სიახლეები

ირაკლი კორძახია: ტაქსის ფერის შეცვლის მოთხოვნა საკუთრების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმაა

თეთრი ტაქსების ამბავზე დავწერ, და იურისტებმა გამაკრიტიკეთ :)

ფერის შეცვლის მოთხოვნა არის საკუთრების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა. ამიტომ ეს მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი, აღწევდეს შედეგს და იყოს თანაზომიერი.

კანონიერების და შედეგის მიღწევის კუთხით თითქოს არ არის პრობლემები:

1. მერიას აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირების უფლება,

2. არის საჯარო ინტერესი - მომხმარებლებმა გამოარჩიონ სერვისის მიმწოდებელი და ფერის და ტრაფარეტის შემოღებით ეს გამორჩევა მიიღწევა.

3. თანაზომიერებაზე კი პრობლემაა: რატომ არ არის საკმარისი განათებული ტრაფარეტი მიზნის მიღწევად? ვერ გამორჩევს მომხმარებელი მანქანის ფერის მიუხედავად საყვარელ ვარდისფრად :) ან მწვანედ განათებულ ნიშანს?

ტრაფარეტის მოთხოვნა აშკარად ნაკლებად ინტენსიური ჩარევაა საკუთრების უფლებაში. ინგლისში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში (2005-დან) არ არის დადგენილი ფერი. ფერი ტრადიციულად შემორჩენილია პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიაში (სადაც ის თეთრია - დამთხვევა? :)), თუმცა იქაც, სადაც შემორჩენილია, საუბრობენ ფერის დერეგულაციაზე. გერმანიაში თავად ასოციაციის წევრ ტაქსისტებს ურჩევნიათ კრემისფერი, როგორც ბრენდი, ბაზარი რომ დაიცვან კონკურენტებისგან, რომლებიც სხვადასხვა ფერით მუშაობენ.

ამიტომ შეიძლება შმაქსის თუ სხვების შესაძლო კონსტიტუციურ სარჩელს ჰქონდეს წარმატების პერსპექტივა.

P.S. ტაქსომეტრების დაყენება კი ნამდვილად საჭირო რეფორმა იქნებოდა ტურისტებზე ორიენტირებულ ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, ხშირია ტურისტების მოტყუების ფაქტები.
 



ავტორი: ირაკლი კორძახია

კომენტარები