სიახლეები

საქართველოს სასამართლოს შესახებ

ყველა გონიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ახლა ამ ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს, სასამართლოში კლანის არსებობა, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს.

ამ სამთავრობო მხარდაჭერის ფარგლებში მიდის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი. ხოლო პარლამენტი განიხილავს, ამავე კლანის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს და რომლის მიღების მერეც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნება მთავრობისა და სასამართლო კლანისთვის მისაღები კანდიდატები.

დღეს ამ პროცესის წინააღმდეგ არის ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა ქართული ოცნებისა, ამ პროცესის მოწინააღმდეგე არის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, გარდა სახელისუფლებო ორგანიზაციებისა და მათი ექსპერტებისა.

ამ პროცესს არ გააჩნია არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ტოტალური უნდობლობის ფონზე. თუმცა, როგორც ჩანს ქართული ოცნება ერთპიროვნულად გაიტანს ამ კანონს. რაც სხვაგვარად ნიშნავს იმას, რომ მას მერე რაც ქართული ოცნება დაასრულებს სასამართლოსთან სარეცელის გაყოფას, მივიღებთ უვადოდ დანიშნულ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს.

რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ,ამ ქვეყანაში,  ხელისუფლებები იცვლებიან, უახლოეს მომავალში, ეს ბედი ელოდება ქართულ ოცნებასაც. ჩვენ გირჩი ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც კლანის მიერ იქნა დანიშნული უვადოდ. გავათავისუფლებთ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც კლანის მიერ იყო დასახელებული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, როგორც მათთვის სანდო პირი და მათ არ გაუპროტესტებიათ კლანის მიერ გამოცხადებული ნდობა. ასევე დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ კლანის ყველა წევრ მოსამართლეს.

ხოლო იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა საჯაროდ დაადასტურებენ კლანის არსებობის ფაქტს სასამართლოში, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლების შემდეგ, დავნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერ ადამიანებს სასამართლო სისტემაში.

ყველასთვის გასაგებია, რომ კლანისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ბარიერები და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახურონ, ქართველი ხალხის თავისუფლკების ხარჯზე შეასრულონ ხელისუფლებათა ნებისმიერი ამორალური დავალება, ამიტომ მნიშვნელოვანი გვგონია, რომ ამ ბრძოლაში საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ვიდგეთ ერთად და პირობა დავდოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ყოველი ჩვენგანი დაეთანხმება საკანონმდებლო ცვლილებების გზით, კლანის მიერ უვადოდ დანიშნუილი მოსამართლეების სახლში გაშვებას. თან ხომ იცით, ამაზე უკვე დაგინებულია.
პატივისცემით,

გირჩი

16.04.2019
 

კომენტარები