სიახლეები

926 Views
ეკონომიკა

ხაზარაძე: საქართველოს სჭირდება ძალიან პატარა, ელექტრონული მთავრობა

ჩვენნაირ ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება, სჭირდება ძალიან პატარა, ელექტრონული მთავრობა. დღევანდელი ხელისუფლება პატარა მთავრობას ვერ გააკეთებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჩინოვნიკი სჭირდებათ, ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არის მეტ-ნაკლებად გარანტირებული საარჩევნო ხმა, პლუს ამას დამატებული - ჯარი. 

TBC ბანკისა და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა, "თავისუფალ ბაზარში", ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, "მთავრობის შემცირების შემდეგ საჯარო სექტორში დასაქმებული ასობით ათასი ადამიანისთვის, შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც გაჩნდება სამუშაო ადგილები და ეს იქნება ამ ადამიანებისთვის ათასჯერ უფრო უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე საჯარო სამსახური."

ვახო მეგრელიშვილის შეკითხვაზე, რა გზა უნდა გავიაროთ, რომ მცირე მთავრობამდე მივიდეთ, ხაზარაძის თქმით გამოსავალი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, ამისთვის კი პირველ რიგში საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა ინვესტორებისთვის.

პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ რანაირი ტიპის ეკონომიკა გვინდა ჩვენ და რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საქართველოს ფინანსური ცენტრობის საუკეთესო დამადასტურებელი ანაკლია სითის პროექტი იქნება, რომლის ტერიტორიაზეც გაკეთდება ლონდონის არბიტრაჟის სისტემა, მისი თქმით, თავისის მნიშვნელობით, ეს პროექტი უდიდესია და ასეთივე დანიშნულებაც ექნება.

გადაცემაში ვახო მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კახა ბენდუქიძის იდეა იყო, რაც ხაზარაძემაც დაადასტურა და დასძინა, რომ კარგი იდეები, ყოველთვის მისასალმებელია და აღნიშვნასაც იმსახურებს, ვინც არ უნდა იყოს ამის ავტორი. 

მამუკა ხაზარაძე "თავისუფალ ბაზარში" გადასახადების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაბალ გადასახადებს ემხრობა, თუმცა მათი რადიკალურად დაწევის ან საერთოდ გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა ბიუჯეტის შეუვსებლობის საფრთხე დადგეს და ეს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს მაგალითად ჯარისა და მასწავლებლებისთვის.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები