სიახლეები

121 Views
ეკონომიკა

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკონომიკური პროგრამის შეფასება

8 ივნისს, პარტიამ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საზოგადოებას საკუთარი ეკონომიკური პროგრამა ან უფრო ხედვა გააცნო. უკვე ტრადიციულად, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ წარმოგიდგენთ მორიგი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამის შეფასებას.

მთავარი გზავნილი

პროგრამის მთავარი გზავნილი არის ერთმნიშვნელოვნად სწორი - „სწრაფი ეკონომიკური ზრდა ერთადერთი გამოსავალია მიმდინარე პრობლემების, სიღარიბის, უმუშევრობის, მერყევი ეროვნული ვალუტის, მძიმე სოციალური ვითარების დასაძლევად“. კონკრეტული ქმედებების აღწერა მეტწილად ზოგადია და განსხვავებულად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი თემისადმი დამოკიდებულება კი გვაფიქრებინებს, რომ პარტიაში ან არ ესმით, რა გზით შეიძლება მათივე მთავარი მიზნის მიღწევა ან პოპულიზმის გამო ცდილობენ ამომრჩეველს ასიამოვნონ და ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს სთავაზობენ, რაც შეუძლებელს ხდის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

ზოგადი ფრაზები

პროგრამის დიდი ნაწილი შედგება ზოგადი ფრაზებისგან, რომელთა გაგება და გაანალიზება შეუძლებელია. მაგალითად: „გატარებული რეფორმები და შემოღებული რეგულაციები დაეფუძნება გრძელვადიან ერთიან ეკონომიკურ ხედვას და აღარ იქნება სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული“. თუ უცნობია, რაში მდგომარეობს ეკონომიკური ხედვა ან ის მცდარია, მაშინ ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას შეუძლია, მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის „გრძელვადიანად და თანმიმდევრულად“ გატარებაა. „განვახორციელებთ საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას“ ან „შევამცირებთ ბიუროკრატიას“. სამწუხაროდ, პროგრამა არ იძლევა პასუხს რა იგულისხმება ოპტიმიზაციაში, რამდენით შემცირდება ხარჯები ან ბიუროკრატია. ამიტომ, სწორი იქნება შევეხოთ პროგრამის მხოლოდ იმ ნაწილებს, საიდანაც აზრის გამოტანა შესაძლებელია.

ეკონომიკური განვითარება

მესიჯი #1 – „საშემოსავლო და მოგების გადასახადი შემცირდება 20%-დან 15%-მდე“ -გადასახადის შემცირება სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ცნობილია რამდენით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტი ან შემცირდება თუ არა საერთოდ. თუ პარტია გადასახადების შემცირებას ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ ასეთი მცირე მასშტაბით? პასუხი კითხვაზე, თუ რამდენით უნდა შემცირდეს გადასახადი, სხვა კითხვაზე პასუხია - რამდენით უნდა შემცირდეს ბიუჯეტი გამოხატული კონკრეტულ ციფრში. თუ გადასახადებს შევამცირებთ და ბიუჯეტის დეფიციტის ვალით ან ინფლაციით დავაფინანსებთ, უმჯობესია გადასახადი არ შემცირდეს. პროგრამა ამ კითხვას არ პასუხობს.

მესიჯი #2 – „მცირე მეწარმეთა სტიმულირებისთვის გავზრდით მიკრო და მცირე ბიზნესის განმსაზღვრელ წლიურ ბრუნვაზე დაწესებულ ლიმიტებს. შესაბამისად, უფრო მეტ მეწარმეს შეეხება მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი შეღავათები“ - რიგითი ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე „ბრუნვაზე დაწესებული ლიმიტი“ ნიშნავს ბრუნვას, რომლის ფარგლებში მეწარმე გათავისუფლებულია გადასახადებისგან ან უფრო დაბალი გადასახადით იბეგრება. ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს მიკრო ბიზნესისთვის ზღვრის 30-დან 90 ათასამდე, ხოლო მცირე ბიზნესისთვის 100-დან 200 ათასამდე აწევას ჰპირდება. საგადასახადო შეღავათების გაფართოების პოპულისტურ დაპირებაში გამარჯვებული გამოვლინდება მაშინ, როდესაც ბატონი პაატა საკუთარ ციფრებს დაასახელებს. მეწარმეების ზომის მიხედვით დაყოფა და ზომის მიხედვით საგადასახადო შეღავათების დაწესება ანუ კონკურენტებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება არის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ირიბი სუბსიდირება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით მავნე და მორალის თვალსაზრისით უსამართლო გადაწყვეტილებაა. ყველა მეწარმის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოემსახუროს. მეწარმის წარმატება ხშირად ბიზნესის ზომის ზრდაში გამოიხატება, რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს „სასჯელის“ საფუძველი.


ზოგადად, სასჯელი წარმატებისთვის არ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთი მიდგომა ემსახურება მხოლოდ ამომრჩევლის კონკრეტული სეგმენტის გულის მოგებას წინასაარჩევნოდ და აჩენს ხვრელს საგადასახადო სისტემაში, თანმდევი პრობლემებით.

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა

„ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობის ხელშეწყობით“ - ისევე, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი, მაგრამ ზოგადი გზავნილი არის სწორი. თუმცა კონკრეტულ წინადადებებში ღრმა პრობლემები მჟღავნდება.

მესიჯი #3 – „უნივერსალური ჯანმრთელობის პროგრამის ტრანსფორმირებას და მის ფოკუსირებას სამიზნე ჯგუფებზე. გადამხდელუნარიანი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად მიღებული სარგებლით თავად შეძლებს კერძო სადაზღვევო ბაზარზე პოლისის შეძენას. ამით დაიზოგება სახელმწიფო ბიუჯეტი და გამოთავისუფლებულ რესურსებს მივმართავთ მიზნობრივ სეგმენტზე, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას (საარსებო შემწეობის მიმღები პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, ვეტერანები)“ ამ გზავნილიდან გაუგებარია „სამიზნე ჯგუფების“ შინაარსი. ცნობილია, რომ 400 ათასამდე ასაკოვანი ადამიანი (პენსიონრები) ანუ მათ ნახევარზე მეტი, მოსახლეობის უფრო შეძლებულ ნახევარში ცხოვრობს, ხოლო 300 ათასზე ოდნავ მეტი - გაჭირვებულ ნახევარში. ასაკოვანი ადამიანების მსგავსად, სხვა კატეგორიის ადამიანებიც (ბავშვები, ვეტერანები) შესაძლებელია ცხოვრობდნენ როგორც შეძლებულ, ისე გაჭირვებულ ოჯახებში და მათთვის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას მიზნობრივ, გაჭირვებული ადამიანებისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებად ვერ განვიხილავთ. ამიტომ ამ კატეგორიების დაფინანსება დღეს მოქმედი საყოველთაობის პრინციპისგან არაფრით განსხვავდება. ეს მესიჯი ნიშნავს, რომ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ აპირებს გააგრძელოს ბიუჯეტის ფულის ფლანგვა შეძლებულ ოჯახებზე. ამ ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ დაბრუნებული თანხა უბრალოდ საგადასახადო შეღავათს ნიშნავს, ეს ფული კი, რეალურად, ეკონომიკის განვითარებას და გაჭირვებული ოჯახების დახმარებას დააკლდება.

მესიჯი #4 – „უზრუნველვყოფთ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს შიდა აუდიტის გამკაცრებით და ხარისხის კონტროლის პროგრამების დანერგვით“ ეს გზავნილი შეუთავსებელია დაპირებასთან, რომელიც კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობას გულისხმობს. კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში ხარისხის გაუმჯობესების სტიმულს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და კონკურენტული გარემო იძლევა. შესაბამისად, გაუგებარია რა დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს ხარისხის კონტროლის პროგრამებმა და კონკრეტულად რის შიდა აუდიტირებას ჰპირდება ამომრჩეველს პარტია.

მესიჯი #5 – „პირველადი ჯანდაცვა დაეფუძნება საოჯახო მედიცინას“ ეს გზავნილიც წინას მსგავსად აჩენს ეჭვს, რომ პროგრამის ავტორებს კერძო სადაზღვევო სისტემის შინაარსი არ ესმით. პირველადი ჯანდაცვა ვითარდება და ეფექტურია მაშინ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანია სამედიცინო დანახარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს და აქცენტი გადააქვს პროფილაქტიკაზე და ამბულატორიულ მომსახურებაზე, როგორც საავადმყოფოში მკურნალობაზე უფრო ხარჯ-ეფექტურ მომსახურებაზე. საოჯახო მედიცინის განვითარება კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარების თანმდევი ეფექტია და სახელმწიფოსგან არანაირ ჩარევას არ საჭიროებს.

მესიჯი #6 – „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემწეობა გაიზრდება 50%-ით და, ხოლო პენსია 250 ლარამდე“ სიღარიბის ზღვარი დღეს ნიშნავს 10 ოჯახიდან ყველაზე გაჭირვებულ მხოლოდ ერთ ოჯახს. რეალურად, მეორე და მესამე ოჯახიც ასევე ძალიან გაჭირვებულია და მათი ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ამ ერთი ოჯახისთვის შემწეობის გაზრდა 50%-ით არის უსამართლო, რადგან ასეთი ოჯახები გაზრდილი დახმარების მიღების შემდეგ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იმ ოჯახებთან შედარებით, ვინც ასეთ დახმარებას ვერ იღებს და მისივე მსგავსი გასაჭირი უდგას. ასაკოვანი ადამიანებისთვის დახმარების მომატება საყოველთაობის პრინციპით ასევე არასწორია! არსებული ე.წ. საპენსიო სისტემა არის ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური ხარჯების არასწორი განაწილების მთავარი მიზეზი. ამ სისტემაში პენსიის დახმარების სახით გაზრდა ნიშნავს, ბიუჯეტში არსებული სოციალური დანიშნულების ფულის უდიდესი ნაწილის ფლანგვის გაგრძელებას შეძლებულ და მდიდარ ოჯახებზე (იხ. ზემოთ #1 მესიჯი). სახელმწიფოსგან ფულს უნდა იღებდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც უჭირთ. ნებისმიერი სხვა კრიტერიუმით (მათ შორის, ასაკობრივი ნიშნით) ბიუჯეტიდან ფულის დარიგება არის საფუძველშივე მცდარი და ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას.

ტურიზმის განვითარება

მესიჯი #7 – „ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი განვითარება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის“ ხელისუფლების მიერ ბიზნესის ფავორიტი სექტორების გამოყოფა საშიში ტენდენციაა. თუ მთავრობას ჰგონია, რომ შეუძლია იწინასწარმეტყველოს ეკონომიკის რომელი სფერო აღმოჩნდება პერსპექტიული მომავალში, ეს ნიშნავს, რომ ის მზადაა „დასაჯოს“ სხვა სფეროებში დასაქმებული გადასახადის გადამხდელები და მათი გადახდილი ფულით დაასუბსიდიროს ფავორიტი ბიზნესი. ეს მიდგომა არახალია. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სახელმწიფოს ფავორიტი ბიზნესის სტატუსით სხვადასხვა მასშტაბით სარგებლობდა ჩაი, ბორჯომი, ღვინო, ექსპორტის წახალისება, განათლება, კურდღლების ფერმა, სოკოს წარმოება. ფავორიტის სტატუსის მინიჭება ბიზნესების უმრავლესობისთვის გაქრობით მთავრდება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არა მავნებლობის მასშტაბი, რომელიც ეკონომიკას ტურიზმის სუბსიდირებამ შეიძლება მოუტანოს, რაც შესაძლოა დამანგრეველი არ აღმოჩნდეს, არამედ სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის/ხედვის არარსებობა.

მესიჯი #8 – „სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად“; „აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ინფრასტრუქტურაზე“ ეს გზავნილი არის უბრალოდ მავნე პოპულიზმი. სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებზე სწრაფად განვითარებას, სოფლად მხოლოდ სიღატაკის ზრდა შეუძლია. სოფლის მეურნეობა ეფექტურია მაშინ, თუ მცირე რაოდენობით ადამიანი, ტექნოლოგიების გამოყენებით, დიდი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს. ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭიროა მცირე მიწიანი გლეხური მეურნეობების გამსხვილება. ასეთი სოფლის მეურნეობის პირობებში აგრარულ სექტორში გაცილებით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული. ძალიან საინტერესოა, რა სოციალურ დახმარებას შესთავაზებს პაატა ბურჭულაძე მილიონზე მეტ ადამიანს, რომლებიც მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამო საკუთარი შრომით არსებობის შესაძლებლობას დაკარგავენ? ქვეყნის ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რათა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ქალაქში, მომსახურების და მრეწველობის სფეროებში. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები ქვეყანაში ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომ მათ ღირსეულად დასაქმება და შვილებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა შეძლონ.

პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ სოფლად მცხოვრები ადამიანების მოტყუება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დახმარების დაპირებებით.

რომ შევაჯამოთ, პროგრამაში არის სწორი ზოგადი აქცენტები, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ აპირებს, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთარ მიზანს. პროგრამაში მრავლადაა კეთილდღეობის სწრაფი გაუმჯობესებისთვის მავნე პოპულისტური ინიციატივები.

კომენტარები