სიახლეები

ილუზიები "კეთილდღეობის სახელმწიფოს" შესახებ

ამ პოლიტიკური ციებ-ცხელების დროს, რა დროს უცხოური ამბებიაო იტყვის ვინმე და შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ მაინც მინდოდა რომ დამეწერა.

ის, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, არის ლამაზად შეფუთული კომუნიზმის, ანუ სოციალ-დემოკრატიის აბსურდულობის ნათელი მაგალითი. რატომ? მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ. 1990-იან წლებში, საფრანგეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73 წელი იყო, დღეს კი ეს ციფრი 84-ს უტოლდება, ამის პროგნოზირება შესაძლებელი იყო, რადგან ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება ადამიანის კეთილდღეობაზე და შესაბამისად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თანამედროვე სამყაროსა და გლობალიზაციის პირობებში კი, ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ პირადი ცხოვრებისთვის და შესაბამისად შობადობაც იკლებს, შობადობის კოეფიციენტის კლების ფონზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა 11 წლით გაიზარდა (ამას საზოგადოების დაბერებას ეძახიან) ახლა უკვე, 62 წელს მიღწეულ ადამიანებს პენსია 11 წლის ნაცვლად 22 წელი უნდა უხადო (ორჯერ მეტი ხარჯია) იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა ვისგანაც სახელმწიფომ გადასახადების სახით ფული უნდა ამოიღოს და იზრდება მათი რიცხვი ვისაც პენსია უნდა უხადოს. რა ვქნათ? საიდან მოვიტანოთ ეს ფული? დაჯდნენ "დიდი გონები" და დაიწყეს მსჯელობა...

- გადასახადები გავზარდოთ.
- არაპოპულარული და პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილება იქნება, დიდი საპროტესტო ტალღა წამოვა საზოგადოებიდან.
- პენსია რომ შევამციროთ?
- იგივე მოხდება, ხალხს ფულს ვართმევთ რომ მომავალში დავუბრუნოთ, ყველა მაგ ფულს ელოდება რომ უზრუნველად გაატაროს სიბერე.
- მაშინ, მდიდრებისთვის გავზარდოთ გადასახადები, პროგრესული ბეგარა შემოვიღოთ.
- კაპიტალის გადინება რომ მოხდება?
- არაუშავს, მდიდარი ეკონომიკა გვაქვს, გავუძლებთ მაგას, თან უმრავლესობას სამართლიანობის შეგრძნება ექნება.
- ჰმმმ... კარგი ეგრე ვქნათ.

და საფრანგეთმა შემოიღო პროგრესული გადასახადები, როგორც მოსალოდნელი იყო დაიწყო ქვეყნიდან დიდი რაოდენობით კაპიტალის გადინება, მსხვილი ინვესტორები საფრანგეთში ფულის ჩადებაზე უარს ამბობენ (აბა გიჟები ხომ არ არიან, უცხო ბებია-ბაბუებს პენსიები უხადონ თავიანთი ჯიბეებიდან) ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერდა, საპენსიო სისტემის დანახარჯებმა კი "მშპ"-სთან მიმართებით 14.7% შეადგინა, 14.7% კარლ !!! ეს ხომ კატასტროფაა.

როგორც ჩანს მდიდრების პარსვა საკმარისი არ აღმოჩნდა, ეკონომიკაც ვერ იზრდება, "ფული არალი", ვერ ჩამეიტანეს, ახლა რაღა ვქნათ? როგორ ამოვავსოთ ეს უძირო ორმო? საფრანგეთის მთავრობამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, გადაწყვიტეს რომ არსებულ ვარიანტებს შორის, ხალხი ყველაზე მეტად გაგებით მოეკიდებოდა საპენსიო რეფორმას, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას, პენსიაზე გასვლის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს. და მოინდომეს მათ ამ რეფორმის გატარება ...

BOOM ... აფეთქდა ხალხი, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი გაფიცვები, გაჩერებულია მეტრო და რკინიგზა, აეროპორტებიდან თვითმფრინავები აღარ მიფრინავენ, სკოლები დაკეტილია, საავადმყოფოებში ექიმების სერიოზული დეპფიციტია, გაფიცულები არიან სასამართლოს თანამშრომლები და პოლიციელების ნაწილიც კი, ქალაქები ცრემლსადენი გაზის კვამლშია გახვეული, მოკლედ, ქვეყანა პარალიზებულია.

საპენსიო რეფორმის თემაზე ბევრჯერ მოგისმენიათ ალბათ ფრაზა: "ევროპაში ხომ ასეა", კი ბატონო, ეგრეც არის, ისეც არის, ასეც არის, პარალიზებული საფრანგეთიც არის და სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია, პანდორას ყუთი გახსნილია, ადრე თუ გვიან, ევროპის სოციალისტური კავშირის ყველა ქვეყნა განიცდის კრახს, თუ რამე არ შეცვალეს და ისევ ისე გააგრძელეს ხალხის მოტყუება, "სოციალური სოლიდარობისა" და "კეთილდღეობის სახელმწიფოს" შესახებ ილუზიებით.

ავტორი: დავით გაგუა

კომენტარები