როგორ იქცა ირლანდია კელტურ ვეფხვად

ავტორი: შონ დორგანი

შონ დორგანი 1999 წლის იანვრიდან იყო IDA Ireland–ის აღმასრულებელი დირექტორი. IDA-ში გაწევრიანებამდე ის იყო ირლანდიის ინდუსტრიის და ვაჭრობისა და ტურიზმისა დეპარტამენტის გენერალური მდივანი და ირლანდიის პრივილეგირებული ბუღალტრების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს თავმჯდომარე და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წევრი რამდენიმე საბჭოში. 

გამოცემულია The Heritage Foundation-ის მიერ

2006 წლის 23 ივნისი

თარგმანი:  მარიამ ივანიძე

შესავალი

სულ რაღაც ერთი თაობის განმავლობაში ირლანდია დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნიდან ყველაზე წარმატებულ ქვეყნად გადაიქცა. მან შეძლო ქვეყნიდან მოსახლეობის ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი ნაწილის იმიგრაციის პროცესის შეჩერება და აყვავებული და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის რეპუტაციის შექმნა. 

მრავალი წლის შეუპოვარი შრომის შედეგად წარსულს ჩაბარდა პერიოდი, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი შემცირებით, ცხოვრების დაბალი სტანდარტებითა და ეკონომიკური სტაგნაციით იყო დასამახსოვრებელი. ამჟამად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ მაჩვენებლის მიხედვით ირლანდია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მეორეა (ის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება), 1/3-ით უსწრებს EU-25 წევრებს (ევროკავშირში 2007 წლამდე გაწევრიანებულ ქვეყნებს) და კვლავაც განაგრძობს გამაოგნებელ ზრდასა და განვითარებას. (იხ. გრაფიკი 1)

ირლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვარია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. 1990-2005 წლებში დასაქმების მაჩვენებელი 1.1 მილიონიდან 1.9 მილიონამდე გაიზარდა. ეკონომიკურმა ზრდამ (რამაც ცხოვრების დონის სტანდარტები მაღლა აწია) და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენამ იმიგრაციის საკითხის მოგვარების რეალური შესაძლებლობები გააჩინა მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა თაობების მანძილზე თანმდევი იყო ირლანდიისთვის. (იხ. გრაფიკი 2)

1996 წლიდან 2005 წლამდე მოსახლეობა თითქმის 15 პროცენტით გაიზარდა, რაც წინა წლების ტენდენციის გამაოგნებელი შემობრუნება იყო. 2004 წლის ივნისიდან 2005 წლის ივლისამდე დასაქმების მაჩვენებელი 5 პროცენტით გაიზარდა. ახლა ირლანდია ევროკავშირის 10 უახლესი წევრი ქვეყნის მუშახელის დიდი ნაწილისათვის შესაძლებლობების სავანედ განიხილება. 4.4 პროცენტიანი უმუშევრობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებულია, ხოლო 2003 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად მთელი შიდა პროდუქტის 17 პროცენტი შეადგინა. 

ირლანდიამ წარმატებას სწორი პოლიტიკისა და პრაგმატიზმის შერწყმით მიაღწია. ირლანდიის პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა მსოფლიო ბაზრისათვის შეთავაზებული ღია ეკონომიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციები იყო. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის მანძილზე მიღწეული ეკონომიკური წინსვლა და წარმატება მრავალ შიდა და გარე ფაქტორს შეიძლება მივაწეროთ, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ინვესტიციების მოსაზიდად ირლანდიას დიდი ხანია დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს და კვლავაც აპირებს ამ პოლიტიკის შენარჩუნებას. მანამდე, სანამ ამჟამად მოქმედი 12.5 პროცენტიანი მოგების საგადასახადო განაკვეთი დამკვიდრდებოდა, 1950-იან წლებში ირლანდიაში საგადასახადო განაკვეთი ექსპორტზე 0 პროცენტს, ხოლო 1980-იან წლებში საგადასახადო განაკვეთი წარმოებასა და სხვა საერთაშორისო სავაჭრო მომსახურებებზე 10 პროცენტს შეადგენდა. 

ირლანდიის გარდაქმნა ეროვნულ სახეს ატარებდა. ინდივიდებს, ბიზნესს, სხვადასხვა ინსტიტუტებსა და მთავრობას ერთნაირი ამბიციები ჰქონდათ. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შვილებს უნდა ჰქონოდათ არჩევანის საშუალება, რაც მანამდე არ არსებობდა, და რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ იძულებული, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიეტოვებინათ საკუთარი სახლი და საზოგადოება. პოლიტიკური გადაწყვეტილებები განპირობებული და შენარჩუნებული იყო საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმატების მიღწევის ნებით. ზოგჯერ გონივრული პოლიტიკიდან გადახრებიც შეიმჩნეოდა, თუმცა მრავალი, ძალზედ რთული წლის შემდეგ მდგრადი განვითარების ნიშნები გამოჩნდა.

ამ ნაშრომში ახსნილია, თუ როგორ მიმდინარეობდა ასეთი გარდაქმნის პროცესი.

ეკონომიკური ნაციონალიზმი

1922 წელს გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ირლანდია ერთ თაობის განმავლობაში ეკონომიკური თვითმყოფადობის მოპოვებას ცდილობდა. ის მცირე მასშტაბის მიწათმოქმედებას ეყრდნობოდა, პირველადი პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში გაჰქონდა და, ძირითადად, 3 მილიონიანი შიდა ბაზრისთვის აწარმოებდა საქონელს. ისეთი სავაჭრო ბარიერებით, როგორებიცაა მაღალი ტარიფები და იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა, ირლანდია ცდილობდა წარმატებულად გაეტარებინა ეკონომიკურ ნაციონალიზმის პოლიტიკა, თუმცა, კრახი გარდაუვალი იყო. 

1922 წელს, როდესაც ახალი სახელმწიფო დაფუძნდა, ირლანდიის მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლები იყო. და განაგრძობდა მცირედით კლებას (იხ. გრაფიკი 3) 1950-იან წლებამდე, როდესაც ქვეყანა ერთბაშად 400 000 ადამიანმა (მოსახლეობის 1/7-მა) დატოვა. არ შეიძლება არსებობდეს ეკონომიკური პოლიტიკის მარცხისა და შესაძლებლობების გამოუყენებლობის, ისევე, როგორც ეროვნული მისწრაფებების არაადეკვატური განხორციელების ამაზე უფრო აშკარა მტკიცებულება.

1950-იანი წლების შუა წლებიდან მოყოლებული აშკარა გახდა, რომ ეკონომიკური ნაციონალიზმი მდგრადი ვერ იქნებოდა. სტაგნაცია და იმიგრაცია, რამაც საზოგადოებაში სასოწარკვეთის განცდა წარმოშვა, მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა ომისშემდგომი ევროპის სხვა, სწრაფად აღდგენად ეკონომიკებთან. ამის გააზრების შედეგად ირლანდიამ სწრაფად გაატარა რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები.

ამ დრომდე არსებული პროტექციონიზმი ღიაობამ ჩაანაცვლა, რაც, თავის მხრივ, გაუსაძლისი პირობებიდან პროგრესზე გადასვლის აუცილებლობით იყო განპირობებული და რაც ირლანდიას ეკონომიკური წარმატების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენდა.

პოლიტიკის ცვლილებებს “ეკონომიკური განვითარება” - 1958 წელს გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი აერთიანებდა. ეს დოკუმენტი ეკონომიკური მენეჯმენტის მთავარ მიზნად არა ფისკალურ შეზღუდვებს, რითაც შეიცვალა უწინ არსებული პოლიტიკური მიდგომები (T. K. Whitaker, Economic Development (Dublin: Stationery Office, 1958), არამედ თავისუფალ ვაჭრობას, უცხოურ ინვესტიციებს, სამეწარმეო ინვესტიციებსა (სოციალური ინვესტიციების ნაცვლად) და ზრდა-განვითარებას განიხილავდა. 1956 წელს პირველად იქნა შეთავაზებული ექსპორტზე ყველა გადასახადის შემსუბუქება, რაც ბიზნესის განვითარების წახალისების მოტივით იყო განპირობებული. 1958 წელს გაუქმდა უცხოელების მიერ ბიზნესის ფლობასთან დაკავშრებული ყველა რეგულაცია და კონტროლის მექანიზმი. 

ადრეულ 1960-იან წლებში ირლანდიამ ცალმხრივად შეამცირა ტარიფები იმპორტზე და გაერთიანებულ სამეფოსთან დაიწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის დამკვიდრების თაობაზე. შეთანხმებას 1965 წელს მოეწერა  ხელი, რის შემდეგაც, 1967 წელს, ირლანდია შეუერთდა გენერალურ შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ. 1961 წელს ირლანდიამ ღიად განაცხადა, რომ ესწრაფვოდა, შეერთებოდა ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას, რომელიც 1957 წელს ექვსმა წევრმა სახელმწიფომ დააარსა. გაერთიანებული სამეფოსაც ასეთივე მიზანი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე საფრანგეთი აღნიშნულ ინიციატივაზე ვეტოს დადებით ეწინააღმდეგებოდა მათ მოკავშირეობას. აქედან გამომდინარე, არც ირლანდიის განაცხადი აღმოჩნდა წარმატებული. საბოლოოდ, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია და დანია 1973 წელს შეუერთდნენ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას. 

პოლიტიკის ამგვარ ცვლილებას ხელს უწყობდა იმ თაობის ჩანაცვლება, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა (თუმცა შონ ლემასი, პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 5 წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განახორციელა, თავად ამ თაობის წარმომადგენელი იყო). ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის კენ ვიტაკერს, სამოქალაქო სამსახურის ახალგაზრდა და შორსმჭვრეტელ, პროგრესულ ხელმძღვანელს, რომელიც 1956 წლიდან 1969 წლამდე ფინანსთა დეპარტამენტს უძღვებოდა. სწორედ ვიტაკერი იყო “ეკონომიკური განვითარების” ძირითადი ავტორი.

ღიაობაზე გადასვლა

1960-იან წლებში ღია ბაზრების რაოდენობის ზრდამ სტიმული მისცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას წინა ათწლულთან შედარებით. ეროვნული შემოსავლის, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP), ასევე მთლიანი ეროვნული პროდუქტის (GNP) საშუალო წლიურმა ზრდამ 4.2 პროცენტს მიაღწია. სამრეწველო განვითარების ორგანო (IDA) საზღვარგარეთ ეძიებდა წარმოების ახალ, თანამედროვე დარგებს, რომლებისთვისაც, სარგებლის მისაღებად, მიმზიდველი იქნებოდა ინგლისურენოვანი და დაბალანაზღაურებადი მუშახელის სიმრავლე და ექსპორტიდან მიღებული ნებისმიერი მოგების გადასახადიდან გათავისუფლება. Pfizer, რომელმაც 1969 წელს პირველი საწარმო გახსნა, ერთ-ერთი იყო იმ 350-ზე მეტი უცხოური კომპანიიდან, რომლებიც შეიქმნა ირლანდიაში 1970 წლისთვის. 

მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა პროგრესმა თავიდან ვერც ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და ვერც იმიგრაციის პრობლემა გადაჭრა. რეალურად, პროგრესი გარკვეული ფასი დაჯდა: ბევრი კომპანია, რომელიც წინა წლებში დაფუძნდა და პატარა დახურული ბაზრისთვის ქმნიდა პროდუქტს, თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენტუუნარო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ირლანდია დიდწილად კვლავ მიწათმოქმედებაზე იყო დამოკიდებული, რასაც დაბალი პროდუქციულობა და შემოსავლები ახასიათებდა, და იმიგრაციის ტემპი ბიზნესში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპს აჭარბებდა. შესაბამისად, 1960-იან წლებში სამუშაო ადგილების რაოდენობა არ გაზრდილა და ქვეყნიდან იმიგრაციის პროცესი გაგრძელდა, თუმცა, იმიგრაციის მაჩვენებელი 1950-იანი წლების მაჩვენებელზე დაბალი იყო.

1960-იან წლებში სახელმწიფოს ფუნქციებიც გაფართოვდა. 1960 წლიდან 1973 წლამდე საზოგადოებრივი ხარჯები მთლიანი ეროვნული პროდუქტის 32 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა სოციალური მომსახურებისა და განათლების სფეროებში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დააფინანსა ირლანდიაში განათლების სფეროს შემსწავლელი სერიოზული კვლევა (“ინვესტიცია განათლებაში”), რომლის ანგარიშიც 1965 წელს გამოიცა. მასში ხაზი გაესვა იმას, რომ განათლება ირლანდიის საზოგადოებისა და ეკონომიკის მომავალი განვითარების უნმიშვნელოვანესი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში პირდაპირ რეკომენდირებული არ ყოფილა, 1967 წლიდან სახელმწიფო საშუალო განათლებასა და სასკოლო ტრანსპორტს აფინანსებდა. ამ ღონისძიებამ მკვეთრად აამაღლა მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის განათლების დონე. 

ირლანდია ცდილობდა ამგვარ ღიაობას შეგუებოდა. ეროვნულმა სამრეწველო-ეკონომიკურმა საბჭომ, რომელშიც სახელმწიფოს, ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები შედიოდნენ  წარმოების რესტრუქტურიზაციის ის პრობლემები გამოვალინა, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის სფეროში კონკურენციას ექიმნებოდა. მრავლისმომცველი კონსულტაციებისა და საქმიანობის უკან იდგა ცვლილებების უდრეკი ნება, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები და ხარჯები გარდაუვალი იქნებოდა. 

დღევანდელი გადმოსახედიდან ღიაობისკენ მიმავალი გზა შეუქცევადი იყო, თუმცა იმ დროს, შესაძლოა, ყოველთვის ასე არ ჩანდა. 1960 წელს პირველი (სახელმწიფო) ტელემაუწყებლობის შექმნამ მალევე შეუწყო ხელი ტრადიციული საზოგადოებრივი ნორმებისა და ფასეულობების განხილვას, ზოგჯერ კი მათში დაეჭვებასაც. ქვეყანამ, რომელიც ინტროსპექტული და ძალიან მგრძნობიარე იყო საკუთარი ისტორიის მიმართ, ის ახალი შესაძლებლობები დაინახა, რომელთა უპირატესობებსაც სხვა ქვეყნები იყენებდნენ. 

ევროპასთან გაერთიანება და წინსვლა

1973 წელს, როდესაც ირლანდია ევროპის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა, მის მიერ საკუთარი თავის რწმენისა და სტატუსის შეგრძნება გაძლიერდა. ირლანდიას უკვე შეეძლო უფრო მსხვილ და წარმატებულ სახელმწიფოებთან პარტნიორობა, თანაც ისე, რომ კოლონიალური წარსული ჩამოშორებული ჰქონდა. ბიზნესს ახლა ბევრად უფრო მსხვილ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა და ექსპორტის დიდი ბრიტანეთისგან გათავისუფლებაც რეალური გახდა. უფრო მეტიც, ევროპის ეკონომიკური კავშირის საერთო სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის საშუალებით ირლანდიის სოფლის მეურნეობამ ფართო ბაზარზე კარგი ფასებით შეძლო შესვლა. ირლანდიის ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ და პერსპექტიულობამ საზოგადოებრივი განწყობაც გააუმჯობესა.

1970-იანმა წლებმა წარსულის ტენდენციები შეცვალა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად გაიზარდა მოსახლეობა. ამ ზრდამ ერთ ათწლეულში 15 პროცენტი შეადგინა. ეროვნული შემოსავალი სტაბილურად, წელიწადში 4 პროცენტიანი განაკვეთით იზრდებოდა. წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, დასაქმების მაჩვენებელი წლიურად 1 პროცენტით მატულობდა, თუმცა ამ ზრდის დიდი ნაწილი სახელმწიფო სექტორზე მოდიოდა, რამაც მომდევნო წლებში ამ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას შეუწყო ხელი. 

IDA-მ ცენტრალური როლი ითამაშა წარმატების გზაზე მვლელობისას. იმისდა მიუხედავად, რომ მას კვლავ სახელმწიფო აფინანსებდა, 1970 წელს დაფუძნებულ IDA-ს საკუთარი, ინდუსტრიისა და ვაჭრობის დეპარტამენტისგან (რომლის ნაწილსაც ის შეადგენდა) დამოუკიდებელი საბჭო, თანამშრომლები და საოპერაციო თავისუფლება ჰქონდა. ის იყო მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული სააგენტო, რომელმაც მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით დაიწყო მასშტაბური და მდგრადი კამპანია თანამედროვე წარმოების ბაზის შესაქმნელად. 

IDA-მ პრაგმატული, საქმეზე ორიენტირებული და ფოკუსირებული მარკეტინგული მეთოდები აითვისა. ერთ-ერთ საკვანძო გადაწყვეტილებას წარმოდგენდა ყურადღების გამახვილება იმ კომპანიებზე, რომლებიც მომავლის უმაღლეს ტექნოლოგიებზე იყვნენ ორიენტირებული, მაღალი პროდუქტიულობა ახასიათებდათ და შესაბამისი უნარები გააჩნდათ. მთავარი სამიზნე სფეროებს წარმოადგენდა: კომპიუტერული ინდუსტრია, ფარმაცევტიკა და სამედიცინო ტექნოლოგიები. მათ მოსდევდა საერთაშორისო მომსახურებების სფერო. მალევე მოხერხდა ინვესტიციების მოზიდვა ისეთი მოწინავე კომპანიებისგან, როგორებიცაა: Amdahl, Baxter Travenol, Digital, Merck Sharpe, Wang და Warner Lambert. IDA-მ შეძლო ყველა ამ კომპანიის დარწმუნება იმაში, რომ ევროპისა და სხვა ბაზრებზე გასასვლელად ღირებული და მომგებიანი იქნებოდა ექსპორტის პლატფორმად ირლანდიის გამოყენება. 1975 წლისთვის 450-ზე მეტმა უცხოურმა ინდუსტრიულმა პროექტმა, რომლებიც ფართო სპექტრის სამეწარმეო სექტორებს მოიცავდა, ირლანდიის ჯამური ინდუსტრიული პროდუქტის 2/3 შეადგინა. 

იმის კვალდაკვალ, რომ მრავალეროვნულ კომპანიებს წარმატება მოჰქონდათ, ბევრ მოძველებულ ადგილობრივ კომპანიას უჭირდა ახალ, ღია სავაჭრო პირობებთან შეგუება. მომდევნო წლებში ძველ და ახალ, ირლანდიურ და უცხოურ კომპანიებს შორის არსებული დიქოტომია ზოგიერთი პოლიტიკის გადაფასებისას განხილვის საგანი გახდა. 

1970-იან წლებში საგრძნობლად და სწრაფად გაიზარდა სოციალური კეთილდღეობაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, საცხოვრებელ პირობებზე, ტელეკომუნიკაციებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ თუ ადმინისტრაციულ მომსახურებებაზე მიმართული საჯარო (სახელმწიფო) ხარჯები. 1980 წლისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიანი მუშახელის 1/3 შეადგენდა, რაც, ნაწილობრივ, უმუშევრობის მზარდი მაჩვენებლის დასაძლევად შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების შექმნით იყო განპირობებული (1977 წელს უმუშევრობის მაჩენებელი მთლიანი მუშახელის 9 პროცენტს ითვლიდა). 

ეს პროცესები 1971 წლიდან 1980 წლამდე პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური 13.6 პროცენტიანი მაჩვენებლის პირობებში მიმდინარეობდა. თუმცა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ საერთაშორისო ფაქტორებით (ნავთობის კრიზისით), ნაწილობრივ კი შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნებითა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკით იყო გამოწვეული. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო სესხების მაღალი მაჩვენებელი ათწლეულის ბოლო წლების მთავარ მახასიათებელ ნიშნად იქცა, რამაც 1980-იანი წლებში დაწყებული კრიზისი გამოიწვია. 

აკუმულირებული კრიზისი

1970-იან წლებში მოუგვარებელმა ეკონომიკურმა პრობლემებმა 1980-იან წლებშიც იჩინა თავი, რამაც საზოგადოებაში იმედგაცრუების შეგრძნება დაბადა. ეს ყოველივე განპირობებული იყო ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა უმუშევრობის მაღალი დონის დაბრუნება, იმიგრაცია, სახელმწიფოს ფინანსური ვითარების მუდმივი გაუარესება და მთავრობების აშკარა უუნარობა, მოეგვარებინათ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და ეპოვათ გამოსავალი მდგომარეობიდან, რომელიც სტაბილურად უარესდებოდა. 1980-იან წლებში არსებული ატმოსფერო 1950-იანების ბნელი წლების სუნით უფრო იყო გაჟღენთილი, ვიდრე იმ ოპტიმიზმით, რომელიც ბოლო ორ ათწლეულს გასდევდა ფონად. 

წარუმატებლობისა და მარცხის განცდა ისევე იყო განძაფრებული ახალგაზრდების ემოგრაციით, როგორც ეს ერთი თაობის წინ ხდებოდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდათა მთელ ჯგუფები ტოვებდნენ ქვეყანას უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე. ადამიანური კაპიტალი გულისმომაკვდინებლად გაედინებოდა ქვეყნიდან. 1981 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში 200 000 ახალგაზრდამ დატოვა ირლანდია. ყველაზე უარეს წლებში მოსახლეობის 1 პროცენტმა არჩია გამგზავრება. ეს არ იყო ის შედეგი, რომლის მიღწევასაც წინა 25 წლის პოლიტიკა ისახავდა მიზნად. რა წავიდა არასწორი მიმართულებით?

რიგი საგარეო და საშინაო ფაქტორები უწყობდა ხელს პროგრესის შენელებასა და საკუთარი თავის რწმენის დაქვეითებას. 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის შემდგომ გლობალური პირობები გაუარესდა. ევროპის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით გამოწვეული იმპულსები გაფერმკრთალდა. ინფლაციის დონე 1981 წლიდან 1986 წლამდე წლიურ 11 პროცენტს შეადგენდა. ახალი უცხოური ინვესტიციებით შექმნილი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობის მიუხედავად, მზარდი მუშახელის დაქირავება ვერ ხერხდებოდა. ამ ინვესტიციებს არც ძველი ბიზნეს სექტორის წარუმატებლობის განეიტრალება შეეძლოთ. 

სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციის მცდელობებსაც არ გამოუღია უკეთესი შედეგი.

სახელმწიფო ხარჯების მუდმივმა ზრდამ, გადასახადების მატებამ და ახალი ვალის აღების გზით დეფიციტის შევსების მცდელობამ საინვესტიციო კლიმატი გააუარესა და ვერ შეძლო დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. ეკონომიკაზე კი, რომელიც ისედაც არაპროდუქტიულად ფუნქციონირებდა, წნეხი გაიზარდა.

1980 წლიდან 1986 წლამდე სახელმწიფო ხარჯი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 54 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, სახელმწიფო ვალი კი მთლიანი ეროვნული პროდუტის 87 პროცენტიდან 120 პროცენტამდე გაიზარდა მაშინ, როდესაც წლიური საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 10 პროცენტზე მეტს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების 1\3-ზე მეტი (საშემოსავლო გადასახადების 90 პროცენტზე მეტი) ვალის დაფარვას ხმარდებოდა. ამავდროულად, 1985 წელს ეკონომიკური დამოკიდებულების მაჩვენებელი ერთ დასაქმებულზე 2.3 ადამიანს შეადგენდა, უმუშევრობის დონე კი 15 პროცენტზე იყო გაყინული. 

IDA 1980-იან წლებშიც განაგრძობდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას (IBM, Lotus, Microsoft, Bausch & Lomb სხვა მრავალ კომპანიას შორის), თუმცა რამდენიმე ინვესტორი კომპანიის მიერ განცდილმა გახმაურებულმა კრახმა ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული სტრატეგია. კერძოდ, ეროვნული ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (NESC) დავალებით Telesis-ის მიერ ჩატარებულმა სპეციალურმა გამოძიებამ რამდენიმე შემაშფოთებელი პრობლემა გამოავლინა. ( National Economic and Social Council (Dublin), Telesis: A Review of Industrial Policy, 1982.)

Microsoft-ის სათაო ოფისი, დუბლინი, ირლანდია

Telesis-მა დაასკვნა, რომ შიდა ინვესტიციების ღირებულება ხშირად გადაჭარბებულად იყო წარმოდგენილი - დასაქმების პერსპექტივები უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების პირობებშიც კი ძალიან ხშირად გაბუქებულად მოიხსენიებოდა - საშინაო ეკონომიკასთან დაპირებული კავშირები კი სუსტი იყო. Telesis-მა ასევე გააკრიტიკა ადგილობრივი ბიზნესისგან განსხვავებით უცხოურ კომპანიებზე გამახვილებული გადაჭარბებული ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კრიტიკა IDA-სათვის თავდაპირველად შოკისმომგვრელი იყო, საბოლოოდ ის დადებითად შეხვდა აღნიშნულ ანგარიშს და ირლანდიურ ინდუსტრიას მეტი ყურადღება დაუთმო. 

პოლიტიკური პარტიები არც თუ სახარბიელოდ წყვეტდნენ დაგროვილი ნეგატივით წარმოქმნილ პრობლემებს. Fianna Fail, რომელიც 1982 წლიდან მოყოლებული ოპოზიციური პარტია იყო, 1987 წლის საყოველთაო არჩევნების გამარჯვებული გახდა. 1970-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ Fianna Fail იყო უმეტესად პასუხისმგებელი გადაჭარბებულ და არასწორ სახელმწიფო ხარჯებზე.

თუმცა, ამჯერად პარტიამ სხვა გზა აირჩია. 1987 წლის არჩევნების შემდგომ მათ ბევრი გააკვირვეს, საკუთარი მხარდამჭერების ჩათვლით, როდესაც მოსახლეობას ხარჯების მკვეთრი შემცირების პროგრამა შესთავაზეს, რომელსაც, ამავდროულად, ინოვაციური, კონსესუსის მიღწევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ახლდა თან. რამდენიმე წელში ამ ნაბიჯებმა კარგი შედეგი გამოიღო, რასაც სხვა ფაქტორების დამთხვევამაც შეუწყო ხელი. (For a detailed account, see Ray MacSharry and Padraic White, The Making of the Celtic Tiger: The Inside Story of Ireland’s Boom Economy (Dublin: Mercier Press, 2000).

მდგომარეობის აღდგენა და წარმატება

მცირე მთავრობის კონცეფცია წარმატების გზაზე ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.

რიგი პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯების შემცირებისკენ და სახელმწიფო სააგენტოების გაუქმებისკენ გადაგდმული პირველი ნაბიჯები გაკვირვებას იწვევდა. თავდაპირველად ეს სვლები მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიებები ჯანდაცვისა და (სახელმწიფო დაფინანსების მქონე) სოციალურ  მომსახურებებს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო კრიზისის სიმძიმემ შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ არსებული იმპულსები შენარჩუნებულიყო. ამაში მთავრობას NESC-ში მიღწეული კონსესუსიც დაეხმარა. NESC-ში წარმოდგენილი იყო ბიზნესი, ფერმერები, პროფესიული კავშირები და სოციალური ინტერეს-ჯგუფები. მთავარი ოპოზიციული პარტია, რომლის ლიდერიც არჩევნებამდე ფინანსთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, ასევე უჭერდა მხარს ნებისმიერ ღონსიძიებას, რომელიც ფისკალური დისცპლინის აღდგენას ისახავდა მიზნად. 

ახალი ხელისუფლების სამოქმედო გეგმის მეორე ელემენტი ხელფასების ზომიერი მატება გახდა. სანაცვლოდ მოხდა პირდაპირი საშემოსავლო გადასახადების მცირედით შემცირება, რის შედეგადაც ხელზე ასაღები შემოსავლის ოდენობა დამქირავებლის მიერ ხელფასის ზრდის ოდენობაზე მეტად გაიზარდა. ეროვნული მდგომარეობის აღდგენის ამ სამწლიან პროგრამაში მონაწილეობდა თავად სახელმწიფო, დამქირავებლები, გაერთიანებები და ფერმერები. ეს მნიშვნელოვანი იყო ხელფასების ინფლაციური მატების სპირალიდან თავის დასაღწევად, რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო ინდუსტრიული მშვიდობის დამყარება. პროგრამის ფარგლებში მოხერხდა შეთანხმების მიღწევა სახელმწიფოს წინაშე არსებული კრიზისის ბუნებასა და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შესახებ. განვითარების პრიორიტეტეტებთან დაკავშირებით მიღწეული კონსესუსის მეტად ფართობასშტაბური სარგებელი და ეროვნული მიზნების მიღწევისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა სამომავლოდ ფასეული აღმოჩნდა. აღნიშნულმა 2005 წლამდე მსგავსი ეროვნული თანამშრომლობის შეთანხმებების პერიოდულ გაფორმებას ჩაუყარა საფუძველი.

ბისნესში ინვესტიციების ჩადების წახალისებასთან ერთად ირლანდიის ხელისუფლებამ ხარჯებიც შეამცირა. ამგვარი წახალისების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირლანდიის ხელისუფლების მიერ დუბლინში, ძველი დოკლანდსის უბანში საერთაშორისო საფინანსო მომსახურების ცენტრის (IFSC) დაარსების შესახებ კანონის დამტკიცება. IFSC-ს წარმატებული განვითარება კი იმის მაგალითია, თუ რამხელა ძალა აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო სისტემის ყველა დანაყოფს შორის თანამშრომლობას, რაც ირლანდიისთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი დამახასიათებელი ნიშანია.

1980-იან წლებიდან მოყოლებული ფინანსური მომსახურების სფეროსა და სხვა სექტორების განვითარებაში ირლანდიას ტელესაკომუნიკაციო დარგში ჩადებული რიგი ინვესტიციებიც ეხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს ეს სექტორი, მეტწილად, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. ამ სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტირების დაგვიანებამ ირლანდიას უპირატესობაც კი მისცა, რადგან მათ ევროპაში ყველაზე მაღალგანვითარებული და მრავლისმომცველი ციფრული ქსელის ჩამოყალიბება უზრუნველყვეს (ისევე, როგორც განათლების სისტემის მნიშვნელობა გაიზარდა განათლების სფეროს დაგვიანებული ექპანსიის შედეგად).

კონკურენციის წახალისებამ ახალი ბიძგი მისცა განვითარებას. ამერიკული South Airlines მსგავსმა ხელმისაწვდომმა ავიაკომპანიამ Raynair 1985 წელს დუბლინი-ლონდონი-დუბლინი საჰაერო ხაზზე ფრენები დაიწყო. ამ ავიახაზს სახელმწიფო კომპანიების, Air Lingus და British Airways დუოპოლია აკონტროლებდა. ახალი კონკურენტის ბაზარზე შემოსვლამ ფასები საგრძნობლად დააგდო და 2 წელიწადში ბაზარი 65 პროცენტით გაზარდა. რამდენიმე წელიწადში ტურისტთა ნაკადი და შემოსული თანხის ოდენობა გაიზარდა და კონკურენციის აშკარა უპირატესობებიდან სარგებლის მიღება სხვა, აქამდე რეგულირებულმა სექტორებმაც დაიწყო. Raynair კვლავ ირლანდიიდან იმართება და მთელი ევროპის მასშტაბით განაგრძობს ზრდას. დაბალი ფასების გამო ის ევროპულ ავიაკომპანიებს შორის ყველაზე მეტ მგზავრს ემსახურება.

გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მენეჯმენტმა და უფრო ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პირობებმა სათანადო ფონი შექმნა ირლანდიაში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 1989 წელს, IDA-ს მრავალწლიანი მცდელობებისა შემდეგ, კორპორაციამ Intel გადაწყვიტა ირლანდიაში პირველი ევროპული საწარმო ცენტრის დაარსება. ინჟინერიის დარგში ირლანდიის გამოცდილი კადრები მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ელექტრონულ კომპანიებში იყვნენ მიმოფანტული. IDA-მ თითოეული მათგანი მოიძია და მათი მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა, რაც საკვანძო ფაქტორი იყო Intel-ის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინვესტიცია მნიშვნელოვანი იყო მისი ოდენობის, პროექტით გათვალისწინებული ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ საიმედოობის გამო, რაც ინვესტიციამ ირლანდიის განვითარებულ წარმოებას შესძინა.

1990-იანი წლების დადგომისას ირლანდიაში ზრდისა და განვითარებისათვის შესაფერისი გარემო არსებობდა. ამას რიგმა საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ირლანდიის ის წარმატებული ინდუსტრიები გააძლიერა, რომელშიც ირლანდიას შეეძლო, დამატებითი კონკურენტული უპირატესობები შეეთავაზებინა ბიზნესისთვის. პარალელურად, აშშ-ს ეკონომიკაც ყვაოდა და სწრაფად მზარდ სექტორებში სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Microsoft, Dell, Hewlett-Packard და IBM, ირლანდიაში გადაწყვიტეს ცენტრების გახსნა, რათა უკეთ მომსახურებოდნენ ევროპულ ბაზარს, რომელიც სწრაფი ტემპებით განაგრძობდა გაერთიანებას. 

ამ და სხვა წარმატებებს ახალისებდა ინდუსტრიული პოლიტიკის ჰოლისტიკური ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იყო 1992 გამოცემულ ოფიციალურ მიმოხილვაში Time to Change (ასევე ცნობილია მიმოხილვის ხელმძღვანელის სახელით Culliton). (Industrial Policy Review Group, A Time for Change: Industrial Policy for the 1990s (Dublin: Stationery Office, 1992). მიმოხილვაში ყურადღება, უმეტესად, ბიზნესის წარმატებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის განათლების, ტექნიკური უნარ-ჩვევების, ინფრასტრუქტურისა და, ზოგადად, ბიზნეს გარემოს მნიშვნელობაზე არის გამახვილებული. ასევე, შეთავაზებული იყო ახალი, IDA-სგან დამოუკიდებელი სააგენტოს დაფუძნება, რომელიც ძირძველი ირლანდიური ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას დაისახავდა მიზნად.

1990-იანი წლების წარმატებამ კიდევ ერთი ფაქტორი გამოკვეთა: ირლანდიელი მენეჯერების ხელმძღვანელობის უნარები, ამბიციები და გლობალური ორიენტაცია მრავალეროვნულ კორპორაციებში. მათ მიერ სამუშაოს შესრულოების უმაღლესი ხარისხი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რიგი ახალი სტრატეგიული პასუხისმგებლობები გამოვლენილიყო. მათი სიღრმისეული სტრატეგიული განვითარება განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც 2001 წელს ბევრი ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიებში სპეციალიზებული ბიზნესი გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ბევრი ირლანდიური შვილობილი კომპანია მაინც გადარჩა დახურვას მათი ეფექტიანობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის წყალობით. 

ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ 1990-იან წლებში ირლანდიის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის ეკონომიკური ტრანსფერებით იყო განპირობებული. თუმცა, მათი როლი ხშირად გადაჭარბებულად ფასდებოდა. ევროკავშირის წევრობა ირლანდიისათვის ძალზედ პოზიტიური აღმოჩნდა, ვინაიდან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა შექმნა, რამაც ირლანდიის ეროვნული სტატუსი აამაღლა და ბიუჯეტის გაზრდასაც შეუწყო ხელი. მაშინ, როდესაც წმინდა შემოსავლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 4 პროცენტს შეადგენდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კონტრიბუციებმა, დაახლოებით, წლიური 0.5 პროცენტით აამაღლა ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 1987 წლიდან მოყოლებული წლიურ 6.5 პროცენტს აღემატებოდა. (Frank Barry, John Bradley, and Aoife Hannan, “The Single Market, The Structural Funds and Ireland’s Recent Economic Growth,” Journal of Common Market Studies, Vol. 39, No. 3 (2001), pp. 537–552)

მსგავსი გადარიცხვები განხორციელდა ევროკავშირის წევრ, შედარებით ღარიბ სხვა ქვეყნებშიც, როგორებიცაა საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი, თუმცა, არცერთ მათგანს ზრდის ამგვარი მაჩვენებლისათვის არ მიუღწევია 

კავშირების დამყარება

ბოლო ორ ათწლეულში ირლანდიის მიერ მიღწეული წარმატება არა რომელიმე ერთი, არამედ მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. ირლანდიამ დააფინანსა განათლება, შემოიღო საღი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა, კარი გაუხსნა უცხოურ ინვესტიციებს, წაახალისა ისინი, მიაღწია ეროვნულ კონსესუსს და შეინარჩუნა იგი. ყველა ეს ასპექტი ერთმანეთთან იყო კავშირში. ირლანდიამ გამოიყენა მისი უნიკალური და არამატერიალური შემოქმედებითი აქტივები, რომლებიც ირლანდიის კულტურის განუყოფელი ნაწილია, და ამით შეძლო არსებული ხელსაყრელი გარემოებების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, სასარგებლო იქნება საკვანძო ასპექტების უფრო დეტალური მიმოხილვა.

განათლება. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ირლანდიელები დიდ ინვესტიციებს დებდნენ ადამიანურ კაპიტალში. მას შემდეგ, რაც 1966 წელს OECD-მ გამოაქვეყნა ანგარიში სახელად “ინვესტიცია განათლებაში”, განათლებას ცენტრალური ადგილი ეკავა ირლანდიის განვითარების პოლიტიკაში. თუმცა, ის მანამდეც მაღალი სოციალური ღირებულების სფეროდ განიხილებოდა. მშობლები, საკუთარი მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობდნენ შვილებისთვის შეძლებისდაგვარად საუკეთესო განათლება მიეცათ. 1986 წელს უფასო საშუალო სკოლების (კოლეჯების) სისტემისა და, დაახლოებით იმავდროულად, რეგიონალურ ტექნიკურ სკოლებში მაღალი დონის ტექნიკური გადამზადების სისტემის დანერგვამ საგრძნობლად გაზარდა ახალგაზრდების ჩართულობის მაჩვენებლები, რამაც შესაძლებელი გახადა განვითარებადი ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

ევროპული გაგებით ირლანდიის დემოგრაფიული მახასიათებლები არასტანდარტულია: მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტის ასაკი 25 წელი ან ნაკლებია მაშინ, როდესაც ევროპის თითქმის ყველა სხვა წევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტია. ამ განმასხვავებელი ნიშნის არსებობა იმიგრაციის ხანგრძლივი პერიოდითა და ახალშობილთა “ბუმის” დაგვიანებით არის გამოწვეული. შობადობამ პიკს 1980 წელს, ევროპის განვითარებულ ქვეყნებზე დაახლოებით 20 წლით უფრო გვიან მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტი დაგვიანებით ამუშავდა და 1970-იან და 1980-იან წლებში მოქმედებდა, მან მაინც გამოიღო შედეგი და 1990-იან წლებში ირლანდიაში უკვე საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას ჰქონდა მიღებული სათანადო განათლება.

15 წლის განმავლობაში, 1965-1966 წლებიდან 1980-1981 წლებამდე პერიოდში, საშუალო და მესამე საფეხურის საგანმანათლებლო სასწავლებლებში (უნივერსიტეტებსა და მასთან გათანაბრებულ სასწავლებლებში) მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მომდევნო 20 წელიწადში მესამე საფეხურის სასწავლებლებში მოსწავლეთა რიცხვი (2000-2001 წლამდე) გასამმაგდა, რაც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ექვსმაგ ზრდას წარმოადგენდა. ასეთივე მნიშვნელობის იყო განათლების ხარისხი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის წარმოებისთვის მიღებული ცოდნის სარგებლიანობა. ყველაზე მეტად სტუდენტთა რიცხვმა რეგიონალურ ტექნიკურ სასწავლებლებში (რომლებიც მოგვიანებით ტექნიკურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდა) ტექნიკურ და პროფესიულ დარგებში, უნივერსიტეტებში კი სამეცნიერო, საინჟინერო და ბიზნესის დარგებში იმატა. 1980-იანი წლების იმიგრაციისას არსებობდა მოსაზრება და წუხილი იმის გამო, რომ ირლანდია ახალგაზრდებს განათლებას სხვა ქვეყნების სასარგებლოდ აძლევდა, თუმცა, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გაუმჯობესების კვალდაკვალ, მომდევნო 10 წელიწადში სათანადო გამოცდილების მქონე მრავალი იმიგრანტი დაუბრუნდა სამშობლოს. 

უმაღლესი განათლების ბინარულმა, ანუ ორმაგმა სისტემამ, რომელშიც უნივერსიტეტები მთავარ აკადემიურ მისიას ახორციელებენ, კოლეჯები და ინსტიტუტები კი სტუდენტებს ტექნიკური და პროფესიულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარებიან, ეკონომიკური და ბიზნესის ინტერესები შესანიშნავად დააკმაყოფილა. განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინსტიტუტები ითვალისწინებდნენ რეგიონალური განვითარებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ ორი ტიპის ინსტიტუტების არსებობის შედეგად ირლანდიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით საინჟინრო და სამეცნიერო უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა გაზარდა: ყოველ 1000 ადამიანში 16 კურსდამთავრებული იყო (20-34 ასაკობრივ ჯგუფში) მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის პირველ 15 წევრ ქვეყანაში ყოველ 1000 ადამიანზე - 7, გერმანიაში კი - 5 კურსდამთავრებული მოდის. (იხ. გრაფიკი 5)

1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ირლანდიის შედარებითი კონკურენტუნარიანობის გარდაქმნის კვალდაკვალ, პრიორიტეტი სოციალური და კვლევითი გამოცდილების გაღრმავებას ენიჭებოდა. შორეულ ტექნოლოგიურ პერსპექტივებზე გათვლილმა ეროვნულმა ღონისძიებებმა ინფორმაციული, საკომუნიკაციო და ბიოლოგიური ტექნოლოგიები მომავლის მთავარ და ახალი შესაძლებლობების მომცემ ტექნოლოგიებად განსაზღვრა. ამის საფუძველზე მთავრობამ დააფუძნა ირლანდიის სამეცნიერო ფონდი (SFI), რომელიც აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მოდელზე იყო აგებული და ამ სფეროებში მომუშავე მრავალი მსოფლიო დონის მკვლევარი მიიზიდა. მნიშვნელოვანმა სახელმწიფო დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა დიდი პროგრესირება და კარგი რეპუტაციის შექმნა კვლევების სფეროში. საზოგადოებასაც გაცნობიერებული აქვს ამ პროგრესის მნიშვნელობა და ფასი.

გადასახადები

დღეს ირლანდია ცნობოლოა, როგორც მოგების გადასახადის ყველაზე დაბალი სტანდარტული განაკვეთის მქონე ქვეყანა ევროპაში. 

50 წლის განმავლობაში ირლანდია სარგებელს დაბალი გადასახადებიდან იღებდა. ეს ეხებოდა როგორც, საერთოდ გადასახადების აბსოლუტურ დონეებს, ასევე, კონკრეტულად, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების გადასახადის განაკვეთებს. OECD-ის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დასავლეთ ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან გასხვავებით, ირლანდიას ამჟამად მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი აწევს და ეს მაჩვენებელი OECD-ს საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. (იხ. გრაფიკი 6)

არსებული საგადასახადო ტვირთი უმეტესად საგადასახადო ბაზის მკვეთრ ზრდას ასახავს, რაც დაბალმა საგადასახადო განაკვეთებმა განაპირობა.

ირლანდია, ისტორიულად, თავის საგადასახადო სისტემას საერთაშორისო ბიზნესის მოსაზიდად და გასავითარებლად იყენებდა. 1947 წელს შანონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ზონა, რომელიც საბაჟო გადასახადისგან იყო თავისუფალი. 
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი საგადასახადო სისტემა მოგების გადასახადის დაბალი განაკვეთებით ირლანდიის პასუხია ევროპის ეკონომიკური კავშირის/ევროკავშირის ძალისხმევაზე, გაეუქმებინათ მანამდე ირლანდიისთვის მინიჭებული საგადასახადო უპირატესობები. 1956 წელს შეთავაზებული იქნა შეღავათები ირლანდიიდან ექსპორტირებული პროდუქციიდან მიღებულ ნებისმიერ მოგებაზე. როდესაც ეჭქვეშ დადგა ამ მიდგომის შესაბამისობა ევროპის ეკონომიკური კავშირის წესებთან, 1980 წელს ირლანდიამ შემოიღო 10 პროცენტიანი გადასახადო განაკვეთი ნებისმიერი სახის წარმოებიდან და წინასწარ განსაზღვრული საერთაშორისო მომსახურებებიდან მიღებულ მოგებაზე.

ევროკავშირიდან წამოსულმა მომდევნო გამოწვევამ, რომელიც დაბალი საგადასახადო განაკვეთების საკამათო ბუნებას (არაკვალიფიციური მოგება 50 პროცენტით იბეგრებოდა) უკავშირდებოდა, 1997 წელს გამოიწვია გამოცხადება იმისა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი მოგება მაქსიმუმ 12.5 პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრებოდა. 

ყოველთვის, როდესაც მომგებიანი და სარგებლიანი საგადასახადო განაკვეთები იზრდებოდა, კომპანიებს ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი ეძლეოდათ ადაპტაციისთვის. მათ, ვინც 1980 წლამდე ნულოვანი საექსპორტო გადასახადით სარგებლობდა, 1990 წლამდე შეძლეს აღნიშნული სარგებლის მიღება. მათ, ვისზეც 1998 წლამდე 10 პროცენტიანი სამეწარმეო მოგების გადასახადი ვრცელდებოდა, 2011 წლამდე შეძლეს ამ განაკვეთის შენარჩუნება. გრძელვადიანი ხედვები, რომლებიც აშკარად თან სდევდა დაბალ საგადასახადო განაკვეთებს, ირლანდიის პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანი გახდა, რომელსაც ყველა მთავრობა ზედმიწევნით აღასრულებს. დაბალი საგადასახადო განაკვეთების გარდა ბიზნესი სარგებელს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების ფართო ქსელის, უცხოური დივიდენდების მიმართ დამკვიდრებული კეთილგანწყობისა და ხელშემწყობი ადინისტრაციული წესების გამოც იღებს. 

დაბალი გადასახადების ეფექტი აშკარად ჩანს, თუ მოგებიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლის შედარებით მაღალალ პროპორციას დავაკვირდებით. მოგების გადასახადებზე ყველა გადასახადიდან მიღებული თანხის 13 პროცენტი მოდის მაშინ, როდესაც ამერკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 6 პროცენტი, დიდ ბრიტანეთში - 8 პროცენტი, საფრანგეთში - 7 პროცენტი, გერმანიაში - 3, ხოლო OECD ში კი 9 პროცენტია. (Organisation for Economic Co-operation and Development, Revenue Statistics, 2004)

1990-იან წლამდე საშემოსავლო გადასახადებზე დაწესებული დაბალი განაკვეთის უპირატესობას ირლანდიის მოსახლეობა ბოლომდე ვერ იაზრებდა. 1980-იან წლებში, როდესაც მთავრობები ფისკალური ბალანსის მისაღწევად გადასახადებიდან მეტი მოგების მიღებას ცდილობდნენ, საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები გაიზარდა. შედეგები პერვერსიული აღმოჩნდა:

მაღალმა გადასახადებმა შედეგად გამოიღო გადასახადებისგან თავის არიდების უფრო მეტ შემთხვევა, ზოგიერთმა საქმიანობამ კი საზღვარგარეთ ან შავ ეკონომიკაში გადაინაცვლა, რამაც გადასახადებით ამოღებული თანხის ოდენობა კიდევ უფრო შეამცირა. 

1987 წელს არჩეული მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ ელემენტს საგადასახადო დანაშაულებებზე ამნესტიის გამოცხადება წარმოადგენდა, რამაც საგადასახადო შემოსავლების საერთო ოდენობისა და, შესაბამისად, საგადასახადო ბაზის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მას მერე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები პროგრესულად იკლებდა - ბაზისურმა 35 პროცენტიანმა განაკვეთმა 20 პროცენტამდე დაიწია, ხოლო ყველაზე მაღალმა საგადასახადო განაკვეთმა - 58 პროცენტიდან 42 პროცენტამდე. პარალელურად, საგადასახადო ფარგლებიც ფართოვდებოდა, რათა მაღალი საგადასახადო განაკვეთები უფრო დიდ შემოსავალზე გავრცელებულიყო, ვიდრე ეს უწინ ხდებოდა. დაბალი გადასახადების უპირატესობა და ძალა მაშინაც აშკარად გამოჩნდა, როდესაც კაპიტალის მოგებაზე დაწესებული 40 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთი განახევრდა, ხოლო შემოსავალი ერთ წელიწადში - 50 პროცენტით, სამი წლის განმავლობაში კი 270 პროცენტით გაიზარდა. 

უცხოური ინვესტიციები

IDA-მეშვეობით ირლანდია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაძიებელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიზნესის აყვავებისთვისთვის ღია, ლიბერალური და წამახალისებელი ბიზნეს კონტექსტი შექმნა. 

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველა სხვა ადგილისგან განსხვავებით, ირლანდიაში მოქმედი ამერიკული კომპანიები ინვესტირებული თანხიდან ევროპის მასშტაბით  ყველაზე მაღალ წმინდა მოგებას ნახულობენ - ეს მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 20 პროცენტსა და 30 პროცენტს შორის მერყეობს. ამ შედეგს სამი ფაქტორი განაპირობებს: კონკურენტული ფასები, მაღალი პროდუქტიულობა და დაბალი გადასახადები. აშშ მთლიანი ფულადი ინვესტიციების 80 პროცენტით ირლანდიის ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელზეც, ასევე, საინვესტიციო პროექტების ⅔ მოდის. ინვესტორები ასევე არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სხვა ევროპული ქვეყნები და იაპონია. 

ირლანდიაში არსებული საოპერაციო გარემო უცხოურ ბიზნესს ახალისებს. ქვეყნის შედარებით პატარა ზომის გამო მთავრობა ღია, ხელმისაწვდომი და პასუხისმგებლიანია. ირლანდიის საჯარო პოლიტიკის განრიგს მეტწილად ირლანდიის ეკონომიკის ვაჭრობაზე დამოკიდებულება განაპირობებს (ირლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის 85 პროცენტი ვაჭრობაზე მოდის).

საჯარო პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს ვაჭრობის გლობალურად გამაძლიერებელ ღონისძიებებს, კაპიტალის შეუზღუდავ მიმოქცევას და ორმაგი-დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების ფართო სპექტრის არსებობას, რაც ხელს უწყობს უცხოური ბიზნესის განვითარებას.

როგორც კორპორატიული, ასევე შრომის კანონმდებლობა ლიბერალური მიდგომებზეა დაფუძნებული და ოპერატიულად მოქნილია, რაც, თავის მხრივ,  ასევე უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას.

ირლანდია იმ სექტორების დახვეწას უთმობდა ყურადღებას, რომლებსაც ზრდის მაღალი მაჩვენებლი და მაღალი პროდუქტიულობა ახასიათებდა. ამგვარი სექტორები IDA-მ 1970-იან წლებში გამოავლინა. IDA-მ მიზნად დაისახა ამ სფეროებში ოპერირებულ მოწინავე კომპანიებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, რათა უკეთ გაეგო მათი საჭიროებები და ირლანდიის შესაძლებლობები მათთვის მიესადაგებინა. ამის შედეგად ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სპეციალიზირებული მოწინავე კომპანიები, როგორიცაა, Intel, IBM, Hewlett-Pickard და Dell, მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებდნენ და ირლანდიაში 4 000-5 000 ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული. Intel-ს აშშ-ს ტერიტორიის გარეთ კუთვნილ უდიდეს ტერიტორიაზე 6 მილიარდის ინვესტიცია აქვს ჩადებული ნახევარგამტარული ფირფიტების მწარმოებელ ოთხ ქარხანაში. აღნიშნული ტერიტორია Intel-ის მაღალგანვითარებული მიკრო-პროცესორების გამოშვების ადგილიცაა. 

მსოფლიოს 10 მოწინავე ფარმაცევტული კომპანიიდან ცხრა და სამედიცინო პროდუქციით მოვაჭრე მსოფლიოს 15 მოწინავე კომპანია მრავლისმომცველ ოპერაციებს ახორციელებს ირლანდიაში, რითაც მსოფლიო ბაზარსაც ამარაგებს. ბიზნესის კმაყოფილება ხელახალი რეინვესტირებით მჟღავნდება. ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Abbott Laboratories, Johnson & Johnson, Pfizer და Wyeth, რამდენიმე ლოკაცია აქვთ ირლანდიაში. Boston scientific და Medtronic გულისა და სისხლძართვთა მოწყობილობების მწარმოებელი იმ კომპანიების რიგებში შედიან, რომლებსაც ძალზედ სწრაფი ზრდა ახასიათებთ. 

1980-იან წლებში IDA მალევე მიხვდა საერთაშორისო სავაჭრო სერვისების მნიშვნელობასა და ღირებულებას. მან მოიძია ისეთი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სპეციალიზებული კომპანიები, როგორებიცაა Microsoft და Oracle, რამაც ბოლო წლებში ირლანდია ინფორმაციული ტექნოლოგიების უმსხვილესი ექსპორტიორად აქცია. მოწინავე ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ფინანსების მართვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები ირლანდიამ ფინანსური მომსახურებების კუთხით დუბლინის უპირატესობაში დაარწმუნა. IDA-მ მოახერხა საერთაშორისო კომპანიებისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლებოდა პან-ევროპული საერთო სერვის-ცენტრების ირლანდიიდან ოპერირება, რაც ბიზნესს ირლანდიის გონიერი და მრავალენოვანი ახალგაზრდა მუშახელის დაქირავების, მოქნილი ბიზნეს პირობებისა და ხელსაყრელი საგადასახადო განაკვეთების გამო სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემდა. ირლანდია სწრაფად მიიწევდა იმისაკენ, რომ ევროპაში ელექტრონული ვაჭრობის მოწინავე კერა გამხდარიყო. უკანასკნელ წლებში Google-მა, Yahoo-მ, E-bay-მ და Amazon-მა ირლანდიაში მნიშვნელოვანი და მზარდი ცენტრები დააფუძნეს, რომლებიც ევროპასა და სხვა სახელმწიფოებს აწვდის მომსახურებას. 

Google-ის სათაო ოფისი დუბლინში

მაიკლ სელმა შემდეგი სიტყვებით შეაჯამა ურთიერთობა ირლანდიასა და მულტინაციონალურ ორგანიზაციებს შორის:

დამთხვევა არ მგონია, რომ ირლანდიასა და Dell-ს ერთნაირი ბუნება და კავშირები ახასიათებთ. ნებისმიერი წარმატება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მივაღწიეთ განპირობებული იყო ირლანდიური რეცეპტით: ამბიციური ოცნებები, დაუღალავი შრომა და მყარი კავშირები.

ზოგიერთი არამატერიალური უპირატესობა 

ირლანდიის ამგვარი პროდუქტიულობის ახსნა რაოდენობრივი ეკონომიკური ტერმინებითაა შესაძლებელი, თუმცა არამატერიალურმა ფაქტორებმა უდაოდ იქონია გავლენა ბოლოდროინდელ წარმატებაზე. ირლანდიას თანდაყოლილი კრეატიულობა, რაც მუსიკასა და ლიტერატურაში გამომჟღავნებულა, სხვათა მიმართ ცნობისმოყვარეობა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარების სურვილი ახასიათებს. ახლა ირლანდია მთელი მსოფლიოსთვის ღიაა არა მხოლოდ სავაჭრო კუთხით, არამედ ფიქრებსა და მიდგომებშიც. ძველი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და კონსერვატული ირლანდია წარსულს ჩაბარდა. დღევანდელ ახალგაზრდობას აქვს უდრეკი თავდაჯერებულობა, რაც 1973 წლიდან ევროპაში ირლანდიის ახალმა როლმა და მათ მიერ მიღებულმა მაღალი ხარისხის განათლებამ განაპირობა. 

განვითრების პოლიტიკასთან დაკავშირებით ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას (მემარცხენეებს, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებს) შორის, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია აქვთ, კონსესუსია მიღწეული. ირლანდიელები პრაგმატულები და პოლიტიკურად აქტიურები არიან, თუმცა მათ თითქმის არავითარი იდეოლოგია არ გააჩნიათ. ირლანდიელებს შორის არიან პრობლემათა გადაჭრის მაძიებლები, რომლებიც ემპათიისა და გავლენის მოხდენის თანდაყოლილი უნარით არიან დაჯილდივებული. საერთაშორისო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მრავალი სხვა ერისგან განსხვავებით, ირლანდიელ ხალხს გაურკვევლობის მიმართ მაღალი ტოლერანტობა და მისი გადაჭრის შესანიშნავი ნიჭი ახასიათებს. ამ ყოველივეს ემატება ზემოხსენებული ირლანდიური კრეატიულობა, რაც თანამედროვე, პროგრესულ სამყაროში, სადაც არასრული ინფორმაციის არსებობის პირობებში პრობლემების გადასაჭრელად სწრაფი და ინსტიქტური გადაწყვეტილებების მიღება ზოგჯერ გარდაუცალია, შესაძლოა ძალიან ღირებული იყოს. 

მომავლის გამოწვევები

ბოლოდროინდელი წარმატება არ იძლევა მომავლის უპირობო გარანტიებს და არც ირლანდია აპირებს ამ წარმატებით დაკმაყოფილებას. გლობალური ძალები, რომელიც წინა ათწლეულის განმავლობაში ირლანდიამ მოათვინიერა და საკუთარ უპირატესობად აქცია, კვლავ განაგრძნობს გლობალური ბიზნესის სახეცვლას. ცვლილებას ბიზნეს მოდელები და სტრუქტურებიც განიცდის. ირლანდიამ ეს ცვლილებები მოწინავე და თანამედროვე კომპანიებთან თანამშრომლობისას განიცადა, თუმცა ახალი კომპანიები (ზოგიერთი მათგანი - ვირტუალური) ყოველწლიურად უქმნის საფრთხეს დამკვიდრებულ საქმიანობას. ბიზნესის მსგავსად სახელმწიფოსაც სჭირდება დაჩქარებული ტემპებით განახლება. 
 
განვითარებული ქვეყნები მეტად დახვეწილ, პროგრესულ და ცოდნაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე არიან დამოკიდებული, რათა მომავლის ბიზნესი წაახალისონ და მაღალანაზღაურებადი და მაღალი ფასეულობის მქონე სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. ამ ცვლილებების თანდაყოლილი ეკონომიკური გარდაქმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება ყველა მოწინავე ქვეყნისათვის, თუმცა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ის ქმნის შესაძლებლობებს, რომ მათ სწრაფად უზრუნველყონ ახალი გლობალური ეკონომიკა საჭირო უნარებით. 

ირლანდია მომავალს საკმაოდ თავდაჯერებულად ხვდება. ეს ბოლოდროინდელი წარმატებებით, თანმიმდევრულობითა და პასუხისმგებლობითაა განპირობებული, რაც მან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებით გამოავლინა. ირლანდიას კვლავაც აქვს ამბიციები და სურს, მიაღწიოს სპეციალისტების კომპეტენტურობისა და ხარისხიანობის ახალ, მისთვის აქამდე არნახულ დონეს; შესაბამისად, ის სწრაფად ვითარდება და ინვესტიციების კვლევით საქმიანობაზე კონცენტრირებას ახდენს

დასკვნა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების თანახმად, ირლანდიამ უკანასკნელ ათწლეულში ყველა სხვა ინდუსტრიული ეკონომიკას გაუსწრო. საშუალო წლიურმა ზრდამ ევროკავშირისა და OECD-ის წევრ ქვეყნებზე ორჯერ და სამჯერ მეტი შეადგინა. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება და ირლანდია ამ მაჩვენებლით კვლავაც გაასწრებს OECD-ის სხვა წევრებს. ამით ირლანდია შეინარჩუნებს მსოფლიოს 'განვითარების ლიდერის პოზიციას. 

ირლანდია გლობალური პერსპექტივების მქონე სავაჭრო ქვეყანაა. A.T. Kearney-ს საერთაშორისო კონსულტანტების მიერ გლობალიზაციის ინდექსის კუთხით ჩატარებულმა კვლევებმა 2002-2004 წლებში ირლანდია მსოფლიოს ყველაზე გლობალიზებულ ქვეყნად დაასახელა. კვლევის თანახმად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ირლანდიას ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს. 

ამგვარი ეკონომიკური ღიაობა, დაბალი გადასახადები, პრაგმატიზმი და მიზანდასახულობა, განათლებაში თანხების ინვესტირება და მუდამ მომავალზე ორიენტირებული ხედვა აუცილებელია წარმატების მომენტის შესანარჩუნებლად. ირლანდიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაუღალავ შრომას და კარგ პოლიტიკას წარმატების მოტანა შეუძლია.



კომენტარები