სიახლეები

ჯაფარიძე: ჩემს პროცესს თუ პიკეტირების დღეს დაამთხვევენ, არ მივალ სასამართლოში

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში, თუმცა დილით მას მოსამართლის თანაშემწემ დაურეკა და უთხრა, რომ კვლავ გადაიდება მისი პროცესი, როდისთვის, ეს ჯერ არ არის ცნობილი.

ჯაფარიძის თქმით სასამართლო პროცესი შესაძლოა ორშაბათის აქციას დაამთხვიონ ან სამშაბათს, როცა პიკეტირებაა დაგეგმილი.

თუ პიკეტირებას დაამთხვევენ, სასამართლოზე არ მივალ, ამ დღეების განმავლობაში დავდიოდი და იქ ვიყავი, რადგან ჩემ გარდა ჩემი სტუდენტებისა და გირჩის მხარდამჭერების პროცესებიც იყო ჩანიშნული და საჭიროდ ჩავთვალე, რომ იქ ვყოფილიყავი.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ეს არის პატარა ადამიანების მცდელობა შური იძიონ "პროტესტანტებზე" და ფიქრობენ, რომ ამან რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინონ მათზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეებიდან, 12-ს მიუსაჯა ადმინისტრაციული სასჯელი, ათი ადამიანი პატიმრობაში დატოვა 5-დან 13 დღემდე, ერთს 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ერთს - სიტყვიერი გაფრთხილება. რაც შეეხება დარჩენილ 25 ადამიანს, რომელიც აქციის დღეს დააკავეს, მათი პროცესები ასევე, განუსაზღველი ვადით არის გადადებული.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები