სიახლეები

მე რომ თავმჯდომარე ვიყო...

პოლიტიკა თამაშია, გუნდური თამაში, ფეხბურთს ჰგავს.

ყველაზე მეტად იმით, რომ აზარტულია და წესები აქვს.

თუ წესებს არღვევ - გაჯარიმებენ, თუ წესებს ხშირად არღვევ, შენზე ამბობენ, რომ უხეში ხარ და გერიდებიან, უხეში მოთამაშეები არ უყვართ, მაგრამ უხეშობის რაღაც ზღვარი მაინც დაშვებულია შედეგის მისაღწევად.

თუმცა, არსებობს წესების იმგვარი დარღვევაც, რომლის შემდეგაც მოედნიდან გაძევებენ, არ უნდათ შენნაირ კაცთან თამაში.

თუ  წესებს არ ცნობ, არ გეთამაშებიან და მარტო გიწევს, იმის კეთება რაც მარტო საკეთებელი არაა. 

ჩემი თუ არ გჯერათ, ბავშვებს დააკვირდით ან საკუთარი ბავშვობა გაიხსენეთ.

გითამაშიათ ფეხბურთი ისეთ ბავშვთან, რომელსაც ხელით მიჰქონდა ბურთი გასატანად?

მე - არა.

ჩემზე დიდებთან მითამაშია, პატარებთანაც, უხეშებთანაც  მითამაშია და მეც მიუხეშია, ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ -. უნებურად. ცუდადაც მოვქცეულვარ და მერე მინანია.

თუმცა, არასოდეს მითამაშია ფეხბურთი იმასთან, ვინც წესებს არ ცნობდა.

წესებს თუ არღვევ, ჯარიმდები და თამაში გრძელდება, მაგრამ თუ წესებს არ ცნობ, შენთან თამაში უაზრობაა.

14 ნოემბრის მერე, "ქართული ოცნება" და მისი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი,  გასულია პოლიტიკური თამაშიდან.

სხვები მანამდეც გასულები იყვნენ, მაგრამ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში ნათქვამი, ყველაზე მნიშვნელოვანი, სიტყვის გატეხვამ ბიძინა ივანიშვილიც მათ გვერდზე დააყენა.

პოლიტიკიდან გადიხარ მაშინ, როცა შენს სიტყვას პოლიტიკური ნდობა და ფასი ეკარგება.

როცა ნდობას კარგავ, სიტყვით ვეღარ მართავ და ყველაფერზე ძალადობა ან მოსყიდვა გჭირდება.

ძალადობის ან ფულის გადახდის გარეშე, არავისთვის სანდო არ ხარ.

ასე გიყურებს ყველა ნორმალური ინვესტორი თუ საერთაშორისო პარტნიორი, მტერიც და მეგობარიც.

პოლიტიკური თამაშიდან გასვლა და მხოლოდ საკუთარ თავთან იზოლაციაში დარჩენა, ნებისმიერ ხელისუფლებას გარდაუვალ პოლიტიკურ კატასტროფამდე მიიყვანს, ეს უბრალოდ დროის საკითხია. როდის დადგება ეს დრო და რა შეასრულებს ნაპერწკლის როლს, არავინ იცის, მაგრამ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს.

ვფიქრობ დღითი დღე უფრო და უფრო ნათელი გახდება ეს, მათ შორის, თავმჯდომარის და მისი გარემოცვისთვისაც.

სანამ მიხვედრილან, ცოტას გავერთობი და ვეცდები წარმოვიდგინო, მე რას ვიზამდი, რაღაც სასწაულით ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი.

  1. დავაბრუნებდი ზუსტად იმას რისი პირობაც დავდე, უფრო მეტიც, 2020 წლის მერეც ბუნებრივი ბარიერით პროპორციულს დავდებდი, ახლა ვერავინ იტყოდა, რომ მხარს არ დაუჭერს.პროექტის ჩავარდნის ერთადერთი დამაჯერებელი ახსნა ,,ვის არ შეშლია“-ს  მიმართულებით სვლაა, ხოლო ,,დაჩი ბერაიამ გადამაგდო“-ს, ,,ბავშვი იჯდა კომპიუტერთან“ -აც სჯობს. 

  1. საჯაროდ ვიტყოდი, რომ შეგუებული ვარ 2020 წლიდან კოალიციურ მთავრობას, რეალური ძალაუფლების განაწილებით და კოჰაბიტაციის დამთავრების რიტორიკის ნაცვლად, გადავდივართ კოალიციის მზაობის დიალოგზე ყველასთან (მექნებოდა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ სააკაშვილი თვითონ გამემიჯნებოდა, ჩემთვის მომგებიანი ფორმით).

  2. წინა პუნქტის ლოგიკიდან გამომდინარე, გავათავისუფლებდი ყველა პატიმარს, რომელიც  ვიცი, რომ პოლიტიკურად ზის და შევწყვეტდი, ყველა ისეთ დავას, რომლის გამოც ხალხს დაატარებენ პროკურატურა-სასამართლოში.

  3. სხვა მოთამაშეებთან, შინ და გარეთ, გავუშვებდი სიგნალს, რომ არ ვირტყმევინები (ამის გაკეთება მარტივია, თუ მიხვდები რომ როცა ამ ფორმაში ხარ, შენი მაინც არავის ეშინია და უბრალოდ გერიდებიან, ტრავმა რო არ აიკიდონ).

  4. თანდათან გავაქრობდი ეკრანებიდან ძველ "გაბაზრებულ ტროლებს".  მოვიყვანდი ახლებს. 

თქვენი აზრით, თამაშში დასაბრუნებლად საკმარისი იქნებოდა?

ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები