სიახლეები

ქართველიშვილების პასუხად - ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესახებ

პრობლემის სამთავრობო გადაწყვეტა, ჩვეულებრივ, თავად პრობლემაზე უარესია.

მილტონ ფრიდმანი

ერთმა მეგობარმა მითხრა: ქვეყნები ცდილობენ, ხალხი სიგარეტის მოწევას გადააჩვიონ, "გირჩი" კი მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვსო - უკმაყოფილო იყო.

მე კი უკმაყოფილო მისი სიტყვების ("ქვეყნები ცდილობენ...გადააჩვიონ") საბჭოური ყაიდის პატერნალისტურმა სულისკვეთებამ დამტოვა. "ზნეობის პოლიცია" ხომ არშეგვექმნა? ადამიანებს, ხომ უამრავი "ცუდი" ჩვევა გვაქვს, ეგებ გადაგვაჩვიონ და "კარგი" აგვათვისებინონ.

ეხ, ჩემო ძველო მეგობარო, ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და საქმე იმაშია, რომ რაც ერთისთვის ზნეობრივია, მეორისთვის იგივე უზნეობას ნიშნავს. რაც ერთისთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა, შესაძლოა მეორისთვის აბსოლუტურად მიუღებელი რამ იყოს. ჰოდა, ვის ვაძლევთ ხელთ "არშინს", რომლითაც ავს და კარგს, მისაღებს და მიუღებელს დაგვიდგენენ?! სახელმწიფოს?! მთავარ მოძალადესა და "დიდ მეძავს"?! ნუთუ ძნელად გასაგებია ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის მთელი 100%-ით და თუ ეს ასე არაა, მაშინ თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი მხოლოდ ცარიელი და უშინაარსო ლაყბობა გამოდის.

დიახ, ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის, ამიტომ არავის აქვს უფლება ჩვენზე ზრუნვის საბაბით ჩვენს სხეულზე კონტროლი დააწესოს და სახელმწიფო აპარატის მანიპულაციების ობიექტად გვაქციოს.

ჩვენი ნება და არჩევანია მავნე ჩვევებით დახუნძლულნი ვივლით, თუ ე.წ. ჯანსაღი ცხოვრების წესს ავირჩევთ. ერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, სხვა ადამიანებზე ძალადობაა. ქმედება, რომელიც ძალადობას არ შეიცავს, არ შეიძლება დანაშაულად მივიჩნიოთ. თუ ასე არ მოვიქცევით და იურიდიულ კანონებს ამ სულისკვეთებით არ შევადგენთ, მაშინ უამრავი ადამიანური სისუსტე, ცუდი ჩვევა, მრავალი "უზნეობა" დანაშაულის დეფინიციის ქვეშ მოექცევა, მოირღვევა საზღვარი, რომელიც ინდივიდს უმრავლესობის და სახელმწიფოს ძალადობისგან იცავს. ნარკოტიკის, ალკოჰოლის და ა.შ. საკუთარი ნებით მოხმარება, შესაძლოა ცუდი, მაგრამ ნებაყოფლობითი აქტია,
ამდენად, არც დანაშაული არაა. ნარკოტიკების დამზადება, ნარკოტიკებით ვაჭრობაც ნებაყოფლობითი პროცესია - ერთმა გაყიდა, მეორემ იყიდა, ორივე მხარე კმაყოფილია, არც ერთი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს და თუ დაზარალებული არ არის, არც დანაშაული
არსებობს.

"უმსხვერპლო დანაშაული" - სამართლებრივი ნონსენსი! კანონი რომლითაც დღეს ნარკოპოლიტიკა რეგულირდება უბრალოდ უსამართლოა და ის რაც უსამართლოა, არ შეიძლება სიკეთის წყარო იყოს. ასეცაა, ფართო ასპარეზია, როგორც სახელმწიფოს, ასევე კრიმინალთა ძალადობისთვის. "ნარკოტიკებთან ბრძოლა", როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რომ "ხალხზე ზრუნვის" საბაბით ჩაერიოს მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, აკონტროლოს ადამიანური საქმიანობის სულ უფრო მეტი სფერო, წარსტაცოს ბუნებით მინიჭებული უფლებები, დაიკმაყოფილოს მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირების
მიდრეკილება და მთავარი: შეავიწროვოს მისი ბუნებრივი მტერი- თავისუფლება!

"გირჩის" პოზიცია სწორედ თავისუფლების სულისკვეთებითაა გაჯერებული, ესაა შებმა სახელმწიფოს მავნებლურ პოლიტიკასთან თავისუფლების სახელით. შემთხვევით არ უთქვამს ილიას

თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.

თავისუფლება, გარდა იმისა, რომ თვითმკმარი ღირებულებაა, იგი ამავე დროს მატერიალური სიუხვის და კეთილდღეობის წყაროა.

დექით მტკიცედ და შეურყეველად!

სისტემა ყანყალებს!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები