სიახლეები

მზად ვარ ყველგან მოვყვე, რომ სანაგვეა და ასეთი ხალხია სისტემაში - გიორგი ქინქლაძე

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი", ორი დღეა კლუბური ნარკოტიკების ფლობისთვის დაკავებული ადამიანები თავის ისტორიებს ყვებიან - როგორი არაადამიანური იყო სისტემა მათ მიმართ და რამხელა პრობლემაა, ჯერ კიდევ, ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში.

გუშინდელი სტუმარი, დიჯეი, მიხაილო თოდუა იყო, რომელიც 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა და რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

"თავისუფალი ბაზრის" დღევანდელი სტუმარი კი, პროგრამისტი გიორგი ქინქლაძე იყო, რომელიც გასულ კვირას ასევე MDMA-ის მცირე რაოდენობით ფლობაზე დააკავეს. გიორგი მოგვიანებით საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. როგორც ქინქლაძემ გადაცემაში აღნიშნა, ამაზე ხმამაღლა საუბარი მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა იცოდეს, რაც ხდება სისტემის შიგნით

"ეს ხალხი ამით აკეთებს ფულს და ამით ბედნიერები არიან...ჩემი ინტერესია, რომ ამის გასაჯაროებამ შეაწუხოთ, იმან, როგორც იქცევიან და ეს ყველამ იცოდეს. ყურადღების მისაქცევი ამბავი მგონია, ვფიქრობ, რომ ბევრი ხდება ასეთი შემთხვევა...ეს რომ არ მომეყოლა, შემაწუხებდა მთელი ცხოვრება, ძაან ადუღებული გამოვედი, სად დავფქვა ეს ამბავი მეთქი - ვფიქრობდი, რაც მეტი მოისმენს მით უკეთესი. კიდევ მზად ვარ, რომ ეს ბევრგან მოვყვე, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ასეთი სანაგვეა და ასეთი ხალხია სისტემაში."

როგორც გიორგის მონაყოლიდან ირკვევა, პოლიციელებმა არაერთხელ გადააჭარბეს უფლებამოსილებას. აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მას. ხოლო როდესაც ის ამას აპროტესტებდა, მეორე პოლიციელი პასუხობდა, არ უგინებიხარ, რა თქვა ისეთი, **ეს, ნაბ***რს და თესლს, მეტს არაფერს არ გეძახის და რა უჭირსო. პოლიციელები ოქმის შედგენისასაც არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა, სულ სხვადასხვა პასუხები ჰქონდათ ოქმში ჩაწერილი. 

ვახო მეგრელიშვილის თქმით, გიორგის და მისნაირი ადამიანების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადასაჭრელად და სასურველია თუ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ალაპარაკდება ამ თემაზე.

იმ ადამიანებისთვის ვინც შენს დღეში იქნება ყოველდღიურად, სტიმული იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ილააპარაკოს ამ თემაზე, ვისაც მსგავსი ისტორია აქვს და გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ ამის წინააღმდეგ, მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება... საბოლოო ჯამში მიზანი საზოგადოებრივი აზრის შეცვლაც უნდა იყოს.

მიმართავს ვახო მეგრელიშვილი გიორგი ქინქლაძეს "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები