სიახლეები

"რელიგიური გრძნობები" და თავისუფლება!

ხშირად გაიგონებ გარკვეულ წრეებში, რომ ესა თუ ის ფილმი, წიგნი, ნახატი, რომელიმე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, თუნდაც რაიმე აქცია, სამეცნიერო ფორუმზე გამოთქმული მოსაზრება და ა.შ. შეურაცხყოფს მათ "ტრადიციებს", "ეროვნულ ფასეულობებს", "რელიგიურ გრძნობებს" და ა.შ. ბევრს მიაჩნია, რომ ამ ტიპის "შეურაცხმყოფელი" გამოხდომების მოთმენა არ შეიძლება. აიკრძალოს! აი, მათი აზრით "პრობლემის" საუკეთესო გადაწყვეტა.

აი, სულ ახლახანს ადვოკატების ერთმა ჯგუფმა პროკურატურას მიმართა საშველად. ფოტოშოპით გაკეთებული ხატების იმიტაცია, რითაც ახალგაზრდებმა "ბიძინმადიდებლობა" გააშარჟეს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად გამოაცხადა და 155-ე მუხლში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რომ რელიგიური სიწმინდეების შებღალვაზე ისევ იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს ბატონები ეტყობა არასოდეს დაფიქრებულან, რომ შეუძლებელია "რელიგიური გრძნობა" სამართლებრივი დეფინიციის ქვეშ მოაქციო.

რა შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს და რა არა?

ვის უპყრია ხელთ "არშინი", რომლითაც გაიზომება დასაშვები და დაუშვებელი?

სად, როდის გადაილახება ზღვარი, როცა ერთის გამოხატვის თავისუფლება მეორის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს?

ვინ, რომელი პიროვნება, ადამიანთა ჯგუფი, სახელმწიფო თუ რელიგიური ინსტიტუცია გვეტყვის ამას?!

"რელიგიური გრძნობები" მეტად ამორფული, უსახო და უკონტუროა, მისი "გავლენის სფეროში" თავისუფლად შეიძლება მოექცეს რომელიმე უახლესი მეცნიერული აზრიც და ისიც თუ როგორ უნდა გეცვას, ან იდგე ტაძარში. "რელიგიური გრძნობები" საზღვრებმორღვეული, ერთობ გადღაბნილი ცნებაა, მასზე აპელირება , მის დასაცავად კანონების და სახელმწიფოს მოხმობა დიდი ხიფათის შემცველია, პირდაპირი გზაა ინკვიზიციისკენ.

როგორც კი, ე.წ. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" აიკრძალება, ბუნდოვანი, მრავალი ინტერპრეტაციის შემცველი კანონით (არადა კანონი სხვანაირი ვერ იქნება, რადგან კანონმდებლობის ქვეშ მოსაქცევი ცნებაა თავად ასეთი), როგორც კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე "რელიგიურ გრძნობებს" გადავეფარებით, შემდეგ სხვა "გრძნობების" (რომლებიც ძირითადად სწორედ "რელიგიით", "ადათ–წესებით" და სხვა მრავალი ცრურწმენით, მითით და სტერეოტიპით იკვებება) დაცვის აუცილებლობა წამოყოფს თავს, ახლა უკვე სხვა თავისუფლებათა შეზღუდვის ხარჯზე და დაიწყება ნაბიჯ–ნაბიჯ, არამხოლოდ გამოხატვის, არამედ, ზოგადად, თავისუფლების სივრცის კიდევ მეტად შემცირება. მართალია, უმრავლესობას თავისუფლება დიდად არ ანაღვლებს და არც მის შეზღუდვაზე აიტკივებს თავს, ალბათ ეს ჰქონდა ფილოსოფოსს მხედველობაში, როცა ამბობდა "თავისუფლება არისტოკრატიული მოვლენაა და არა დემოკრატიულიო". მეტიც "ადამიან მასას" სძულს თავისუფლება და მზადაა პირველსავე შემხვედრს ჩააბაროს იგი, ოღონდ კი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების "მტანჯველი" ვალდებულება აიცილოს.

"რელიგიური გრძნობების " მიღმა ფუნდამენტალიზმი და თავისუფლების სიძულვილი აფარებს თავს, მისი დაცვის საბაბით კი თავისუფლებაზე ხდება შეტევა. მაგრამ, "თავისუფლების უბოროტეს მტრებს, მაძღარ და კმაყოფილ მონებს", მინდა შევახსენო, რომ ჩვენ, ადამიანებს, თავისუფლება "მოსჯილი" გვაქვს, როგორც იტყვიან "დეუს ვულტ" და გადამწყვეტი მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, რამდენი ჩვენგანი აცნობიერებს ამ ყოველივეს, "ისტორიის თხუნელა" თავის საქმეს აკეთებს. დღეს გაბატონებული "ადამიანი მასის" ბნელი ინსტინქტების მიუხედავად, თავისუფლებას, ინტელექტუალური და სულიერი არისტოკრატიის გარდა, ჰყავს დიდი ქომაგი, ეს არის წარმოების ევროპული წესი, ეს არის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა, თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებადი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც არათუ ქმნიან სივრცეს პიროვნული თავისუფლებისათვის, არამედ ითხოვენ თავისუფლებას და თავისუფალ ადამიანს. მხოლოდ თავისუფალი ადამიანი ქმნის დოვლათს, სიუხვეს, იმ მატერიალურ კეთილდღეობას, რომელიც დღეს დასავლეთის ქვეყნებშია. ერთი სიტყვით, რაც უფრო ფართოა სივრცე თავისუფლებისათვის, მით უკეთესადაა საქმე იმ პრაგმატული თვალსაზრისითაც, რომელსაც ხალხის მატერიალური კეთილდღეობა ჰქვია.

კაცობრიობის უკეთესი შვილები, დიდი მოაზროვნეები თავისუფლებას, მის იდეალებს მხოლოდ იმიტომ როდი იცავდნენ, რომ თავისუფლება თვითკმარი ღირებულებაა, რომ აზროვნება თავისთავადაა თავისუფლების აქტი, არამედ ზემოთ აღწერილი მიზეზისა გამოც:

"შრომისა ახსნა–ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის", თუმცა გაჭირდა ჩვენში "შრომისა ახსნა".

სამწუხაროდ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად მისი სუროგატი, კრონი კაპიტალიზმი გაგვიბატონდა. სახელმწიფოს ხელდასმის გარეშე თითქმის არც ერთი სერიოზული ბიზნესი არ მუაშაობს. მთავარი ბიზნესაქტორი და დამსაქმებელიც სახელმწიფოა. ასეთი ეკონომიკური მოცემულობა და ტოტალიტარული წარსულით ნასაზრდოები აზროვნება ნოყიერ ნიადაგს ქმნიან იმ მენტალური და ფიზიკური შეტევისათვის, რომელსაც ერთის მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურებში განფენილი, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული ცრუქრისტიანობა და მეორეს მხრივ, ფანატიზმი და გაუნათლებლობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და ღვთითბოძებულ თავისუფლებაზე ახორციელებენ.

"თავისუფლებავ შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი"–ამბობდა ილია და თუ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, აქ უკან დახევა არ იქნება, არამედ ბრძოლა და "მუდმივი ხმლის ქნევა".

დარწმუნებული ვარ, რომ სჯობს ჩვენთვის მიუღებელი, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრთა მდინარება არსებობდეს თავისუფალ სივრცეში, ვიდრე აკრძალვების კასკადი,რომელიც თანდათანობით მოგუდავს თავისუფლებას. სჯობს გამოხატვის თავისუფლებით "გადავაჭარბოთ", ვიდრე მის მოსათოკად ახალ–ახალი სახელმწიფო რეგულაციები დავაწესოთ. ლიბერალური დემოკრატიაც ამიტომ გვჭირდება, იგი ხომ სივრცეს აფართოებს ინდივიდუალური თავისუფლებისთვის.

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები