სიახლეები

127 Views
ეკონომიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის შეფასება

გუშინწინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა ეკონომიკური პროგრამა, რომლითაც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ჩვენი შეფასებით, პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მხოლოდ ნაწილი არის სწორი, თუმცა არასაკმარისი მოსახლეობის კეთილდღეობის სწრაფი გაუმჯობესებისთვის, ნაწილი კი მცდარი და საარჩევნოდ ხმების მობილიზებაზე გათვლილი.

მესიჯი #1. - 45,000 სამუშაო ადგილი პირველივე წელს და 30,000 სამუშაო ადგილი ყოველ მომდევნო წელს

სავარაუდოდ, სამუშაო ადგილების შექმნის ფინანსურ წყაროდ ნაგულისხმებია გადასახადების შემცირებით ეკონომიკაში დარჩენილი მილიარდი ლარი პირველ წელს. საქართველოში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება დაახლოებით 50,000 ლარი. მილიარდი ლარი, მთლიანად რომ წავიდეს სამუშაო ადგილების შექმნაზე (რაც შეუძლებელია) და მართლაც პირველივე წელს რომ მოგვცეს ეფექტი (რაც ასევე გამორიცხულია), კერძო სექტორში შექმნის დამატებით მაქსიმუმ 20,000 სამუშაო ადგილს. რეალისტურია ვარაუდი, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება ეკონომიკაში დატოვებული თანხის 40%, რაც 8,000 დამატებით სამუშაო ადგილს ნიშნავს.

გაუგებარია, რატომ იცვლება შემდგომ წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია კლებისკენ (45,000-დან 30,000-სკენ). ზუსტი გათვლა შეუძლებელია (ქართულ ოცნებას უკვე ჰქონდა ამის მცდელობა), თუმცა სწორი რეფორმების შემთხვევაში, გაუგებარია რატომ უნდა წინასწარმეტყველებდე კლების ტენდენციას.

მესიჯი #2 - მოგების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება 10%-მდე

სწორია, გადასახადების და შესაბამისად სახელმწიფო ხარჯების შემცირება არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემო გახდეს უფრო მიმზიდველი, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკაში დარჩეს მეტი ფული, რაც სტიმულს მისცემს სწრაფ ზრდას. თუმცა, ჩვენი შეფასებით, 10%-მდე შემცირება არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად და გაცილებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის ამ ორი გადასახადის სრული გაუქმება. საჭიროა არა მხოლოდ საგადასახადო ტვირთის ნაწილობრივი შემცირება, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება, რაც მხოლოდ ამ გადასახადების გაუქმებით მიიღწევა.

მესიჯი #3 მიკრო-ბიზნესისა და მცირე ბიზნესის განმარტების შეცვლა

პროგრამით გათვალისწინებულია, რომ მიკრო-ბიზნესად ჩაითვლება 90,000 ლარის წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესი (ნაცვლად არსებული 30,000 ლარისა), ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლება 200,000 ლარის ბრუნვის მქონე ბიზნესი (ნაცვლად არსებული 100,000 ლარისა). სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის გამონაკლისის წესით სასათბურე პირობების შექმნა საფუძველშივე არასწორია. ბიზნესის ზომას აქ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან:

1. ეს ნიშნავს კერძო სექტორის ერთი ნაწილის ირიბ სუბსიდირებას, რაც გაუმართლებელია როგორც ეკონომიკური, ისე მორალური თვალსაზრისით;

2. სასათბურე პირობების შექმნა არ მუშაობს და ასეთი მიდგომა ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კონკრეტული სეგმენტის გულის მოგებას;

3. აჩენს ხვრელს საგადასახადო სისტემაში, თანმდევი პრობლემებით.

სწორი გზაა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ყველა ბიზნესისთვის და არა პრეფერენციების მინიჭება კონკრეტული სეგმენტებისთვის ხმების სანაცვლოდ.

მესიჯი #4 დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების ზღვრის აწევა

პროგრამით გათვალისწინებულია, რომ დღგ-ს გადახდა მოუწევთ იმ ბიზნესებს, რომელთა წლიური ბრუნვა ასცდება 200,000 ლარს (ნაცვლად დღეს არსებული 100,000 ლარისა). ეს მიდგომა მცდარია იგივე მიზეზების გამო, რაც წინა პარაგრაფშია მითითებული (1. ირიბი სუბსიდირება 2. სასათბურე პირობების შექმნა 3. ხვრელი საგადასახადო სისტემაში).

დამატებული ღირებულების გადასახადის ყველასთვის თანაბრად შემცირება იქნება სწორი ნაბიჯი.

მესიჯი #5 საფოსტო გზავნილებზე დაუბეგრავი მინიმუმის აწევა 300 ლარიდან 1,500 ლარამდე

ეს საკითხი სხვებთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი ჩასმა მთავარ გზავნილებში ერთმნიშვნელოვნად ელექტორალური მომგებიანობით არის განპირობებული.

ეს ნაბიჯი არასწორია ეკონომიკური თვალსაზრისით. მიზეზები იგივეა, რაც წინა ორ პარაგრაფშია მითითებული. პრეფერენციული, სასათბურე პირობების შექმნა ბიზნესის ნებისმიერი სეგმენტისთვის არის მცდარი. ასეთი გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულად ეს ნაბიჯი არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს უამრავ მცირე ზომის მეწარმეს, რომლებიც თავს ირჩენენ სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტით და უწევთ დღგ-ს გადახდა. აქაც სწორი გამოსავალი ერთია - დღგ-ს შემცირება ყველასთვის თანაბრად და საგადასახადო ხვრელების დატოვების არ დაშვება.

მესიჯი #6 საგადასახადო ამნისტია და ფინანსური პოლიციის გაუქმება

ამნისტია არ არის სამართლიანი ნაბიჯი, მაგრამ საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით სწორი და საჭიროა. ბიზნესი დღემდე შებოჭილია იმის გამო, რომ ერიცხება საგადასახადო დავალიანება და საურავები. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამნისტიის გამოცხადება არათანაბარ პირობებში ჩააყენებს იმ ბიზნესებს რომლებიც იხდიდნენ გადასახადებს, ეს ნაბიჯი მაინც აუცილებლად გადასადგმელია, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გვინდა.

ფინანსური პოლიციის გაუქმება ასევე სწორი ნაბიჯია. თუმცა ამის პარალელურად, საჭიროა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმება, რაც ფინანსურ პოლიციას ბუნებრივად დაუკარგავს ფუნქციას.

მესიჯი #7 ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის შეზღუდვა

ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა არათუ უნდა შეიზღუდოს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს. ასეთი ტიპის დანაშაული არ უნდა იდევნებოდეს სისხლის სამართლის წესით (მათ შორის, არც მაშინ, როდესაც დავა 500,000 ლარზე მეტ მოცულობაზეა, როგორც ეს პროგრამაშია გაცხადებული). ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესს გაუჩნდეს მეტი დაცულობის განცდა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოერთვას ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტული ბერკეტი, რომელსაც მთავრობები ამ ქვეყანაში წლებია სიამოვნებით იყენებენ, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებისთვისაც.

მესიჯი #8 „სახელმწიფო პენსიის“ ზრდა 50 ლარით

არასწორია! არსებული ე.წ. საპენსიო სისტემა არის ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური ხარჯების არასწორი განაწილების მთავარი მიზეზი. ამ სისტემაში 50 ლარით პენსიის გაზრდა ნიშნავს:

1. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კვლავ სიღარიბეში დატოვებას

2. ბიუჯეტში არსებული სოციალური დანიშნულების ფულის უდიდესი ნაწილის ფლანგვის გაგრძელებას შეძლებულ და მდიდარ ოჯახებზე.

სწორი, თუმცა არაპოპულისტური გზაა არსებული სისტემის შეცვლა და ფულის მიმართვა იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. სახელმწიფოსგან ფულს უნდა იღებდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც უჭირს. ნებისმიერი სხვა კრიტერიუმით (მათ შორის, ასაკობრივი ნიშნით) ბიუჯეტიდან ფულის დარიგება არის საფუძველშივე მცდარი და ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას.

მესიჯი #9 საარსებო შემწეობის აღდგენა მათთვის, ვისაც ის უსამართლოდ გაუუქმეს

პროგრამის ეს კომპონენტი ნიშნავს, რომ ენმ აპირებს შეინარჩუნოს სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო შემწეობების გაცემას მხოლოდ ყველაზე გაჭირვებული 10%-ისთვის. ეს სისტემა კი არასწორია და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბის შემსუბუქებას. განსხვავება სიღარიბის მხრივ ყველაზე გაჭირვებულ 10%-სა და შემდეგ 10% ან 30%-ს შორის პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მოქალაქე სამართლიანად არის ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეების 10%-ში შეყვანილი, ხოლო სხვა უსამართლოდ ამოღებული, არის წმინდა წყლის პოპულიზმი და მეტი არაფერი.

მანამ, სანამ იარსებებს ეს სისტემა, ყოველთვის იქნება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს ამოიღებენ სოციალური შემწეობის ბაზიდან სახლში აღმოჩენილი უთოს ან გაუთოებული ფარდის გამო. ეს სისტემა არის ფუნდამენტურად შესაცვლელი და ამ ცვლილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია არსებული „საპენსიო“ სისტემის რეფორმა (ნაცვლად პენსიის 50 ლარიანი ზრდისა). დღევანდელ ბიუჯეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 10%-ზე გაცილებით მეტ ადამიანს დაეხმაროს გაცილებით უკეთ. ისე, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საკვების მიღების, ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსებისა და შვილებისთვის განათლების მიცემის პრობლემა არ ჰქონდეს.

მესიჯი #10 მედიკამენტები ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტში გაჭირვებულებისთვის

სწორია. საყოველთაო ჯანდაცვის არსებული სისტემა გასაუქმებელია. სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვაში უნდა ეხმარებოდეს მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს.

სისტემაში უნდა ჩაერთოს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებს კონკურენციას, ფასების შემცირებას და ხარისხის გაუმჯობესებას. ასეთი სისტემის შექმნის პირობებში, დღესვე შესაძლებელია გაჭირვებული მოქალაქეების დაზღვევის პაკეტში გათვალისწინებულ იქნას ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება.

მესიჯი #11 საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია, სასკოლო ვაუჩერის ღირებულების 50%-იანი ზრდა და საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასების ზრდა 650 ლარამდე

ვერანაირი საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია და მასწავლებლების ხელფასების ხელოვნური ზრდა ვერ გააუმჯობესებს საშუალო განათლების ხარისხს ქვეყანაში. ეს გზავნილები, სავარაუდოდ, კარგია არჩევნებზე ათობით ათასი მასწავლებლის ხმების მისაღებად, მაგრამ თუ რომელიმე სფეროში არ არის პოპულიზმის დრო, ეს განათლებაა.

ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მომავალ თაობებს მიეცეთ შანსი იპოვონ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და შეძლონ თვითრეალიზაცია, არის რადიკალური რეფორმები. საჭიროა საშუალო განათლების მკვეთრი დერეგულირება, საჯარო სკოლების მაქსიმალური პრივატიზაცია და ვაუჩერული დაფინანსების გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონკურენციისთვის გასაზრდელად, რაც ამ ფორმით დაფინანსების რეალური მიზანია.

ვაუჩერული დაფინანსების ზრდა სწორია (შეიძლება გაცილებით მეტადაც, ვიდრე პროგრამაშია მოცემული), მაგრამ თუ მთავრობამ განათლების რეგულირება გააგრძელა და რეფორმები არ გაატარდა, შედეგი იქნება ნულოვანი (როგორც აქამდე გადადგმული ნაბიჯების შედეგად იყო). რეფორმების შედეგად მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება ბუნებრივად, რადგან განათლების სისტემა დაიწყებს გაჯანსაღებას, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ ან მინისტრმა ასე გადაწყვიტა.

მესიჯი #12 საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის ზრდა 5,000-ით

ეს გზავნილიც გათვლილია საარჩევნოდ ხმების მობილიზებაზე, ამ შემთხვევაში - სტუდენტების ხმების. საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ისევე საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას, როგორც საშუალო განათლების. მანამ, სანამ ამ სისტემაში არ გაჩნდება ბუნებრივი სტიმულები, რომ უნივერსიტეტებმა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, უნივერსიტეტები საქართველოში, განსაკუთრებით სახელმწიფო, გააგრძელებენ უმუშევრობისთვის განწირული ახალგაზრდების გამოშვებას. ამას ვერ უშველის საგრანტო დაფინანსების გაფართოება დამატებით 5,000 სტუდენტით და ვერც უბრალოდ საგრანტო დაფინანსების მოცულობის ზრდა. საჭიროა რადიკალური, მათ შორის, შესაძლოა არაპოპულარული რეფორმებიც, რათა საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ამუშავდეს.

რეცეპტი აქაც იგივეა: პრივატიზაცია, დერეგულაცია, სახელმწიფო დაფინანსების სისტემის მიმართვა გაჭირვებული და ამავე დროს მონდომებული აბიტურიენტებისკენ.

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა რომ პროგრამაში არის გადასახადების და მთავრობის ხარჯების შემცირებაზე გაკეთებული სწორი აქცენტები, მთლიანობაში ის უფრო პოპულისტურია და გათვლილია მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტიდან საარჩევნო ხმების მობილიზებაზე. როგორც სჩანს ნაციონალური მოძრაობა კვლავ ერთგული რჩება პრინციპის - ‘ახლა ასეა საჭირო და რომ მოვიგებთ არჩევნებს, მერე ყველაფერს სწორედ გავაკეთებთ’.

#გირჩი #მეტითავისუფლება #ნაკლებიპოპულიზმი

კომენტარები