სიახლეები

268 Views
პოლიტიკა

ჯგერენაია: საპატრიარქო ძალადობრივ ჯგუფებს მწვანეს უნთებს

ამ მოვლენებზე, მათ შორის, იმაზე, რომ ადამიანი დაშავდა, ლამის თვალი დაკარგა ანა სუბელიანმა, პასუხისმგებელი საპატრიარქოა

"ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარმა ლევან ჯგერენაიამ, კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე პროცესები შეაფასა, სადაც ულტრანაციონალისტური და რელიგიური ჯგუფები, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებდნენ. ჯგერენაიას თქმით, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ის ადამიანები, ვინც სათავეში ედგნენ ამ აქციას, მეორეხარისხოვნები არიან და მთავარი პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ პროცესებზე, საპატრიარქოა.

"ბოლო დღეებია საპატრიარქოსგან გვესმის, რომ არ დაუშვებენ საქართველოში გეი ფილმის ჩვენებას, როცა საპატრიარქო ასეთ განცხადებას ავრცელებს, ის ფაქტობრივად კურთხევას აძლევს  და მწვანე შუქს უნთებს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს, იძალადონ სხვა ადამიანებზე.

როცა ამბობენ, რომ ავკრძალავთ ფილმის ჩვენებას, ან ამის უფლებას არ მივცემთ ადამიანებს, არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი მშვიდობიანად დასხდებიან, დაილაპარაკებენ და ვინმეს გადარწმუნებას ეცდებიან. ყველას გვახსოვს ამ ტიპის ჯგუფების ქმედებები, თუნდაც 17 მაისს, როცა სასულიერო პირები ტაბურეტკებით მისდევდნენ ადამიანებს."

ჯგერენაიას თქმით ეს ადამიანები საზოგადოების გარკვეულ ჯგუფის განწყობებზე თამაშობენ და ქულებს იწერენ მათ თვალში.

როგორც 'ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი აღნიშნავს, ამ პროტესტანტ ჯგუფებს, მართლა რომ სჯეროდეთ იმის, თითქოს ამ ფილმის ნახვა ცოდვაში ჩააგდებთ და ქართველობას დაკარგავენ, თავადვე არ გაავრცელებდნენ ნაწყვეტებს სოციალური ქსელის მეშვეობით, რადგან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადეს, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის და არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში, რაიმე ფილმის ჩვენების აკრძალვას შეძლებენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები