სიახლეები

"ქართული მიწა" და ბიუროკრატია!

"კერძო საკუთრება ადამიანისთვის ქმნის სივრცეს, სადაც იგი თავისუფალია სახელმწიფოსგან."
ლუდვიგ ფონ მიზესი

ადრე, სანამ მოძალადე "ბალშევიკები" დაეპატრონებოდნენ ქვეყანას, "ქართულ მიწას" კონკრეტული პატრონი ჰყავდა. სახნავ-სათესი, ტყე, მდინარე და ა.შ. კერძო მესაკუთრეების ხელში იყო. სამწუხაროდ ბოლშევიკური ტრადიცია დღემდე გრძელდება: მიწების 70% კვლავ სახელმწიფოს ხელშია, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ უპატრონოა, "საერთო საკუთრების ტრაგედიის" ასპარეზია.

სახელმწიფოს წართმეულის, მიტაცებულის უკან დაბრუნება არ უყვარს, კერძო საკუთრებაც არ ეხატება გულზე, ის ხომ თავისუფლების საფუძველია, ამცირებს პიროვნების სახელმწიფოზე დამოკიდებულებას და ძირს უთხრის ეტატისტურ სენტიმენტებს.

ქართული სახელმწიფოც იმავე ბუნებისაა რაც სხვები, მაგრამ ერთი "უპირატესობით" : საბჭოთა წარსულითაა ავად. აგერ 30 წელი ხდება დამოუკიდებლობიდან და სოციალიზმის დემონტაჟი არადა არ ხერხდება. ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება, მართლმსაჯულება, ზოგადად მენტალობა ღრმად საბჭოურია…

მოგეხსენებათ სახელმწიფო სულაც არაა აბსტრაქტული ცნება, იგი ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებშია განსხეულებული. მათ კი, როგორც ჩვენ ყველას, პირადი ინტერესები აქვთ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებაში არ მყოფნი, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ თუ ამავე დროს სხვების ინტერესებს ვაკმაყოფილებთ, ხელისუფალნი კი პირიქით - თავიანთ მიზნებს ჩვენთვის ზიანის მოყენების ხარჯზე აღწევენ!

სწორედ ეგაა მთავარი მიზეზი, რომ დღემდე მიწები არ უბრუნდება მის ნამდვილ პატრონს - ქართველ ხალხს. მთავრობები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ბიუროკრატთა სურვილი: ძალაუფლების საშუალებით, მაქინაციებით დაეპატრონონ იმას, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრებაა.

რატომაა, რომ მეზობელ თურქეთში ერთი ჰექტარი, არც თუ ხარისხიანი მიწა, 30 ათასი დოლარი ღირს, ხოლო ჩვენთან (მაგალითად ლანჩხუთში) 3 ათასი ლარიც არა?!
მიზეზი ცხადია, მიწების უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია, რაც საკუთრებაში გადმოგვცეს დიდწილად ისიც დაურეგისტრირებელია. მიწა ფაქტობრივად ამოვარდნილია საბაზრო მიმოქცევიდან, გაუფასურებულია და სოფელი რჩება სიღატაკეში. 

ხელოვნურად გაუფასურებული მიწები ხელში უვარდებათ სახელმწიფო ჩინოვნიკებს და მათთან დაახლოებულ კარის ბიზნესმენებს, ეს ყაჩაღობა კი პატრიოტობის საფარქვეშ ხდება: "წინაპართა სისხლით მორწყული მიწა არაბებს მივყიდოთ?!" - არა ბატონებო, ნუ მიჰყიდით, მის ერთადერთ პატრონს ქართველ ხალხს დაუბრუნეთ. უფასოდ გადაეცით საქართველოს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში. შემდეგ მესაკუთრეები და ბაზარი თავად გადაწყვეტენ გაყიდონ (მათ შორის უცხოელებზე) და სხვა საქმით დაკავდნენ, თუ იყიდონ და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში სცადონ ბედი.

ეს ნაბიჯი იქნება სამართლიანი და ეკონომიკურად მომგებიანი, საფუძველი იმისა, რომ ჩვენთანაც მიწა დაახლოებით იგივე ეღირება რაც განვითარებულ ქვეყნებშია. ბიძგს მისცემს მიწების გამსხვილებას და ფერმერული მეურნეობის განვითარებას. ქართული მიწის დაცვა მის კაპიტალიზაციაშია. მიწა მაშინაა "დაცული" როდესაც კონკრეტული პატრონი ჰყავს და დამუშავებულია!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები