შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა! ზურაბ ჯაფარიძე აქცია-მსვლელობას აანონსებს
"შეწყდეს შმაქსისტებზე ნადირობა! " - ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-მსვლელობას აანონსებს.
29 ოქტომბერს, 12 საათზე, გირჩის წევრები, მხარდამჭერები და შმაქსის მასწავლებლები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალამდე, აქცია-მსვლელობას მოაწყობენ.
"ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
მისი თქმით, აქციაზე დააყენებენ სამ მოთხოვნას:
- შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;
- გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;
- გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღეა პატრულმა "შმაქსისტებზე ნადირობა" დაიწყო. მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხსნიან პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე, მაინც უწერენ ჯარიმას:
"ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში".