სიახლეები

პოლიტ-ეკონომიკური იდეოლოგიები და მათი სახელწოდებები

"საგნებისთვის მათი სათანადო სახელების წოდება სიბრძნის დასაწყისია."
— ჩინური ანდაზა

ტერმინები "მემარცხენე" და "მემარჯვენე" პირველად საფრანგეთში გაჩნდა 1789 წლის რევოლუციის დროს. ნაციონალური ასამბლეის ის წევრები, რომლებიც მეფეს უჭერდნენ მხარს, პრეზიდენტის მარჯვნივ ისხდნენ, ხოლო ის წევრები, რომლებიც რევოლუციას უჭერდნენ მხარს - პრეზიდენტის მარცხნივ.

კონსერვატიზმი, ანუ, მემარჯვენეობა, იყო იდეოლოგია, რომლის მთავარ მიზანსაც ძალადობის გზით გაბატონებული კლასის პრივილეგიების დაცვა წარმოადგენდა. ლიბერალიზმი, ანუ, მემარცხენეობა, იყო იდეოლოგია, რომლის მთავარ მიზანსაც დამონებული ხალხის ფართო მასების გათავისუფლების გზით მათთვის სიკეთის მოტანა წარმოადგენდა.

პოლიტ-ეკონომიკური სპექტრი ოთხ პოლუსად იყოფა: ტოტალიტარული ეტატიზმი, ანუ, ავტორიტარიზმი (ნაკლები ეკონომიკური თავისუფლება და ნაკლები პიროვნული თავისუფლება), მემარჯვენეობა, ანუ, კონსერვატიზმი (მეტი ეკონომიკური თავისუფლება და ნაკლები პიროვნული თავისუფლება), მემარცხენეობა, ანუ, პროგრესიზმი (ნაკლები ეკონომიკური თავისუფლება და მეტი პიროვნული თავისუფლება), და ლიბერტარიანიზმი, ანუ, კლასიკური ლიბერალიზმი და ანარქიზმი (მეტი ეკონომიკური თავისუფლება და მეტი პიროვნული თავისუფლება).

შეიძლება ითქვას, რომ ანარქიზმი, რომელსაც, ლოგიკურად, მარჯვენა და მარცხენა მხარე არა აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს, ლიბერტარიანიზმის უკიდურესი გამოვლინებაა და, ამდენად, სრულ (მაქსიმალურ) ეკონომიკურ თავისუფლებას და სრულ (მაქსიმალურ) პიროვნულ თავისუფლებას გულისხმობს.

სახელმწიფო და კერძო საკუთრება და/ან თავისუფალი ბაზარი ერთმანეთის ანტიპოდებია: რაც მეტია სახელმწიფო, მით ნაკლებია კერძო საკუთრება და/ან თავისუფალი ბაზარი, და პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ბაზარი კერძო საკუთრების შეუზღუდავად გაცვლა-გამოცვლას ნიშნავს, კერძო საკუთრების არარსებობის პირობებში თავისუფალი ბაზრის არსებობა შეუძლებელია.

რადგან კერძო საკუთრების და მასზე მდგარი თავისუფალი ბაზრის გაუქმებისთვის სახელმწიფო, როგორც ძალადობის ინსტრუმენტია საჭირო, კომუნიზმი და ანარქიზმი ერთმანეთთან დაპირისპირებული, ერთმანეთის საწინააღმდეგო, და ურთიერთგამომრიცხავი მოძრაობებია. შესაბამისად, ტერმინი "ანარქო-კომუნიზმი" ოქსიმორონია.

სახელმწიფო წარმოადგენს აპარატს, რითაც ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა ხდება. რადგან ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, პირველის შეზღუდვა, ხშირად, მეორის შეზღუდვასაც იწვევს, და - პირიქით.

მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარებასთან სახელმწიფოს ბრძოლა პიროვნული თავისუფლების შეზღუდვად ითვლება, მაგრამ, ამავე დროს, ეს შეზღუდვა გადასახადების გზით ამოღებული ფულით ფინანსდება, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. მეორე მხრივ, თუკი სახელმწიფო გადასახადებით დაფინანსებული და ძალადობრივად მონოპოლიზებული ჯანდაცვის სერვისის მომწოდებელია, ეს ეტატისტებს, ხშირად, იმის არგუმენტად მოჰყავთ, თუ რატომ უნდა ზღუდავდეს სახელწიფო პიროვნულ თავისუფლებასაც ნარკოტიკების მოხმარებასთან ბრძოლის გზით, რათა ნარკოტიკების მომხმარებლების მკურნალობაზე გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული ფული ნაკლებად იფლანგებოდეს.

სახელმწიფო ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას ორი სხვადასხვა გზით შეიძლება ახდენდეს:

  1. სოციალიზმი, როცა სახელმწიფო თავად არის ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისების მწარმოებელი და მომწოდებელი.
  2. კრონი კაპიტალიზმი, იგივე, კორპორატიზმი, იგივე ნეომერკანტილიზმი, როცა სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის ან ოლიგოპოლიის მდგომარეობაში მასთან გარიგებული ერთი ან რამდენიმე კერძო კომპანია ჰყავს ჩაყენებული.

რადგან კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალს ფასს, ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის შედეგი ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივეა: მომხმარებლები იძულებულები არიან რომ უხარისხო და/ან ძვირი სერვისები მიიღონ.

აშკარაა, რომ კრონი კაპიტალიზმს არაფერი აქვს საერთო ეკონომიკურ თავისუფლებასთან. მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს შეუზღუდავი კონკურენცია ქმნის, და არა - ოდენ პრივატიზაცია. იმის მიუხედავად, საკუთარ თავს მემარჯვენეს უწოდებს თუ მემარცხენეს, ის ადამიანი, რომელიც რეგულაციების და გადასახადების მხარდაჭერის გზით კრონი კაპიტალიზმს და პროტექციონიზმს უწყობს ხელს, ეკონომიკური თავისუფლების მომხრეობისგან ძალიან შორს დგას. მემარჯვენეების მიერ ჩაკეტილი საზღვრების მხარდაჭერა, ასევე, პირდაპირ და უშუალო წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ თავისუფლებასთან.

ზუსტად ასევე, მემარცხენეობას, ხშირად, არაფერი აქვს საერთო პიროვნულ თავისუფლებასთან. მაგალითად, უამრავი მემარცხენე პოლიტიკა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მცდარი ნეომალთუსიანური შიშით იკვებება, და ძალადობის წყაროა. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფოს ხელით დისკრიმინაციის უფლების აკრძალვაზეც. დისკრიმინაციის უფლება ადამიანის ნეგატიური უფლება და, ამდენად, მისი თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია. ყოველივე ეს კარგად გამოხატავს თუ რამდენად პირობითია არსებული დაყოფა.

მემარცხენეობა და მემარჯვენეობა არავითარ ლოგიკურ პრინციპს არ ემყარება: უბრალოდ, ტრადიციულადაა ჩამოყალიბებული, რომ მემარცხნეები ერთი მხრიდან უჭერენ თავისუფლების შეზღუდვას მხარს და მემარჯვენეები - მეორე მხრიდან. იმაზე ფიქრით, თუ რატომ უნდა იყოს თავისუფლება შეზღუდული ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში, ამ ორი დაპირისპირებული იდეოლოგიური ბანაკის წარმომადგენლები დიდად თავს არ იწუხებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოცემულ ბანაკებში არც იქნებოდნენ.

თანმიმდევრული ადამიანი ან ყველა შემთხვევაში უჭერს თავისუფლებას მხარს, ან არცერთ შემთხვევაში არ უჭერს მას მხარს. რა თქმა უნდა, პრაგმატული თვალსაზრისით ჯობია, რომ ადამიანი ყველა შემთხვევაში თუ არ უჭერს თავისუფლებას მხარს, ზოგჯერ მაინც აკეთებდეს ამას, მაგრამ იმ ადამიანზე, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უჭერს თავისუფლებას მხარს, იმის თქმა მაინც შეგიძლია, რომ ის თავისი პრინციპის ერთგულია და, ამდენად, თანმიმდევრულია. მემარჯვენეებზე და მემარცხენეებზე ამასაც კი ვერ იტყვი. ეს ადამიანები, უბრალოდ, მათი ავტორიტეტების და/ან ჯგუფის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და, ამიტომ, არც ავ-კარგის გარჩევაზე ფიქრით იღლიან თავს და ყველაფერს ერთიანად მიირთმევენ, რასაც კი მათ ერთიან იდეოლოგიურ პაკეტში სთავაზობენ.

"კონსერვატიზმი კარგია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის, რასაც იგი აკონსერვებს."
ფრიდრიხ ჰაიეკი

როგორ იქცა ლიბერალიზმი ეკონომიკურ თავისუფლებასთან მებრძოლ იდეოლოგიად?

ეს ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებშია გამოხატული, სადაც გასული საუკუნის 30-იან წლებში თავისუფალი ბაზრის მტრებმა "ლიბერალიზმი" საკუთარ იდეოლოგიას დაარქვეს და ამით მას იმის საწინააღმდეგო მნიშვნელობა მიანიჭეს, რაც მე-19 საუკუნეში ჰქონდა. სოციალიზმად ქცეული "ლიბერალიზმისგან" დისტანცირების მიზნით მინარქისტული ლიბერტარიანიზმის აღსანიშნავად ტერმინ "კლასიკურ ლიბერალიზმს" ხმარობენ ხოლმე.

ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხი მარი როთბარდმა გასცა თავის "მარცხენა და მარჯვენა"-ში. როთბარდის თანახმად, ლიბერალიზმმა უღალატა არა საკუთარ მიზანს, რასაც ხალხის ფართო მასებისთვის სიკეთის მოტანა წარმოადგენდა, არამედ იმ საშუალებას - თავისუფლებას - რითაც ამ მიზნის მიღწევას ცდილობდა. ლიბერალიზმმა საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებად კონსერვატიზმის მეთოდი - ძალადობა - აირჩია. ძალადობის რელსებზე გადასულმა ლიბერალიზმმა ახალი გაბატონებული კლასი შვა და მისი პრივილეგიების დამცველად იქცა.

მხოლოდ თავისუფლებაა ის საშუალება, რომელსაც ხალხის ფართო მასებისთვის სიკეთის და სიმდიდრის მოტანის უნარი გააჩნია. ძალადობა არის საშუალება, რომელსაც შესწევს უნარი, თვით ყველაზე კეთილშობილური მიზანიც კი, რომლის მისაღწევადაც მას იყენებენ, ისე წაბილწოს და გააუკუღმართოს, რომ დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგი მოგვცეს. შესაბამისად, ამ არჩევანმა წაბილწა და გააუკუღმართა ლიბერალიზმის მიზანი და იგი მონობის მსახურ იდეოლოგიად აქცია, რომელსაც მოსახლეობისთვის სიღატაკის გარდა არაფერი მოაქვს.

"კარგი მიზნის მიღწევა, როგორც ეს ხშირად მითქვამს, მხოლოდ მართებული საშუალებების გამოყენებითაა შესაძლებელი. მიზანი არ ამართლებს საშუალებას იმ მარტივი და აშკარა მიზეზის გამო რომ გამოყენებული საშუალება მიღებული შედეგის ბუნებას განსაზღვრავს."
ოლდოს ჰაქსლი

სახელმწიფო დგას გადასახადებზე, რომელთა ამოღებაც ძალადობის გზით ხდება. გადასახადების სანაცვლოდ სახელმწიფო ძალადობრივად მონოპოლიზებულ, ანუ, უხარისხო და/ან ძვირ სერვისებს გვაწვდის. ამდენად, ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო გვაწვდის, ასევე წაბილწული და გაუკუღმართებულია, და თავისუფალი ბაზრის მიერ მოწოდებული რეალური სერვისების უხარისხო და/ან ძვირ ბუტაფორიას წარმოადგენს. ძალადობაზე მდგარი "არაძალადობა" არის ძალადობა. მონობაზე მდგარი "თავისუფლება" არის მონობა. ბოროტებაზე მდგარი "სიკეთე" არის ბოროტება.

სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ჯანდაცვა სნეულებს კლავს და ჯანმრთელებს ასნეულებს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული განათლება ბავშვებს და ახალგაზრდებს აზროვნებას უხშობს და სამუდამოდ უვიცებად აქცევს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სოციალური შემწეობა ღარიბებისგან ფულს იღებს და ამ ფულს მათზე მდიდრებს აძლევს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული კვების უსაფრთხოება შიმშილით გვკლავს და გაფუჭებული საკვების ჭამას გვაიძულებს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული შრომის უსაფრთხოება მუშაობას გვიკრძალავს და მონურ პირობებში დასაქმებას გვაიძულებს; სახელმწიფოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაცვა კერძო საკუთრების ჭეშმარიტ უფლებას ლახავს, და ინოვაციას და პროგრესს უშლის ხელს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული დიპლომატია ომებში გვითრევს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული თავდაცვა და უსაფრთხოება ჩვენი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და ქონებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული კანონმდებლობა ქურდობის და ძარცვის უფლებას აკანონებს და პატიოსან ადამიანებს ქურდებისა და მძარცველებისგან თავის დაცვას უკრძალავს; სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მართლმსაჯულება უსამართლობის წყაროა, და ა.შ.

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის მიერ მოწოდებული ყალბი სერვისები ადამიანებში იმის ილუზიას ქმნიან, ვითომდა, ისინი ამ სერვისებს მართლაც ღებულობენ. ამის გამო მათ იმის სურვილიც კი არ უჩნდებათ, რომ ეს სერვისები მართლა მიიღონ, მათი ნამდვილი სახით. სახელმწიფოს ან კრონი ბიზნესის მიერ მოწოდებული უხარისხო და/ან ძვირი სერვისების ფასს ამ სერვისებით მოსარგებლე ადამიანები ვერ გრძნობენ, რადგან ფასის გადახდას სახელმწიფო გადასახადების გადამხდელებს აიძულებს და ამით შეუზღუდავ კონკურენციაში ჩართულ კერძო კომპანიებს აკოტრებს. სავარაუდოდ, აღარც თქვენგან იყიდიდნენ თქვენს მიერ წარმოებულ სერვისს, იმავე სერვისს, თუნდაც, შედარებით დაბალი ხარისხით, მაგრამ "უფასოდ" რომ არიგებდნენ. "უფასო" სერვისის ხარისხი ზედმიწევნით დაბალი უნდა იყოს, მომხმარებელმა არჩევანი მის წინააღმდეგ რომ გააკეთოს და ნამდვილი სერვისის ყიდვა გადაწყვიტოს, საკუთარი ფულით.

"სოციალიზმი, იმ ანტიკური იდეების მსგავსად, რომლებსაც ის ეფუძნება, მთავრობასა და საზოგადოებას შორის განსხვავებას ერთმანეთში ურევს. ამის შედეგად, ყოველთვის, როცა მთავრობის ამა თუ იმ ქმედებას ვეწინააღმდეგებით, სოციალისტები თვლიან, რომ, ზოგადად, ამ ქმედების წინააღმდეგები ვართ.
ჩვენ არ ვამართლებთ სახელმწიფო განათლებას. საპასუხოდ, სოციალისტები აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ განათლების წინააღმდეგები ვართ. ჩვენ არ ვამართლებთ სახელმწიფო რელიგიას და, მაშინ, ისინი ამბობენ, რომ საერთოდ ნებისმიერი რელიგია არ გვსურს. ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად სახელმწიფოს მიერ თანასწორობის იძულება და ისინი აცხადებენ, რომ თანასწორობის მოწინააღმდეგენი ვართ, და ა.შ. და ა.შ.
ეს იმას ჰგავს, სოციალისტებმა ბრალი რომ დაგვდონ, თითქოს, ჩვენ არ გვინდა ადამიანები იკვებებოდნენ, რადგან არ გვსურს რომ მარცვალი სახელმწიფოს მოჰყავდეს".
— ფრედერიკ ბასტია

საინტერესოა, რომ ფრედერიკ ბასტია, რომელიც კლასიკურ ლიბერალად შეიძლება ჩავთვალოთ, საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში პრეზიდენტის მარცხნივ იჯდა.

უფრო მეტიც, როგორც საშუალებას შეუძლია წაბილწოს და გააუკუღმართოს მიზანი, ასევე მიზანსაც შეუძლია წაბილწოს და გააუკუღმართოს საშუალება. როდერიკ ლონგის სიტყვებით:

"ტრადიციული მემარცხენეობის პროგრამის პოლიტიკური იმპლემენტაციის მცდელობანი პრაქტიკაში პოლიტიკურ მემარჯვენეობაში გადავარდნით მთავრდება (როგორც ეს იმის ზოგადი აღიარებით დადასტურდა, რომ კრემლის მტკიცე ხაზის მიმდევრებს მართებულად უწოდებდნენ "კონსერვატორებს"); ამის გამო მარქსისტული იდეოლოგია, შესაძლოა, ნაცისტურ იდეოლოგიაზე უპირატესი იყოს, თუნდაც, სტალინსა და ჰიტლერს შორის დიდი განსხვავება არ არსებობდეს. საყოველთაო კოოპერაციის და სოლიდარობის მარქსისტული ხედვა უფრო მისაღებია, ვიდრე მაღალი რასების მიერ დაბალი რასების განადგურების ნაცისტური ხედვა; მაგრამ პირველი ხედვის ცენტრალიზებული, ავტორიტარული სახელმწიფოს გზით დანერგვა მიდრეკილია შედეგად მოგვცეს ისეთ რამ, რაც მეორე ხედვას უფრო ჰგავს.

ამის მსგავსად, თავისუფალი ბაზრის საშუალებით კონსერვატიული, ავტორიტარული მიზნების (როგორიცაა ჰეტეროპატრიარქია, თეთრი პრივილეგია, ჩაკეტილი საზღვრები, იერარქიული სამუშაო ადგილები, კაპიტალისტური სახელფასო სისტემა, და სხვა) მიღწევის მემარჯვენე-ლიბერტარიანული მცდელობანი იმავე მიზეზებითაა მარცხისთვისაა განწირული. შედეგად, ჩვენ ვხედავთ ლიბერტარიანულ-კონსერვატიული "ფუზიონიზმის" ჩამოშლას, მემარჯვენე ლიბერტარიანელების ტრანსფორმაციას ალტ-მემარჯვენეებად, და ა.შ. საბოლოოდ, როგორც უილიამ ჯილისი ამბობს, "ყველაფერი ფილოსოფიურად არასტაბილურია, ფაშიზმის და ანარქიზმის გარდა."

მიუხედავად ტერმინ "ნეოლიბერალიზმის" ეტიმოლოგიისა, თანამედროვე მემარცხენეები ამ ტერმინს პეჯორატიული მნიშვნელობით ხმარობენ როგორც კრონი კაპიტალიზმის, ისე - თავისუფალი ბაზრის მომხრეობის აღსანიშნავად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან დიამეტრულად საწინააღმდეგო იდეოლოგიების მომხრეობას აღნიშნავს.

შეიძლება ითქვას, რომ მემარცხენეებისთვის ყველა, ვინც კი მათზე ნაკლებად მემარცხენეა, ნეოლიბერალია, მიუხედავად იმისა, სინამდვილეში, მემარცხენეა ის, მემარჯვენე, ცენტრისტი, თუ ლიბერტარიანელი. ასეთი ბუნდოვანება ტერმინ "ნეოლიბერალს" თითქმის სრულიად გამოუსადეგარად აქცევს და უფრო მეტს თავად იმ ადამიანზე გვეუბნება, ვინც მას სხვების აღსაწერად იყენებს, ვიდრე მასზე, ვის აღსაწერადაც ამ ტერმინს იყენებენ.

"ნეოლიბერალი", ასევე უარყოფითი დატვირთვით, ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც ეკონომიკური თანასწორობის წინააღმდეგები არიან, იმ ფაქტის სრული უგულვებელყოფით, რომ ეკონომიკური უთანასწორობა შეიძლება როგორც სამართლიანი, ისე უსამართლო იყოს. ყველანაირი ქონებრივი უთანასწორობა ცუდი რამ არ არის. ქონებრივი უთანასწორობა ცუდია მხოლოდ მაშინ, როცა ის უსამართლოა, და ის კარგია მხოლოდ მაშინ, როცა ის სამართლიანია.

შეუზღუდავი კონკურენცია აუცილებლად ქმნის ნებაყოფლობით, ანუ, სამართლიან ქონებრივ უთანასწორობას, რის მიზეზსაც ის წარმოადგენს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში განსხვავებულ შედეგს აღწევენ. ადამიანები სწორედ იმიტომ შედიან ერთმანეთთან კონკურენციაში, რომ საკუთარი ნაყოფიერი შრომით ქონება დააგროვონ და გამდიდრდნენ. ეს დოვლათის წარმოქმნის და მთელი საზოგადოების კეთილდღეობის საწინდარია.

თუკი მწარმოებლები ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში იმყოფებიან, მათ მოგება შეუძლიათ ნახონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონკურენტებს აჯობებენ ან სერვისის ხარისხით, ან მისი ფასით, ან ორივეთი ერთად, და, შედეგად, მომხმარებლები მათ სერვისს იყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოგება და, შედეგად, გამდიდრება აინტერესებთ, და არა - მომხმარებლებისთვის სიკეთის მოტანა, მწარმოებლებს შორის შეუზღუდავი კონკურენციის შედეგად სწორედ მომხმარებლებლები ნახულობენ უზარმაზარ სარგებელს, რადგან ამათუიმ სერვისის იაფად და/ან ხარისხიანად ყიდვის საშუალება ეძლევათ. სწორედ ამას ეწოდება ბაზრის უხილავი ხელი: ინდივიდებს, რომელთა სურვილსაც პირადი სარგებლის ნახვა წარმოადგენს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვისაც მოაქვთ სიკეთე.

ამავე დროს, სახელმწიფო არის მექანიზმი, რითაც კონკურენციის ძალადობრივი შეზღუდვა ხდება და ამ გზით ძალადობრივი, ანუ, უსამართლო უთანასწორობა წარმოიქმნება. ეს დოვლათის შექმნას და ადამიანების გამდიდრებას უშლის ხელს. თუკი მთავრობა მოცემულ მწარმოებელთან გარიგებაში შევა, და მის მიერ დაწესებული აკრძალვებით, ანუ, რეგულაციებით, მას კონკურენტებს ჩამოაშორებს, მაშინ ეს მწარმოებელი აუცილებლად გამდიდრდება, და ის გამდიდრდება უსამართლოდ, ანუ, მომხმარებლების გაღატაკების ხარჯზე.

რადგან კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს, მომხმარებლებს მოუწევთ, რომ მთავრობის მიერ ძალადობრივი მონოპოლიის მდგომარეობაში ჩაყენებული მწარმოებლისგან მისი სერვისი დაბალი ხარისხით და/ან მაღალი ფასით იყიდონ და გაღატაკდნენ. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მწარმოებლები მომხმარებლების გაღატების ხარჯზე მდიდრდებიან.

თუკი მე შენზე უფრო ნიჭიერი და/ან შრომისმოყვარე ვარ, შეუზღუდავი კონკურენციის პირობებში მე შენზე უფრო წარმატებული და, ამდენად, უფრო მდიდარი ვიქნები, და ამაში არაფერია უსამართლო. უსამართლობა სწორედ ჩემთვის ჩემი პატიოსანი შრომით შექმნილი ქონების წართმევა და შენთვის მოცემაა, ჩვენი ქონებრივი გათანასწორების მიზნით. ასეთი უსამართლობა ნაყოფიერი შრომის გზით კონკურენციის სურვილს აქრობს, რის შედეგადაც ადამიანები უფრო ნაკლებად პროდუქტიულები ხდებიან, ეს კი, თავის მხრივ, მათ გაღატაკებას იწვევს: რაც უფრო მეტად წავართმევთ გადასახადების გზით ადამიანებს სამართლიანი კონკურენციის გზით დაგროვილ ქონებას, მით უფრო ნაკლებად ექნებათ მათ ნაყოფიერი შრომის და ამ გზით ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლის და გამდიდრების სურვილი.

როგორ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ უსამართლო უთანასწორობა არ წარმოიქმნებოდეს და ამ გზით სამართლიანი უთანასწორობის წარმოქმნა არ იზღუდებოდეს? უსამართლო უთანასწორობის წარმოქმნის ერთადერთი რეალური საშუალება არის ძალადობის გზით კონკურენციის შეზღუდვა, ხოლო სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა კონკურენციის შეზღუდვა ინსტიტუციონალიზებული ძალადობის გზით.

ამგვარად, სახელმწიფოს ბრძოლა სამართლიან უთანასწორობასთან უსამართლო უთანასწორობის წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენს და სამართლიან უთანასწორობასთან ბრძოლა მთელი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს. უსამართლო უთანასწორობის კონტროლი სწორედ სახელმწიფოს კონტროლს გულისხმობს: რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს მას, რომ უსამართლო უთანასწორობა წარმოქმნას და ამ გზით სამართლიანი უთანასწორობის წარმოქმნას შეუშალოს ხელი.

იმის თქმა, რომ თავისუფალი ბაზრის, ანუ, შეუზღუდავი კონკურენციის წყალობით დოვლათის დაგროვება მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს, არა მხოლოდ არალოგიკური აბსურდია, არამედ კაცობრიობის მთელი განვლილი ისტორიის უგულვებელყოფაც: ყველგან და ყოველთვის მოსახლეობა მით უფრო სწრაფად მდიდრდებოდა, რაც უფრო ნაკლებად ზღუდავდა მთავრობა სამართლიანი უთანასწორობის წარმოქმნას, ანუ, რაც უფრო მეტად ქმნიდა უსამართლო უთანასწორობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითქმის არავის აქვს სურვილი, რომ საკუთარ იდეოლოგიას ნეოლიბერალიზმი უწოდოს და, როგორც წესი, როცა ეს სიტყვა გამოიყენება, იგი სხვა ადამიანების იდეოლოგიის აღსანიშნავად იხმარება ხოლმე.

სტატიას "კაპიტალიზმის" და "სოციალიზმის" განხილვით დავასრულებ. რადგან ამ ორ ტერმინზე უკვე ვილაპარაკე ჩემს სტატიაში "მწარმოებლები მომხმარებლების წინააღმდეგ", აქ მხოლოდ როდერიკ ლონგის ვრცელი ციტატის მოყვანით შემოვიფარგლები.

"რენდი გარკვეული ტერმინების და იდეების იდენტიფიცირებას "ანტი-კონცეფციებად" ახდენდა, რითაც ისეთ ტერმინებს აღნიშნავდა, რომელთა ნამდვილი ფუნქცია საკითხში გარკვევის გაადვილება კი არ იყო, არამედ, პირიქით, ამის გაძნელება, რათა სხვა, ლეგიტიმური კონცეფციების გაგება გაგვჭირვებოდა. ანტი-კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კატეგორიას წარმოადგენს ის, რასაც რენდი "ფუთის გარიგებას" უწოდებდა და რის ქვეშაც ისეთ ტერმინს გულისხმობდა, რომლის შინაარსიც მალავს მის ფარულ წინასწარგანზრახვას, ერთად არმყოფი საგნები ერთად მყოფად გაასაღოს. თუმცა რენდი არ დამეთანხმებოდა შემდეგ მაგალითებში, დარწმუნებული ვარ, რომ ტერმინები "კაპიტალიზმი" და "სოციალიზმი" ნამდვილად ფუთის გარიგების ტიპის ანტი-კონცეფციებს წარმოადგენენ.

ლიბერტარიანელები ზოგჯერ დაობენ ხოლმე იმაზე, თუ რა არის ტერმინ "კაპიტალიზმის" "რეალური" ან "აუთენთური" მნიშვნელობა:

ა. თავისუფალი ბაზარი,

ბ. მთავრობის ფავორიტიზმი ბიზნესების მიმართ, თუ

გ. შრომის და საკუთრების გამიჯვნა, დანარჩენ ორს შორის არსებული ნეიტრალური განმარტება.

ავსტრიელები ტერმინს, ჩვეულებრივ, პირველი მნიშვნელობით იყენებენ, ხოლო თაკერის ტრადიციის ინდივიდუალისტი ანარქისტები - მეორე ან მესამე მნიშვნელობით. ამის მიუხედავად, ვშიშობ, რომ მისი ჩვეულებრივი გამოყენებით ეს ტერმინი ერთმანეთთან შეუთავსებელი შინაარსების შერწყმას აღნიშნავს.

წარმოიდგინეთ, რომ მე გამოვიგონე ახალი სიტყვა, "ზაქსლებაქსი", და განვმარტე ის, როგორც "ვაშინგტონის მონუმენტის მსგავსი მეტალის სფერო".

ეს არის დეფინიცია - "ვაშინგტონის მონუმენტის მსგავსი მეტალის სფერო". მოკლედ, მე დეფინიციაში ჩავაშენე ჩემი ცუდად შერჩეული მაგალითი. ახლა, ზოგიერთმა ლინგვისტურმა ჯგუფებმა შესაძლოა ტერმინ "ზაქსლებაქსის" გამოყენება ისე დაიწყონ, თითქოს, ის მხოლოდ "მეტალის სფეროს" აღნიშნავს, ან, თითქოს, მხოლოდ ისეთ რაღაცას აღნიშნავს, "რაც ისეთივეა, როგორიც ვაშინგტონის მონუმენტი", და ამას არა უშავს. მაგრამ ჩემი დეფინიცია ორივე მაგ განმარტებას მოიცავს, რითაც მალავს ცრუ მოსაზრებას, რომ ვაშინგტონის მონუმენტი მეტალის სფეროა. ტერმინ "ზაქსლებაქსის" გამოყენების ნებისმიერი მცდელობა იმ მნიშვნელობით, რასაც მე ვგულისხმობდი, ტერმინის გამომყენებელს ამ მცდარ მოსაზრებაში ჩაითრევს. ეს არის ის, რასაც რენდი ფუთის გარიგების ტერმინის ქვეშ გულისხმობს.

ახლა, მე ვფიქრობ, რომ ტერმინი კაპიტალიზმი, იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც ამ სიტყვას ადამიანების უმრავლესობა ანიჭებს, ფუთის გარიგების ტერმინია. "კაპიტალიზმის"ქვეშ ადამიანების უმრავლესობა არც, უბრალოდ, თავისუფალ ბაზარს, და არც, უბრალოდ, გაბატონებულ ნეომერკანტილურ სისტემას არ გულისხმობს. სინამდვილეში, რასაც ადამიანების უმრავლესობა "კაპიტალიზმად" მოიაზრებს, არის "ეს თავისუფალი ბაზრის სისტემა, რომელიც ამჟამად გაბატონებულია დასავლურ სამყაროში". მოკლედ, ტერმინი კაპიტალიზმი, მისი საზოგადო გამოყენებით, მალავს მოსაზრებას, რომ გაბატონებული სისტემა თავისუფალი ბაზარია. და რადგან გაბატონებული სისტემა სინამდვილეში მთავრობის ფავორიტიზმია ბიზნესების მიმართ, მოცემული ტერმინის ჩვეული გამოყენება გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ თავისუფალი ბაზარი ბიზნესების მიმართ მთავრობის ფავორიტიზმს წარმოადგენს.

ამის მსგავსი განხილვა ესადაგება ტერმინ "სოციალიზმსაც". ადამიანების უმრავლესობა არ გულისხმობს "სოციალიზმის" ქვეშ რაღაც ისეთ ზუსტს, როგორიც სახელმწიფოს მიერ წარმოების საშუალებების ფლობაა. ამის ნაცვლად, რასაც ისინი რეალურად გულისხმობენ, არის რაღაც "კაპიტალიზმის საწინააღმდეგო". ჰოდა, თუკი "კაპიტალიზმი" ფუთის გარიგების ტერმინია, ასეთივე ტერმინია "სოციალიზმი": იგი ისე გამოხატავს როგორც თავისუფალი ბაზრის მიმართ წინააღმდეგობას, ისე ნეომერკანტილიზმის მიმართ წინააღმდეგობას, ვითომდა ეს ორი რამ ერთიდაიგივე იყოს.

და ეს, ჩემი აზრით, არის ამ ტერმინების ფუნქცია: თავისუფალ ბაზარსა და ნეომერკანტილიზმს შორის განსხვავების გაბუნდოვნება. ასეთი აღრევა ფართოდ გავრცელებულია, რადგან იგი ეტატისტურ ისთებლიშმენთს აძლევს ხელს: ისინი, ვისაც თავისუფალი ბაზრის დაცვა სურთ, უფრო ადვილად შეიძლება ცდუნდნენ რომ ნეომერკანტილიზმი დაიცვან, და ისინი, ვისაც ნეომერკანტილიზმთან ბრძოლა სურთ, უფრო ადვილად შეიძლება ცდუნდნენ რომ თავისუფალ ბაზარს ებრძოლონ. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოდ რჩება."

სურათზე ვაშინგტონის მონუმენტია გამოსახული.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები