სიახლეები

860 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: ადრე თუ ჩემოდნებით გაჰქონდათ ფული ერ-ბანკიდან, ახლა რეფინანსირების სესხზე გადავიდნენ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რეფინანსირების სესხის  ზრდაზე ისაუბრა ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის აზრით".

როგორც ცოტნემ აღნიშნა, ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ასეთ ეკონომიკურ საკითხებზე და ვერც იაზრებენ რამდენად სერიოზული პრობლემაა ეროვნული ბანკისა და მთავრობის ქმედებები.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე ფინანსური პროცესები დიდწილად არც განსხვავდება ახლანდელი ამბებისგან, უბრალოდ ახლა მეთოდები დახვეწა ეროვნულმა ბანკმა და პრობლემის დანახვა, ამჯერად, ჩვეულებრივი, ეკონომიკურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის ბევრად უფრო რთულია.

მაშინ შევარდნაძე დაურეკავდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეტყოდა ეს და ეს კაცი მოვა ამდენი ფული გაატანე. ანუ მიდიოდა ვიღაც და ეროვნული ბანკიდან ფული გაჰქონდა ჩემოდნით. ეს, ნებისმიერი, ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი გასაგებია, რომ არ იყო ნორმალური პროცესი. ასე დაიწყო პირველმა ცენტრალურმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტმაც შემდეგ თავი მოიკლა პროკურატურის შენობაში, ასე უშვებდა ფულს, ვიღაცა აკითხავდა და შევარდნაძის მითითებით ჩემოდნებით გაჰქონდათ ფული.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ეს პერიოდი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესს დაემთხვა და ამ ფულით კონკრეტულმა ადამიანებმა უზარმაზარი ქონება ჩაიგდეს ხელში შავ ბაზარზე, ანუ ოჯახიდან თუ თითო ვაუჩერი მისცეს ადამიანებს საპრივატიზაციოდ, ამის მიღმა, იმ ხალხმა, ვისაც ჩემოდნებით გაჰქონდა ერ ბანკიდან ფული, ცალკე შავ ბაზარზე ყიდულობდა ვაუჩერებს და მთელ ქონებას იგდებდა ხელში.

ამ პერიოდს ემთხვევა კუპონის ჰიპერინფლაციაც, ანაბრების გაქრობაც და ბევრი პრობლემა, რაც 90-იანებში იყო. 

- ამბობს ჯაფარიძე.

"მოგვიანებით, მთავრობას თუ დაჭირდებოდა ფული და შიდა ვალის აღება, ეროვნული ბანკიდან იღებდა, თუმცა ბენდუქიძის ჩამოსვლის შემდეგ კანონით აიკრძალა მთავრობის დაფინანსება ეროვნული ბანკის მიერ და უფრო დახვეწილი მეთოდის მოფიქრება დაჭირდათ, როგორ აეღოთ ფული კანონიერად."

ჯაფარიძის თქმით, ე.წ. რეფინანსირების სესხი ამისთვის დაჭირდა მთავრობას - თუ ფული სჭირდება და არ შეუძლია პირდაპირ გამოართვას ეროვნულ ბანკს, რა წყაროები აქვს? ან გადასახადები უნდა აწიოს, (რასაც ისედაც აკეთებენ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, აქციზის გადასახადი 27-ჯერ აწიეს). თუკი სადმე შეეძლოთ, სადაც შეზღუდვა არ ჰქონდათ, ყველგან აწიეს გადასახადები. თუმცა ამასაც რაღაც ზღვარი აქვს, მათ შორის მერე პოლიტიკური ფასის გადახდა უწევთ. "

თუ ჭირდებათ შიდა ვალის აღება, მთავრობა მიდის და ართმევს ამ ფულს კომერციულ ბანკებს, რაც არის ბევრად უფრო ძვირი, გარეთ რომ აეღოთ ეს ვალი, უფრო იაფი იქნებოდა, თუმცა კომერციულ ბანკს ცხადია აწყობს, მთავრობაზე გასცეს სესხი, რადგან ნაკლებად რისკიანია. ამის შემდეგ კომერციულ ბანკებს თუ დაჭირდათ ფული და ლიკვიდობის პრობლემა შეექმნათ, რადგან მთავრობამ წაიღო მთელი ფული, ისინი მერე ეროვნულ ბანკს აკითხავენ, რომელიც დამატებით ფულს დაბეჭდავს. საბოლოო ჯამში, მაინც გამოდის, რომ მთავრობამ ფული აიღო ეროვნული ბანკისგან, უბრალოდ შუალედური მოთამაშე იყო კომერციული ბანკი.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მთავრობა პრაქტიკულად ყოველი წლის ბოლოს გეგმავს, მომავალ წელს რამდენით გააღარიბოს მოსახლეობა და ჰქონდეთ სამიზნე ინფლაცია, პირობითად 3 %, რაც ნიშნავს, რომ 3 %-ით ყველას გვაღარიბებენ, ვისაც ლარში გვაქვს რაიმე დანაზოგი.  ზურაბ ჯაფარიძის თქმით საბოლოო ჯამში, იმავე ფინანსური პრობლემის წინაშე ვართ, რაც 90-იან წლებში იყო საქართველოში და რეფინანსირების სესხის ზრდაც ამის კარგი მაგალითია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები