სიახლეები

ქვაციხელი "ესკობარის" პროცესი, ზესტაფონის სასამართლოში, ისევ გადაიდო

დღეს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, კანაფის კულტივაციაში ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი იყო ჩანიშნული. მეტრეველის ადვოკატი პროცესს ვერ ესწრებოდა, რის გამოც მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სასამართლო სხდომა 23 დეკემბრამდე გადადო.

შეგახსენებთ, ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრებ, ავთო მეტრეველის სახლში, პოლიციამ რამდენიმე ძირი კანაფი ამოიღო, რაზეც პროკურორი ექვს წლიანი პატიმრობით ემუქრებოდა.

ადვოკატი და პროკურორი მეტრეველს საპროცესო შეთანხმებით წელიწად-ნახევარი პატიმრობას და სამ-ნახევარი წელი პირობით სასჯელს სთავაზობდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მას დააპატიმრებდენ.

ზურაბ ჯაფარიძის რჩევით, ავთო მეტრეველმა ადვოკატის აცილება ითხოვა და საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

"გირჩის" ლიდერი, დღეს ზესტაფონში ამ სასამართლო პროცესის გამო ჩავიდა. ჯაფარიძის თქმით, არანორმალურია, რომ ლეგალური მცენარის მოყვანის გამო, ადამიანებს ციხეში უშვებდნენ და ცხოვრებას უმწარებდნენ, ამიტომ ყველა ასეთ საქმეზე "გირჩი" ყოველთვის დაიცავს ადამიანის უფლებებს.

სიგიჟეა პატიმრობას უსჯიდე იმ მცენარის მოყვანისთვის, რომლის მოხმარებაც წელიწადზე მეტია ლეგალურია ამ ქვეყანაში.

- ამბობს ჯაფარიძე.

სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს განახლდება, ავთო მეტრეველს ამჯერად "გირჩის" რეკომენდაციით არჩეული ადვოკატი დაიცავს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები