სიახლეები

20/30-იანელების მოწოდება: ჩავანაცვლოთ სალომე არჩილით!

მოძრაობა 20/30-იანელები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს პრეზდენტ ზურაბიშვილის პარლამენტის თავმჯდომარით, არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებენ. 

მათ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თუ დავაკვირდებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტობის შემდგომ ქცევას, დაკვირვებული თვალისთვის ნათელი და ცალსახა გახდება ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურია და ის ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. უფრო მეტიც, ის ყოველდღიურად ლაფში სვრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს, რომლის დაჟინებული მონდომებით იქნა არჩეული ქალბატონი სალომე, ქვეყნის პრეზიდენტად.

ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ცნობილია, თუ რამდენი გარჯა დასჭირდა და რამდენი კრიტიკის ატანა მოუწია ბატონ ბიძინას, რათა დამოუკიდებლობის მიღებიდან სამი ათწლეულის შემდეგ პირველად სრულიად დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი აგვერჩია.

არაფერს ვამბობთ იმ უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯზე, რომელიც ქველმოქმედმა გასწია, იმისთვის, რომ ქვეყანას ნამდვილი ევროპელი პრეზიდენტი ჰყოლოდა.

შეგახსენებთ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს გააკეთა სრულიად უანგაროდ, ქვეყნის სიყვარულით. მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ქალბატონი სალომე არ მიეკუთვნებოდა და არ განიცდიდა არც ერთი პარტიის (მათ შორის არც „ქართული ოცნების“) გავლენას. ეს იმთავითვე იყო ცხადი, როცა ქალბატონმა სალომემ, პენსიის გარდა, ყოველგვარ შრომის ანაზღაურებაზე თქვა უარი.

თუმცა, არჩევის მერე, პრეზიდენტი თითქოს გაგიჟდა, გაგვიფუჭა ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან, რის გამოც, ქართველ მორწმუნეებს აეკრძალათ დავით გარეჯის მონასტერში ლოცვა, შეიწყალა მკვლელები და ძებნაში მყოფი კრიმინალები.

ამას გარდა, ქალბატონი პრეზიდენტი, ყოველდღიურად არცხვენს ბიძინა ივანიშვილს, თავისი არაადეკვატური ქცევებით, რომელიც ხან რუსეთიდან მილიონობით ლარის ღირებულების ძველმოდური ავეჯის შეძენაში, ხოლო ხან მედიის, ან საერთოდაც ქართული ჯარის შეურაცხყოფაში გამოიხატება.
შეგახსენებთ, ქალბატონი სალომე სულ ერთი წელია რაც პრეზიდენტად აირჩია ქართველმა ხალხმა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბატონი ბიძინას რჩევით და მეცადინეობით) და მან უკვე მოასწრო, ამდენ უაზრო სკანდალში გაეხვია საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბატონი ბიძინა.

ქალბატონ სალომეს წინ კიდევ პრეზიდენტობის 5 წელი აქვს დარჩენილი და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანისთვის გასაგებია, თუ რა შეიძლება ჩაიდინოს კიდევ მან ამ ვადაში.

ასე გაგრძელება დაუშვებელია.

ჩვენ 20/30 -იანელები ვთვლით, რომ ქალბატონი სალომე, გაპრეზიდენტებამდე ასეთი არ იყო, ამიტომ, ბატონი ბიძინასთვის შეუძლებელი იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ პრეზიდენტის ტახტი მას ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანდა.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარე არ არის და როგორც გულწრფელი და ღია ადამიანი, ბატონი ბიძინა ამას თვითონაც აღიარებს.

სამაგიეროდ, ბატონი ბიძინა შესანიშნავად არჩევს პარლამენტის თავმჯდომარეებს (იხ. მოქმედი და წინა პარლამენტის თავმჯდომარეები), რომელთა ნაბოძები კონსტიტუციის (მუხლი 51) შესაბამისადაც პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.

რადგანაც ორივე, პრეზიდენტიც და პარლამეტის თავმჯდომარეც, ბატონი ბიძინას შერჩეული და აღსაყდრებულია და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. პირიქით, ჩირქს სცხებს ბატონი ბიძინას სახელს, ჩვენ, 20/30-იანელები მოვითხოვთ უარესის, უკეთესით ჩანაცვლებას.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მოწოდება ასეთია:

ჩავანაცვლოთ სალომე არჩილით! " - აღნიშნულია მოძრაობის წევრების განცხადებაში. 

თუ გინდათ, რომ დააფინანსოთ 20/30-იანელების აქტივობები, გადადით დაფინანსების გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და დააფინანსეთ ისინი.

20/30-იანელებისთვის თანხის გადარიცხვით, თქვენ ავტომატურად დაგერიცხებათ გირჩის ციფრული ვალუტა GeD.

კომენტარები