სიახლეები

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, მოწმეების მოსმენა 2020-ის 17 იანვარს გაიმართება

ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს.

საქმეზე შემდეგი სხდომა 2020 წლის 17 იანვარს ჩაინიშნა.

სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა და მას მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი უძღვებოდა.

ბრალდებულების ადვოკატის, ეკატერინე მაჭარაშვილის განცხადებით, მომდევნო პროცესზე საქმის მტკიცებულებებს განიხილავენ და ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა შესავალი სიტყვა. ეს იყო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა. შემდეგ პროცესზე დავიწყებთ მტკიცებულებათა გამოკვლევას. ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს.

- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ბრალდებულებს შორის რამდენიმე"გირჩის" მხარდამჭერია, მათ შორის ანი აროშიძე, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა. მას სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" გაუწევს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2019 წლის 12 მარტს შეიტანეს.

"გირჩი" სარჩელის მიხედვით, სადავოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ნორმატიულ შინაარსს, "რომლის მიხედვითაც ინტერნეტში უკვე გავრცელებული მასალის/ინფორმაციის "ფეისბუქ მესინჯერის" საშუალებით "მეგობრებისთვის" პირადი მიმოწერის (ჩატი) საშუალებით გაგზავნას მიიჩნევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფად" და, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს, 17 იანვარს, მოსამართლის წინაშე ამჯერად მოწმეები წარდგებიან. როგორც ანი აროშიძემ "გირჩი ნიუსს" უთხრა, პროცესზე მთავარი მოწმე თავად ეკა ბესელია იქნება, შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის წარმოება, სწორედ ბესელიას ფარული ვიდეო კადრების გავრცელებაზე მიმდინარეობს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები