სიახლეები

135 Views
პოლიტიკა

უმრავლესობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემაც დატოვა

ქართული ოცნების 8 წევრის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემაც, დატოვა. 

ბეგაძის მიერ უმრავლესობის დატოვების მიზეზი, თანაგუნდელების მსგავსად, ქართული ოცნების მხრიდან კანონპროექტის ჩაგდებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბეგაძე წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან სხდომაზე დასწრებაზე ვერ მოახერხა და ვერც განსაკუთრებულ რისკს ვერ ხედავდა იმისას, რომ საკითხს მისი თანაგუნდელების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ ექნებოდა. 

დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას

- წერს ბეგაძე. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო ქართული ოცნება ამ დროისთვის 9 დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა მარიამ ჯაშმა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები