სიახლეები

ილია ლიბერტარიანელია

ილია ჭავჭავაძე ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეული პიროვნებაა.  მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ მისი როლი თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია.

ილიას საქმიანობა და მემკვიდრეობა ერთდროულად არის ძალიან მრავალმხრივიც და ასევე გამთლიანებულიც. მისი შემოქმედება მოიცავს პროზას, პოეზიას, თარგმანებს, პუბლიცისტიკას, რედაქტორობას. ასევე იყო ბანკის დამაარსებელი და საგანმანათლებლო საზოგადოების დამფუძნებელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობა ერთი იდეის, მიზნის და ღირებულების - მეტი თავისუფლების მატარებელი იყო. 

ილია ჭავჭავაძის  აქტუალურობიდან გამომდინარე მასზე უამრავი ტექსტი და ნაშრომი შექმნილა. ამიტომ, რამე ახლის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძალიან ცოტას თუ მოსვლია თავში აზრად, რომ  ყურადღება მიექცია ილიას შემოქმედებაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, როგორიც ეკონომიკაა.

გადავწყვიტე თავი შევიკავო საკუთარი აზრების წერისგან და აქცენტი გავაკეთო ილიას ციტატებსა და გამონათქვამებზე, რომლებიც მის ტექსტებში აღმოვაჩინე. უნდა აღვნიშნო, რომ ილიას შეხედულებებზე დიდი გავლენა მოახდინეს კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევარმა მოაზროვნეებმა. ის არამარტო თავისი დაკვირვებით და გამოცდილებით აკეთებდა დასკვნებს, არამედ აქტიურად კითხულობდა და სწავლობდა ცნობილ, დასავლურ, ეკონომიკური შინაარსის ტექსტებს.

არის ერთი პატარა წიგნი, გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან დაწერილი... მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი „მცარცველობის ფიზიოლოგია“, რომელმაც იქნება გვიშველოს, ზოგიერთი რამე გავიგოთ და ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქნეს.

(ილია ჭავჭავაძე, 1863)

მოცემული მონაკვეთიდან ვასკვნით, რომ ილია ჭავჭავაძე კითხულობდა და იზიარებდა ისეთი ცნობილი და გამორჩეული ფრანგი კლასიკური ლიბერალი მოღვაწის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და ეკონომისტის  აზრებს, როგორიც იყო ფრედერიკ ბასტია. (ბასტიას მე ფრანგ ილიას ვეძახი) მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლებ ყურადღებას არ ვაქცევთ ილიას ეკონომიკურ ხედვებს, მისთვის პირიქით სწორედ ეკონომიკური მხარე იყო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხი. 


„მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა.“ (ილია დღეს: პოლიტიკური ფილოსოფია, იდეოლოგია, პოლიტიკა, პოლიტიკოსები: წიგნი ომარ გოგიაშვილი,გამოქვეყნდა 2012წ.)

ის ფაქტი, რომ ილია დიდ ყურადღებას უთმობდა ეკონომიკას, უკვე გავარკვიეთ. ახლა გავიგოთ, კონკრეტულად რა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ილია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მომხრე იყო.

საბაზრო ეკონომიკა ემყარება შემდეგ პრინციპებს: თავისუფალ მეწარმეობას, წარმოების საშუალებებზე საკუთრების უფლებას და სამართლიან შეჯიბრს (კონკურენციას), საბაზრო ფასწარმოქმნას და ბაზრის სუბიექტებს შორის ნებაყოფლობით სახელშეკრულებო ურთიერთობებს.

ვნახოთ, რას ამბობს ილია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით :

ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს.

(ილია, ცხოვრება და კანონი“ - 1877წ.)


თანამედროვე ენით: საკუთრების უფლება ადამიანის მთავარი ფუნდამენტური ბუნებითი უფლებაა, და მისი შელახვა ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია.

,,კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს … მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე (1997: 222)
თანამედროვე ენით: კერძო საკუთრების უფლება ქვეყნის ეკონომიკური წარმატების განმაპირობებელია.

საინტერესოა, რამდენად შორს მიდის ილია საკუთრების უფლების ნაწილში? რას ფიქრობს ის ამ უფლების შეზღუდვაზე თუ ის სახელმწიფოს და საზოგადო სიკეთისთვის აუცილებელია? რას ფიქრობს საკუთრების ძალადობით წართმევის (ექსპოპრიაციის) შესახებ?

„თუმცა მიწის პატრონს ამ შემთხვევაში სასყიდელი ეძლევა, მაგრამ მაინც ეს ამბავი კერძო უფლების ზღუდეთა შერღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან აქ საკუთრების დათმობა იძულებულია, ძალაუნებური და არა ნებაყოფილობითი მოსაკუთრის მხრით.“  (ილია, ცხოვრება და კანონი“ - 1877წ.)

თანამედროვე ენით:მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო რამდენს შესთავაზებს კერძო მესაკუთრეს, ქონების სანაცვლოდ, თუ ადამიანის ნება-სურვილის გარეშე მოხდა მისთვის საკუთრების ჩამორთმევა, მაშინ ეს საკუთრების უფლების შელახვა და ფეხქვეშ გათელვაა. 

როგორც ვიცით, კონკურენცია თავისუფალო საბაზრო ეკონომიკის ერთ ერთი მთავარი პოსტულატია. სწორედ კონკურენციაა ის რასაც ვერ იტანენ სოციალისტები და რის გამოც თვლიან, რომ კაპიტალისტური სამყარო უსამართლოა. მოდით, ვნახოთ რას ფიქრობს კონკურენციაზე ილია მართალი: 

ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის - უძრავი ქონებაა თუ მოძრავი - რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა. 

(ილია დღეს, გამოქვეყნდა 2012)

თანამედროვე ენით: თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში დოვლათი და სიკეთე უნიჭო, ზარმაცი ადამიანის ხელიდან გადადის უფრო ნიჭიერი, გონიერი და პროდუქტიული ადამიანის ხელში. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. 

ილია ამავე ციტატით აცამტვერებს მემარცხენეების მთავარ პრეტენზიას არათანაბარ სასტარტო ქონებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, მემკვიდრეობის უსამართლობაზე. ილია ამბობს, რომ თუ ადამიანი არ იმსახურებს სიმდიდრეს ის ისედაც დაკარგავს მას, კონკურენციის მეშვეობით.

გაოცებული ხართ ხომ? ჯერ სად ხართ. ილია ასევე შეეხო ისეთ ეკონომიკურ პრობლემას, რომელსაც პროტექციონიზმი ეწოდება. ალბათ ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ილია ვინმეზე ნაკლებად ეროვნული და ნაციონალური ადამიანი იყო, მაგრამ ის გაუმართლებლად თვლიდა ყოველგვარ პროტექციონისტურ ჩარევას და რაიმე უპირატესობის მინიჭებას კონკრეტულ პროდუქტებსა და მეწარმეებზე.

„პროტექციონობის მიზანია შინაურს საქონელს მოპირისპირე მოაცილოს ბაზარში და თვით სხვა ამ ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს... გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ასეთი პოლიტიკა ანდერძაგებულია და დაწუნებული“. (ილია, სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა 1887წ.)

თანამედროვე ენით: შეიძლება პროტექციონისტები თვლიან, რომ კონკურენციის შეზღუდვით კონკრეტულ მრეწველობას დაეხმარებიან განვითარებაში, მაგრამ ეს აზრი მცდარი და გრძელვადიან პერიოდში კრახისთვის განწირულია.

ჩვენს მიწათმოქმედებას ის ნაყოფი გამოვაღებინოთ, რაც რუსეთში არ მოდის ბუნებურ გარემოებათა გამო და იქიდამ ის ვეზიდოთ, რაც იქ ბევრი მოდის და უფრო იეფიც არის. ის აუარებელი შრომა და ხარჯი, რაც, მაგალითად, მარტო პურის მოყვანაზე მოდის ჩვენში და ასე ძვირად გვიჯდება, სხვა უფრო ძვირფას საგანს რომ მოვახმაროთ რუსეთში გასატანად და იქიდან პური ვეზიდოთ, მითამ წაგებაში ვიქნებით და არა დიდ მოგებაში?.  

(ილია, კახეთის სოფლის მეურნეობის კავშირი, 1895).


მოცემული ციტატა ცხადყოფს, რომ ილია იცნობდა დევიდ რიკარდოს ნაშრომებს ან დამოუკიდებლად მივიდა იმავე დასკვნებამდე. ეს ნაწყვეტი, არაჩვეულებრივად ასახავს მის დამოკიდებულებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის, ალტერნატიული დანახარჯის და შედარებითი უპირატესობის შესახებ.

 „მიწის დამუშავება არა თავის გატანაზე უნდა იყოს ორიენტირებული არამედ მშრომელს მაქსიმალური მოგება უნდა მისცეს და შრომის ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ისე როგორც ეს ბელგიაში და ინგლისშია“ (შინაური მიმოხილვები) 

ალბათ იცით ილიას დროინდელ ინგლისში როგორი ეკონომიკური პოლიტიკა იყო - თავისუფალი, თავისუფალი, თავისუფალი.

 „ინგლისის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩემბერლენი ჰქადაგებდა, “მუშათა უნუგეშო ყოფა უმამულობიდან წარმოსდგებაო; ამისი წამალი სოფლის მამულების წვრილ-წვრილად განაწილებაა მუშათა შორისო”. (ილია, 1886, მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე ევროპაში,ტ.9, გვ.188)

განსხვავებულია ილიას დამოკიდებულება  გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელიც ბისმარკის მეშვეობით სოციალიზმის გზას დაადგა.

ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა. დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.

(ილია, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება 1889-1890)


არ გყოფნით ეს არგუმენტები? კარგი, მოდით, ახლა ვნახოთ რას ფიქრობს ილია ფასზე წარმოქმნასა და მონეტარულ პოლიტიკაზე.

„საცა მიქცევ მოქცევაა საქონლის პატრონთა შორის, იმ ადგილს ბაზარი ჰქვიან. საქონელთა ყიდვა-გაყიდვას, გაცვლას, მთლიანობაში, საქონელმიმოქცევა ეწოდება, რომელიც საქონლის ფასს ხან ასწევს, ხან დასწევს.“ (ილია, შინაური მიმოხილვა. ( ნაწილი 2) 1882 წელი)


მიყვარს ეს კაცი. ილია მიხვდა იმას, რასაც ვერ მიხვდა ვერც ადამ სმითი და ვერც ავად სახსენებელი კარლ მარქსი. ილიამ  გვითხრა, რომ საგანს არანაირი ობიექტური ფასი არ გააჩნია, ფასის შრომითი თეორია მცდარია, ერთადერთი, რაც ფასზე მოქმედებს არის მოთხოვნა მიწოდება.

ის ფაქტი, რომ ილია კარლ მარქსზე გონიერი აღმოჩნდა, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ მე-19 საკუნეში მოღვაწე ადამიანი რომ ერთი საუკუნით ადრე გააცამტვერებს მე-20 საუკუნის ეკონომიკის მთავარი ვარსკვლავის  ჯონ მეინარდ კეინზის მთავარ იდეას, ეს უკვე უბრალო საქმე აღარაა.

კერძოდ: 
„თუ საქონლის რიცხვი იგივეა, მაშინ რაც ქვეყანაში ფული ტრიალებს ერთი-ორად რომ იქცეს, საქონლის ფასებიც ერთი ორად აიწევს მხოლოდ“ (ილია, სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა1887წ.).


მოცემული ციტატა გვეუბნება, რომ ფულის მასის ზრდა ბაზარზე მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს. მონეტარული პოლიტიკა ბაზარზე ახალ პროდუქტს ვერ შექმნის, ერთადერთი შედეგი რასაც ფულის ზედმეტი ბეჭდვა მოგვცემს, პროდუქტზე ფასის ზრდაა. ილიას ეს მოსაზრება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, კერძოდ კი, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის უმთავრესი იდეაა და ის ფაქტი, რომ ილია ამაზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა, გასაოცარია.

ილია პრობლემად მიიჩნევს გადასახადებს, ის თვლიდა, რომ საქონლის გაცვლა თავისუფალი უნდა ყოფილიყო გადასახადებისგან და კანონმდებელს არ უნდა hქონოდა ამ პროცესში ჩარევის უფლება: 

საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანობნმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას.

 (ილია, სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა1887წ.)


მაშ, რას თვლის ილია სახელმწიფოს ფუნქციად? პასუხი: 

„სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა, მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია." 


ნამდვილი კლასიკური ლიბერალის სიტყვებია... ჯონ ლოკსაც შეშურდებოდა. ეს ციტატა ცხადყოფს, რომ  ილია მინარქისტული (მინიმალისტური, გუშაგი) სახელმწიფოს მომხრეა.  

დასასრულს, ტკბილ ლუკმად, კიდევ ერთი ციტატა შემოგიტოვეთ...უბრალოდ წაიკითხეთ და  დაუჯერეთ, ილია ხომ მართალია. 

ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად.

 (ილია, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება, კრებული 1889-1890)

ილია  მართალი, მართალი მართალი... ლიბერტარიანელი.

ავტორი: ცოტნე კობერიძე
 

კომენტარები