ქონებრივ-სამართლებრივი ინსტიტუტები - პოლიტეკონომიის კურსი 11

დანიელ რასელი: საკუთრების ფლობა კაპიტალის ფლობის პირისპირ.

ჩვენ რომ მეზობლები ვიყოთ, დიდი ძალისხმევის გარეშე გვეცოდინებოდა, თუ სად მთავრდება ჩემი და სად იწყება შენი საკუთრება. ამისთვის შეგვიძლია სახლებს შორის ხაზი გავავლოთ ან რუკა დავხაზოთ, რათა ყველასთვის ნათელი იყოს, თუ რა არის ჩემი და რა - შენი. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ შენ მოგინდება სახლის სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენება, სხვა ვალდებულებით დატვირთვა ან თუნდაც მისი დაყოფა გასაყიდ ნაწილებად? იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სამართლებრივი სისტემა შენი საკუთრების უფლების ცხადად წარმოჩენისთვის, ნებისმიერი გარიგება, საკუთრების კაპიტალად გადაქცევისთვის, ძალიან ხარჯიანი იქნებოდა. სახლის გამოყენება ღამის გასათევად კვლავ შესაძლებელი იქნება, თუმცა იგი ვერ შეასრულებს სიმდიდრის შემქნელი კაპიტალის ფუნქციას.  

ჰერნანდო დე სოტოს კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრ განვითარებად და ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში არსებული გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი სიღარიბე სწორედ საკუთრების გამოხატვის სამართლებრივი გზების არარსებობითაა გამოწვეული და ეს ძალზედ საკვირველია. შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰაიტი, ფილიპინები ან პერუ, ადამიანების სიღარიბეს იწვევს მიწის, სახლის, სახელოსნოს ან ბიზნესის არქონა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.  

დე სოტოს 2000 წლის გამოთვლების თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები გაეროს მიერ რეკომენდებული ზომის დახმარებას გაუგზავნის ჰაიტის, ეს დახმარება 150 წელი ვერ გაუთანაბრდება იმ ქონების ღირებულებას, რომელსაც ღარიბი ჰაიტიელები დღეს ფლობენ. დე სოტოს კვლევის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს არა ნივთების არარსებობა, არამედ ამ ნივთების კაპიტალად გამოყენების შეუძლებლობა.   

ქონებრივ-სამართლებრივი სისტემები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხშირია, რომ მათ არსებობას ვეღარც კი ვამჩნევთ. მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ იმ ყველაფერზე, რის არსებობასაც ეს სისტემები შესაძლებელს ხდის. კერძოდ, მათი საშუალებით სხვა ადამიანებმა იციან, თუ რა სახის გარიგებები შეიძლება დაიდოს მესაკუთრესთან, რომ მესაკუთრეს გააჩნია სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რომ არსებობს ადგილი ანგარიშის გასაგზავნად ან მომსახურების მისაწოდებლად.  

ამ სისტემების მეშვეობით, ჩვენთვის ცნობილია, თუ სად უნდა ვიპოვოთ მესაკუთრე გარიგებების დასადებად და რომ არსებობს ამგვარი ქონება, რომელიც შესაძლოა რაიმე ფინანსური მიზნით გამოვიყენოთ. მათი საშუალებით ვხვდებით, თუ რამდენად უსაფრთხოა ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმებები და რამდენს დაკარგავს მესაკუთრე დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც მათ სიტყვებს უფრო სანდოს ხდის. 

ქონებრივ-სამართლებრივი სისტემების საშუალებით ბაზარი და ფასები იმგვარად ვითარდება, რომ შესაძლებელი იყოს ქონებათა ფასის დათვლა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი ქონების მეორესთან შედარება, მათი გაერთიანება, მათი წილებად დაშლა და ასე შემდეგ. 

აღნიშნული ინსტიტუტები მიუთითებს კომპლექსური სისტემების შექმნის შესაძლებლობაზე და ამ სისტემებისთვის ქსელური, მაგალითად, კომუნალური, მომსახურების მიწოდების საჭიროებაზე. მათ იციან, რომ სადღაც არსებობს ქონება, რომლითაც საკუთარი შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლიათ,  რომ შესაძლებელია სადაზღვევო ჯგუფების შექმნა და ასე შემდეგ. მათი მეშვეობით ვხვდებით, თუ რა შედეგები დადგება ქონების ყიდვის შედეგად, რაც საშუალებას გვაძლევს ქონების ღირებულება სხვადასხვა დაბრკოლებას, მაგალითად, ქონების თანმხლებ გირაოს, მოვარგოთ.  

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვთ შეუმჩნეველ ქონებრივ-სამართლებრივ ინსტიტუტებს კეთილდღეობის შესაქმნელად. შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ამგვარი ინსტიტუტების არარსებობა მსოფლიოში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სტაბილური სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ისინი, რომელზეც არასდროს ვფიქრობთ, კეთილდღეობის შექმნის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, საჭიროა მათზე დაფიქრება. 


 



კომენტარები