სიახლეები

არასდროს გვქონია ხელისუფლების შტო, რომელიც აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას დააბალანსებდა - მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის უბრალოდ გამოვლინება, ხატივით იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს მუდმივად. სააკაშვილამდეც გვქონდა, - მის დროსაც და ახლაც გვაქვს, უბრალოდ სისტემის ამ პრობლემასთან რომელიღაცა ადამიანები ასოცირდებიან ხოლმე.

ვახტანგ მეგრელიშვილმა "გირჩის აზრში" ორპუნქტიანი გეგმისა და მართლმსაჯულების სისტემის სრულ გადატვირთვაზე ისაუბრა.  მისი თქმით, ეს თავად სისტემის სახეა, რომელიც ყველა ადამიანს ისეთად აქცევს, რაც შემდეგ ყველა ხელისუფლების პრობლემა ხდება, რომელიც კი გვყოლია აქამდე. ადამიანები ხედავენ, რომ პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ეს ერთი ინსტიტუტია, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს:

ინსტიტუტი, რომელიც წესით, დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა იყოს ცალკე ხელისუფლება, რომელიც აბალანსებს, აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ეს შტო ჩვენს ქვეყანას არასდროს არ ჰქონია, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. 

ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, სწორედ ეს საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და ამაზე ყველა ოპოზიციურ ძალასთან სასაუბროა, რადგან იმ პირობებში, როცა ქვეყანა პოლიტიკური ცვლილებების ზღვარზე დგას და გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება, ამ პროცესებს მომზადებული უნდა შევხვდეთ, რათა იმავე სისტემამ არ გადაიბაროს მართლმსაჯულების ორგანოები:

"როდესაც ვსაუბრობთ, სააკაშვილსა და ივანიშვილზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და მათზე კონცენტრირდა ადამიანების უკმაყოფილება სისტემით. ჩვენ თუ ამ ცვლილებასაც ისეთივე მოუმზადებლები შევხვდებით, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ცუდ შედეგებამდე მივალთ. ცვლილება გარდაუვალია, უბრალოდ მნიშვნელოვანია როგორ მოხდება ეს."

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ დაიდოს ისეთი ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს სამართალდამცავი სისტემის, ერთი ადამიანის, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრაციას.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ყველას ესმის ეს პრობლემა, მხოლოდ მისი გადაჭრის გზები წარმოუდგენიათ სხვადასხვანაირად და ამაზეა შეთანხმება მისაღწევი.

"მთავარია ის იყოს გააზრებული, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ხელისუფლებაში, ეს სისტემა, თავად, დროთა განმავლობაში, მოახერხებს, რომ ალეკო ელისაშვილიც აქციოს მონსტრად და გრიგოლ გეგელიაც, თუ ამ სისტემის სათავეში აღმოჩნდებიან და სისტემა გადაწყვეტს, რომ მას მოერგოს, ანუ ეს სისტემა აქცევს იმ ადამიანებად, რომელიც მერე ჩვენ აღარ მოგვწონს. დარწმუნებული ვარ, რომ 2003 წელს, არც სააკაშვილი ფიქრობდა როგორ დაამთავრებდა და არც ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ახლა ამ დღეში აღმოჩნდებოდა."

ვახტანგ მეგრელიშვილმა "გირჩის" იდეა გააჟღერა და აღნიშნა, რომ თუ გვინდა, მართლმსაჯულების სისტემის სამი რგოლი, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვაქციოთ, არჩევითები უნდა იყვნენ, პროკურორებიც და პოლიციელებიც:

"თუ პროკურატურა და პოლიცია არჩევითი იქნება, გენერალური პროკურორი არ დანიშნავს, სტაჟიორის ჩათვლით ყველა თანამშრომელს პროკურატურაში; თუ შინაგან საქმეთა მინისტრი არ იქნება ის კაცი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დააკომპლექტოს პოლიცია, არამედ, როგორც შერიფებს ამერიკაში, აქაც ადამიანები აირჩევენ მათ, ძალიან ხშირად შეიძლება შეცდომა მოუვიდეთ, მაგრამ ჩვენი აზრით ერთ-ერთი გზა, როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ გვინდა პოლიციის უფროსად, ვინ გვინდა პროკურორად და ა.შ. სწორედ ეს არის. "

ამბობს მეგრელიშვილი "გირჩის აზრის" ეთერში. მისი აზრით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ცხადყოფს, რომ 2020-ის შემოდგომამდე ვერ მივაღწევთ და ყველა ელოდება, რომ ივანიშვილი კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს. მეგრელიშვილის თქმით, "გირჩის" მიზანი ამ იდეების განხორციელებაა და ღია არიან ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის.

ჩვენთვის მიზანია მთავარი და თუ თქვენ იცით უკეთესი გამოსავალი, ღია ვართ, რომ ნებისმიერი სხვა ვერსიაც განვიხილოთ. 

-ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები