სიახლეები

283 Views
ეკონომიკა

აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნება - ნაწილი მე-7

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავისი ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოთა ციკლის მე-7 ნაწილში, "გირჩის მთავარ გეგმას, სახელმწიფო აქტივების ადამიანებისთვის დაბრუნებას ეხმიანება.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობაში, ყველაზე სწრაფი გამდიდრების გზა - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების მოქალაქეების ხელში და ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნებაა, საუბარია იმ მილიარდობით ღირებულების ქონებაზე, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ჩამოერთვა მოსახლეობას.

"საქართველოში აქტივები, პრაქტიკულად, სრულად სახელმწიფოს საკუთრებაშია -  ტყეები, წიაღისეული, სახელმწიფო კომპანიები, უძრავი ქონება, მიწების უდიდესი ნაწილი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს ამ აქტივებიდან სარგებელი არ გვაქვს, რადგან გამოთიშულია ეკონომიკური აქტივობიდან ან უარეს შემთხვევაში ზარალზე მუშაობს. მთელი ეს ქონება არის და ყოველთვის იყო, სხვადასხვა მთავრობების გამდიდრების წყარო. ჩვეულებრივად ჭამენ ამ ქონებას დროთა განმავლობაში. იმდენს ჭამენ ხოლმე, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებსაც ყოფნით მერე. რა შეიძლება იყოს ამ აქტივების ზუსტი ღირებულება არავინ არ იცის, მაგრამ შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ, დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ. 

მაგალითად, არსებობს გათვლები, რომლებიც აჩვენებს, რამდენია სხვადასხვა ქვეყანაში აქტივების ღირებულება, ამერიკულ დოლარში. აქტივებში, როგორც წესი, ითვლება სამი რაღაც - ეს არის ენერგომატარებლები (ნავთობი და გაზი), ხე-ტყე და მინერალები, იგივე წიაღისეული. ამ გათვლებით, მაგალითად რუსეთში, მოდის ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები, სინამდვილეში, რუსეთის თითოეული მოქალაქე არის ძალიან მდიდარი, მაგრამ ჩვენი არ იყოს, იქაც არ აძლევს სახელმწიფო ამ ქონებას და ამის გამო, ადამიანები საკმაოდ ღარიბად ცხოვრობენ რუსეთის უდიდეს ნაწილში. თუ ავიღებთ ჩინეთს, სადაც არ არის ნავთობი და გაზი და ამით ჩვენ მათ ვგავართ მეტ-ნაკლებად, ერთ სულ მოსახლეზე, ასეთი აქტივები გამოდის, 16 ათასი დოლარი, რომ წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო არის დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩინეთი, შეგვიძლია ვიანგარიშოთ, 16 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, თითოეულ ოჯახზე გამოდის დაახლოებით 60 ათასი დოლარი. ეს არის მინიმუმი. რომ შევადაროთ ჩინეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე არის ორ-ნახევარჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში, ანუ სავსებით რეალურია, რომ საქართველოში ერთ ოჯახს ჰქონდეს არა 60 ათასი, არამედ 150 ათას დოლარამდე.

სხვანაირი დათვლებიც არსებობს, მაგალითად ჩინეთში კვადრატული კილომეტრობითაც ანგარიშობენ. ჩინეთში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ მოდის 2.4 მილიონი დოლარის აქტივი, ეს არის ხე-ტყე და წიაღისეული, იმიტომ რომ ნავთობი და გაზი ჩინეთში არაა. ანუ, თუ ჩავთვლით, რომ  საქართველოშიც დაახლოებით იმავე რაოდენობის აქტივია, ერთ კვადრატულ კილომეტრზე - ერთ მოქალაქეზე გამოდის 36 ათასი დოლარი. ნებისმიერი დათვლით, ჩვენ არ ვართ ღარიბები, გვაქვს სიმდიდრე, უბრალოდ სახელმწიფოს ხელშია ეს სიმდიდრე და ჩვენ არ გვაქვს მისი გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის პრობლემა და არა ის, რომ მართლა ღარიბები ვართ."

ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ყველა ვინც 21-ე საუკუნეში, ამის განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს, ან სულელია, ან თაღლითი, ან უბრალოდ ჩახედული არაა ამ საკითხში. "გირჩის" ლიდერის თქმით, ტექნიკურ დეტალებზე, როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ეს ქონება ხალხს, მსჯელობა შეიძლება, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამაზე სწრაფი გამდიდრების გზა ბუნებაში არ არსებობს, სანამ ადამიანებს რეალური საკუთრება არ ექნებათ და ამ აქტივების, პრაქტიკულად, უმრავლესობა სახელმწიფოს ხელში იქნება, თავისუფალ ბაზარზე და ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკიც კი სისულელეა.

"ღარიბი მოსახლეობისთვის სწრაფი კეთილდღეობის მომტანი სხვა დაპირება არც კი არსებობს რეალობაში.  ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება დავუპირისპოთ ივანიშვილის ფულს. "- ამბობს ჯაფარიძე.

იხილეთ ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოთა ციკლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები