სიახლეები

LKGBT

KGB

შენ ხარ საბჭოთა KGB-ს თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე რომ რელიგიური ორგანიზაციების მაღალი თუ საშუალო რანგის იერარქები აკონტროლოს. მოსამზადებელ კურსზე გასწავლეს, რომ რელიგიით მასების კონტროლი იოლი და ხშირ შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებისთვის გამოსადეგი საქმეა. ადამიანის რწმენასთან ბრძოლამ არ გაამართლა და მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა რელიგია დიადი კომუნიზმის მშენებლობის სამსახურში ჩაეყენებინა. მეტიც, რელიგიური ინსტიტუტები ჩართული უნდა იყვნენ:

ა) ქვეყნის შიგნით აღსარებაზე მისულ ადამიანებზე ინფორმაციის შეგროვებაში, 

ბ) ქვეყნის გარეთ მსოფლიო იმპერიული კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კონტროლი ნიშნავს არა უბრალოდ მეთვალყურეობას, არამედ, ყოველი კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დავალების უპირობო და მყისიერ შესრულებას - ფაქტობრივად სინდისზე უარის თქმას და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რიგით ჭანჭიკად და, თუ საჭირო გახდა, ჯალათად ქცევას.

ადამიანზე ასეთი ტიპის კონტროლის დამყარება არ არის მარტივი საქმე. არც ერთ ადამიანზე. თუმცა, შენ არ გჭირდება ველოსიპედის გამოგონება და მიმართავ უკვე აპრობირებულ და ეფექტურ გზას:

საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. შენი მიზანია:

  1. რელიგიურ ორგანიზაციებში გეი მამაკაცების ინფილტრაცია
  2. მათი დაწინაურება
  3.  მათზე კომპრომატების მოპოვება/შენახვა.

თითოეული ასეთი ადამიანი შენი უპირობო მორჩილი იქნება სიკვდილამდე, რადგან მათი ‘საიდუმლოს’ გასაჯაროება, ავტომატურად ნიშნავს მათი ცხოვრების განადგურებას და შესაძლოა სიცოცხლის დაკარგვასაც კი.

ამის გაკეთება არც ისე რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ რელიგიური ორგანიზაციები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა შენი წინამორბედების მიერ და ფაქტობრივად ყველა ღირსეული სასულიერო პირი სისტემამ შენამდე გაანადგურა.

After KGB

შენ ხარ პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებელი ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც ფორმალურად პასუხისმგებელია იმაზე, რომ რელიგიური ორგანიზაციები იყვნენ ‘სახელმწიფოს სამსახურში‘, თუმცა, რეალურად, გევალება დროის კონკრეტულ მომენტში კონკრეტული პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ რელიგიური ორგანიზაციების ლოიალობის უზრუნველყოფა.

მემკვიდრეობად გერგო მოცემულობა, რომელშიც შენს წინამორბედს რელიგიური ორგანიზაციების მაღალი იერარქები პირდაპირ მორჩილებაში ჰყავდა და ეფექტური კონტროლისთვის იყენებდა მათი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს.

ერთადერთი განსხვავება შენს რეალობასა და საბჭოთა დროს შორის ის არის, რომ ჰომოსექსუალიზმი აღარ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. თუმცა, სწრაფად ხვდები, რომ კოდექსში ასეთი ჩანაწერის არსებობა სულაც არ წარმოადგენს კრიტიკულ აუცილებლობას, რადგან საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ფაშიზმთან მომიჯნავე კონსერვატორული შეხედულებების გათვალისწინებით, ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ მტკიცებულებების გასჯაროება ისევე საკმარისია ადამიანის სრული განადგურებისთვის, როგორც მაგადანში გადასახლება, წინა სისტემის დროს.

თუმცა, პრობლემა გაქვს - ასეთი ხასიათის ინფორმაციის და მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ქვეყნიდან გატანილი დაგხვდა. შესაბამისად, თუ ვინმე ინარჩუნებს მაღალი რანგის სასულიერო იერარქებზე ეფექტურ კონტროლს, ეს მტერი სახელმწიფოა. შენ კი ისღა დაგრჩენია კონკრეტული ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სხვის მიერ კონტროლირებად სასულიერო იერარქებთან (უფრო ზუსტად კი მათ ქვეშევრდომებთან, რადგან ზედა ეშელონს პოლიტიკური ძალაუფლების მქონეთა ზედა ეშელონი ეკონტაქტება) პოლიტიკურ თამაშში შეხვიდე და პარალელურად სცადო ‘კომპრომატების’ საკუთარი ბაზის შექმნა.

Brotherhood

საძმო დახურული ორგანიზაციაა, რომელიც პროფკავშირების წესებით მოქმედებს.

დახურული იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი საიდუმლოს მატარებელია, რომლის საჯაროდ გამოტანაც საძმოს გაანადგურებს. საძმოში მკაცრი იერარქიაა, რომელიც ზემდგომის უპირობო მორჩილებაზე დგას. საძმოს შიგნით ყველა სისტემა, ფინანსურის ჩათლით, ცენტრალიზებულია. არავის საძმოს გარედან არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაიხედოს საძმოს შიდა საქმეებში. ყველა პრობლემა საძმოს შიგნით, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე უნდა მოგვარდეს. ნებისმიერი ვინც დაარღვევს საძმოს წესებს ან, მითუმეტეს, ეცდება საძმოს მთავარი საიდუმლოს საჯაროდ გატანას, უნდა გაირიყოს საძმოდან და საჯაროდ გაიკიცხოს, რომ საძმოს რომელიმე სხვა წევრმაც არ გაბედოს მომავალში მსგავსი რამის გაკეთება.

როგორც პროფკავშირები იყენებს საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობას, როგორც პოლიტიკურ ძალაუფლებას და ცდილობს საკუთარი თავისთვის მეტი ბენეფიტების მიღებას სახელმწიფოსთან გარიგებების გზით, ზუსტად ასევე, საძმო იყენებს საკუთარ გავლენას სახელმწიფოსგან მეტი რესურსის, მეტი ძალაუფლებისა და მეტი უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით.

მეტიც, როგორც პროფკავშირები ზრუნავს მხოლოდ საკუთარ წევრებზე და ებრძვის სხვა დასაქმებულებს (მათ შორის ფიზიკურადაც უსწორდება), რომლებიც უარს ამბობენ პროფკავშირებში გაწევრიანებაზე და თანხმდებიან შედარებით დაბალ ხელფასზე, ან შედარებით ცუდ სამუშაო პირობებზე, ზუსტად ასევე, საძმო იცავს მხოლოდ საკუთარ წევრებს და ებრძვის იმავე საიდუმლოს მატარებელ სხვა ადამიანებს, რომლებიც არ არიან საძმოს წევრები და გადაწყვეტენ საიდმულო ‘აღარ შეინახონ’.

Secret

საიდუმლო ბევრი რამე შეიძლება იყოს. მათ შორის … საძმოს წევრთა ჰომოსექსუალიზმი.

ავტორი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

კომენტარები