სიახლეები

236 Views
ეკონომიკა

მიკროსაფინანსოების ბაზარზე, რეგულაციების გამო, 400-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო

შემცირებული სესხები, სამსახურის გარეშე დარჩენილი 400-ზე მეტი ადამიანი - ასეთია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა 1 წელიწადში.

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდა და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, საფინანსო სექტორზე, განსაკუთრებით კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ნეგატიურად აისახა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4174 ადამიანი, რაც 416 ადამიანით, დაახლოებით, 9,9 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს მიკროსაფინანსოებში 4 590 ადამიანი მუშაობდა.

შემცირებულია მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების მთლიანი მოცულობაც. 2019 წლის III კვარტალში გაცემული იყო 1,097 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1,208 მლრდ. რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 110,8 მლნ ლარით შემცირდა.

წყაროBpn.ge

კომენტარები