სიახლეები

487 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია საპატრიარქოზე: კრიტიკული აზრის დახშობამ საბოლოოდ ეს სისტემა შიგნიდან ააფეთქა

რადიო მაესტროს ეთერში, იაგო ხვიჩიამ საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალურ პროცესებზე ისაუბრა:

საპატრიარქო არის დაკეტილი უწყება, 40 წელია ჩვენ არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველას უყვარს პატრიარქი და ა.შ. - ხომ ფაქტია, რომ ამ ხალხს აერთიანებდა არა რაიმე იდეოლოგიური ერთიანობა, ან მართლა ქრისტიანული საქმეების კეთება, არამედ პატრიარქის ავტორიტეტი და ცენტრალიზებული ინსტიტუცია, რომელიც ძალიან ავტოკრატიულ პრინციპებზე იყო აწყობილი და ეს ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ციანიდის საქმის შემდეგ, შესაძლებელი გახდა პატრიარქზე კრიტიკული აზრის დაფიქისრება, რამაც საბოლოო ჯამში ის გამოიწვია, რაც გუშინ მთელმა საქართველომ ნახა.  ხვიჩიას თქმით, ამ მოვლენებს ყველაფერი შეიძლება მოჰყვეს და საჭიროა დავაკვირდეთ პროცესებს, რათა სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს,როგორც არასტაბილურობა და ცუდი რაღაცები, შეიძლება ასევე ეკლესიის შიგნით გაჯანსაღების პროცესიც დაიწყოს. მე ამას ვუყურებ როგორც სიახლეს, რომლისაც არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა უნდა დავაკვირდეთ და ფრთხილად მოვიქცეთ, რომ პროცესი სრულიად უკონტროლო არ გახდეს და კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიადგეს ქართულ საზოგადოებას, რომელსაც რაღაცის სჯეროდა, ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო და ცა ჩამოექცა." - ამბობს "გირჩის" ლიდერი რადიო მაესტროს ეთერში.

იაგო ხვიჩიას თქმით, ეს პროცესები მარტივად ჩაფარცხვადი არ არის და დიდხანს იქნება ქვეყანაში მსჯელობის საგანი.

დახურულმა სისტემამ, საჯაროობის უქონლობამ და კრიტიკული აზრის დახშობამ, კრიტიკოსების სისტემიდან გარეთ გამოგდებამ, საბოლოო ჯამში ეს სტრუქტურა შიგნიდან ააფეთქა.

- ასე ახასიათებს "გირჩის" ლიდერი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით ეს კრიზისი ბევრად უფრო ღრმაა და  ამ პროცესებმა ბევრი რამ უნდა გვასწავლოს - გაგვააზრებინოს.

"ჩვენ აქამდე ჯერ კიდევ საბჭოთა ეკლესია გვქონდა, რომელიც შეზრდილი იყო სხვადასხვა ხელისუფლებებთან, ის არა ხალხის ნების, არამედ ხელისუფლებებისა და ეკლესიის შეთანხმების გამომხატველი იყო, ვფიქრობ ამ კრიზისიდან ჩვენი ეკლესია იქამდე ვერ გამოვა, სანამ თავის როლს ხელახლა არ გადაიაზრებს."

იაგო ხვიჩიამ რადიო მაესტროს ეთერში ისიც აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ეს პროცესები კიდევ ერთხელ ამტკიცებს:

ეს კაცი დაიჭირეს მარტო იმიტომ, რომ საპატრიარქოს ასე უნდოდა და ყველაფერზე წავიდა ამ თვალსაზრისით ქართული პროკურატურა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ სასამართლოც პროკურატურის ნების ბრმა შემსრულებელია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები