართუს" თანამშრომლობას სთავაზობენ

მოძრაობა 20/30 იანელები ფონდ "ქართუს" თანამშრომლობას სთავაზობენ. დღეს მათ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის სახელზე განცხადება შეიტანეს. 

20/30 იანელებს მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რასაც ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ უამრავი სიმართლის დამცველი გვერდის გაუქმება მოჰყვა, ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ, ისინი, როგორც ივანიშვილის უპირობო და ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერები, საკუთარ თავზე იღებენ ამ ადამიანის ღირსების დაცვას სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ:

ფეისბუქის ადმინისტრაციამ, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი საქართველოს მტრების მიერ, დაბლოკა და გააუქმა უამრავი ადამიანი და საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც სიმართლის მხარეს იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და ემსახურებოდნენ ერის მამას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვინდა განცხადება შევიტანოთ ფონდი დ"ქართუს" თავმჯდომარის სახელზე და თანამშრომლობა შევთავაზოთ მათ. რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჩვენ,მოძრაობა 20/30 იანელები პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველი და უპირობო მხარდამჭერი  სოციალურ ქსელში.

- ეს კომენტარი მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, საბა ყაველაშვილმა, განცხადების შეტანამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა. 

გთავაზობთ მოძრაობა 20/30 იანელების განცხადებას სრულად:

"ფონდი ,,ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარეს,
ბ-ნ ნიკოლოზ ჩხეტიანს

ბ-ნო ნიკოლოზ,

მოგმართავთ ორგანიზაცია 20/30-იანელები.

ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად გვაქვს გააზრებული ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელი როლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის გადარჩენასა და წინსვლაში.

ჩვენ გვესმის რა მასშტაბის დახმარებას უწევდა ის საკუთარ სამშობლოს დაწყებული 90-იანები წლებიდან, რა საფასურის გადახდა მოუწია მას როდესაც სააკაშვილის დესპოტური და უკიდურესად საშიში მმართველობის წინააღმდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში ფეხის შედგმა, და რამხელა ტკივილის ფასად უწევს ამჟამად ჩვენზე ზრუნვის გაგრძელება, როდესაც პრაქტიკულად ყველა ვითომ-თანამოაზრემ მიატოვა.

ისიც გვესმის რომ ფუნდამენტური, ისტორიული მნიშვნელობის მქონე საქმესთან შეჭიდება მხოლოდ ერთეულების, გენიალური ადამიანების ხვედრია, ისევე როგორც ამის შედეგად და პასუხად მიღებული მარტოობა.

ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ორგანიზაცია 20/30-იანელების შექმნა, რათა ერთი მხრივ ქართველებისთვის გვეჩვენებინა რომელია ქრისტეს გზა, ხოლო რომელი ბარაბასი,მეორე მხრივ კი,ბ-ნი ბიძინასთვის დაგვენახებინა რომ დღევანდელ საქართველოშიც ცხოვრობენ ადამიანები ვისაც ესმით მისი, ვისაც გათავისებული აქვს მისი სიდიადე და ვინც მთელი გულითა და სულით აფასებს მის ღვაწლს. ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს მცირედი, მაგრამ მაინც გარკვეული ნუგეში ამ ყველასგან მიტოვებული უდიდესი პიროვნებისთვის.

შექმნის დღიდან ჩვენ უკვე განვახორციელეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ (როგორც ბ-ნმა ბიძინამ ერთხელ მოხდენილად აღნიშნა - ,,საზოგადოების გაზრდისკენ”) მიმართული შემდეგი ღონისძიებები:
- ვაგროვებთ ხელმოწერებს,100 წლის შემდეგ ბ-ნი ბიძინას მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით
- არაერთხელ საჯაროდ დავუპირისპირდით ქართული ოცნების შიგნით გაბატონებულ ხუნდაძე-ბერაიას მოღალატეობრივ დაჯუფებას
- მოვაწყეთ მარათონი ჭორვილადან თბილისამდე
- და სხვა

უკანასკნელ დღეებში შექმნილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც კომპანია ფეისბუქის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი ბ-ნი ბიძინას მტრების მიერ, და რასაც შეეწირა სიმართლის დამცველი ათობით ადამიანის პროფილი და ასობით ფბ გვერდი თუ საინფორმაციო საშუალება,გადავწყვიტეთ შემდეგი წინადადებით მოგვემართა თქვენთვის:

ფონდის ქართუს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, ორგანიზაცია 20/30 აცხადებს სრულ მზადყოფნას, საკუთარ თავზე აიღოს ბ-ნი ბიძინას მტრების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში!

ყველას ვერ გაგვაჩუმებენ! სიმართლეს ვერ ჩაახშობენ!

თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ შეგხვდეთ რათა დეტალურად გავიაროთ თანამშრომლობის დეტალები.

პატივისცემით 20/30-ანელები."

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები