სიახლეები

"თავისუფლება დღეს ჩვენი..."

"ტირანიის ყველა სახეს შორის, ტირანია, რომელიც გულწრფელად ხორციელდება მსხვერპლთა სიკეთისთვის, ალბათ, ყველაზე დამთრგუნველია. ყოვლისშემძლე მორალური არამკითხეების წნეხის ქვეშ ცხოვრებას, შეიძლება, მძარცველი ბატონების წნეხის ქვეშ ცხოვრება სჯობდეს. 
მძარცველი ბატონის სისასტიკემ, შესაძლოა, ზოგჯერ, ჩათვლიმოს; მისი სიხარბე, შესაძლოა, რაღაც წერტილში დაკმაყოფილდეს; მაგრამ ისინი, ვინც ჩვენ ისევ ჩვენივე სიკეთისთვის გვტანჯავენ, არასდროს შეწყვეტენ ჩვენს ტანჯვას, რადგან ამას საკუთარი სინდისის მოწონებით აკეთებენ. შესაძლოა, მათ სამოთხეში წასვლის მაღალი ალბათობა აქვთ, მაგრამ, ამავე დროს, კიდევ უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ისინი დედამიწაზე ჯოჯოხეთს დაამყარებენ. 
სწორედ მათი თავაზიანობა გესლავს აუტანელი შეურაცხყოფით. შენი ნების წინააღმდეგ "განგკურნონ", და განგკურნონ იმ მდგომარეობისგან, რომელსაც, შესაძლოა, დაავადებად არ მიიჩნევდე, იგივეა, რომ მათ დონეზე დაგაყენონ, ვისაც გონიერების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია, ან, ვინც ამ ასაკს ვერასდროს მიაღწევს; იგივეა, რომ თოთო ბავშვებთან, ჭკუასუსტებთან და შინაურ ცხოველებთან გაგათანაბრონ."
– ქლაივ სთეიფლს ლუისი

გაქვთ თუ არა იმის უფლება, რომ საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანაზე უარი თქვათ, და გაქვთ თუ არა იმის უფლება, რომ საკუთარ თავს ზიანი მოუტანოთ?

მე უფლება არ მაქვს, თქვენს ნაცვლად გადავწყვიტო, თუ რა არის თქვენთვის კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ზუსტადაა ცნობილი, რომ, ადამიანების უმრავლესობის აზრით, ჩემი ქმედება სარგებელს მოგიტანთ, მე უფლება არ მაქვს, რომ ამის გაკეთება გაიძულოთ.

მაგალითად, მე უფლება არ მაქვს, რომ თქვენს არყოფნაში თქვენს ბინაში შევიჭრა და მისი რემონტი თქვენი თანხმობის გარეშე გაგიკეთოთ. მე ამის უფლება იმ შემთხვევაშიც კი არ მაქვს, თუკი თქვენი ბინის რემონტზე ჩემს საკუთარ ფულს დავხარჯავ და არა - თქვენსას.

ზუსტად ასევე, მე უფლება არ მაქვს, რომ დაგაკავოთ და კარიესიანი კბილები თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დაგიბჟენოთ. მე ამის უფლება იმ შემთხვევაშიც კი არ მაქვს, თუკი თქვენი კბილების დაბჟენაზე ჩემს საკუთარ ფულს ვხარჯავ და არა - თქვენსას.

ასევე, მე უფლება არ მაქვს, რომ თქვენი შემოსავლის ნაწილი ყოველთვიურად წაგართვათ და ეს ფული საპენსიო ფონდში გადავრიცხო, რათა მერე ბიზნესში ჩავდო და მოხუცებულობისას დაგიბრუნოთ.
მე ამის უფლება იმ შემთხვევაშიც კი არა მაქვს, თუკი თქვენი ფულის განსაკუთრებით წარმატებულ ინვესტირებას მოვახდენ და, მერე, მოხუცებულობისას, თქვენს ფულს, ვთქვათ, გაათმაგებული ოდენობით დაგიბრუნებთ.

მეორე მხრივ, მე, აგრეთვე, უფლება არ მაქვს, რომ თქვენს ნაცვლად გადავწყვიტო, თუ რა არის თქვენთვის ცუდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ზუსტადაა ცნობილი, რომ, ადამიანების უმრავლესობის აზრით, თქვენს ქმედებას თქვენთვის ზიანი მოაქვს, მე უფლება არ მაქვს, რომ ამის გაკეთება აგიკრძალოთ.

მაგალითად, თუკი თქვენ თვლით, რომ კაზინოში თქვენს ბინაზე უნდა ითამაშოთ, მე უფლება არ მაქვს, რომ ამის გაკეთება აგიკრძალოთ, მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, თქვენს ბინას წააგებთ და ქუჩაში აღმოჩნდებით.

ასევე, მე უფლება არ მაქვს, რომ ძვირი ავტომობილის განვადებით შეძენაში შეგიშალოთ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ, ამის შემდეგ, შესაძლოა, საკმარისი საჭმლის ყიდვაც კი ვერ მოახერხოთ  და შიმშილი მოგიწიოთ. 
ზუსტად ასევე, თუკი თქვენ თვლით, რომ თამბაქოს, ალკოჰოლის, ან კოკაინის მოხმარება უნდა დაიწყოთ, მე უფლება არ მაქვს, რომ ამაში ხელი შეგიშალოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ნივთიერების მოხმარება თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად ამცირებს. 

მე, ასევე, უფლება არ მაქვს, რომ ნებისმიერი ორგანოს ქირურგიული გზით მოკვეთაში შეგიშალოთ ხელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი ორგანო სრულიად ჯანმრთელია.
აგრეთვე, არც იმის უფლება მაქვს, რომ ამ მოკვეთილი ორგანოს ჩუქებაში, გაყიდვაში, ან ნაგავში გადაგდებაში შეგიშალოთ ხელი - ორგანო თქვენია და უფლება გაქვთ, რაც გინდათ, ის უქნათ მას.

ასევე, მე უფლება არ მაქვს, რომ თვითმკვლელობაში შეგიშალოთ ხელი, მიუხედავად იმისა, კვდებით თუ არა რაიმე ლეტალური დაავადებით.
იმის გადაწყვეტა, თუ რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი, არის მხოლოდ თქვენი საქმე და მეტი არავისი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა სხვა ადამიანი ჩათვლის, რომ რაღაცის გაკეთება უდიდეს სარგებელს მოგიტანთ, არავის აქვს უფლება, რომ თქვენ, ზრდასრულ ადამიანს, ამ ქმედების განხორციელება დაგაძალოთ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა სხვა ადამიანი ჩათვლის, რომ რაღაცის გაკეთება უდიდეს ზიანს მოგიტანთ, არავის აქვს უფლება, რომ თქვენ, ზრდასრულ ადამიანს, ამ ქმედების განხორციელება აგიკრძალოთ, იმ პირობით, რომ ამ ქმედებით არავისთვის მოგაქვთ რაიმე ზიანი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სხეული, თქვენი ცხოვრება და თქვენი ქონება თქვენ კი არ გეკუთვნით, არამედ ვიღაც სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენს ნაცვლად წყვეტენ, თუ რა უქნან მათ.

თავისუფლება იმის კეთების უფლებას ნიშნავს, რისი კეთებაც გსურთ, და, აგრეთვე, იმის კეთებაზე უარის თქმის უფლებას, რისი კეთებაც არ გინდათ - კვლავაც, იმ პირობით, რომ ამით არავისთვის მოგაქვთ ზიანი. 
თუკი თქვენ არ გაქვთ იმის გადაწყვეტის უფლება, რა შეგიძლიათ უქნათ ან არ უქნათ თქვენს სხეულს, თქვენს ცხოვრებას და თქვენს ქონებას, ერთადერთი სახელი, რომელიც შეგეფერებათ, არის:
მონა.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები