სიახლეები

კომუნიზმი წვრილმანებშია

მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეს არ აქვს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება, ვიდრე ის არ გახდება 25 წლის. აქედან გამომდინარე, პოლიტიკით დაინტერესებული, 25 წელს მიუღწეველი ადამიანები, ვცდილობთ, აღნიშნული პრობლემა საჯარო განხილვის საგანად ვაქციოთ და ხელი შევუწყოთ, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, ასაკის 18 წლამდე დაწევას.
თუმცა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ გარდა სახელისუფლებო გუნდისა, გაუგებარი არგუმენტების გამო, ოპოზიციაშიც არ არსებობს ამ საკითხზე კონსენსუსი. ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ 25 წლამდე მოქალაქე არ არის მზად იყოს პარლამენტის წევრი, მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა უმაგრებს თუ არა მის წარმომადგენლობას ზურგს.
ხშირად, ადამიანებს ერთმანეთთან არაგულწრფელობა გვახასიათებს და მორალურ კომპრომისზე წასვლა გვირჩევნია სიმართლის თქმას, რისი შედეგიც გაუკუღმართებული მორალის ჩამოყალიბების წახალისებაა. ეს კი ორივე მხარეს აზიანებს, რადგანაც ოპონენტისთვის შეცდომებზე მითითება მისსავე განვითარებას უწყობს ხელს.
შესაბამისად, მე, 22 წლის მოქალაქემ, გადავწყვიტე ხელი შევუშალო გაუკუღმართებული მორალის ჩამოყალიბების პროცესს და დავეხმარო ოპონენტებს შეცდომებზე მითითებით.
უფრო კონკრეტულად კი, თითოეულ საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფ ადამიანს მინდა გავუმხილო, რომ, რაც არ უნდა ლიბერალური ხედვებით, ტოლერანტობითა და ადამიანებთან შემწყნარებლური დამოკიდებულებით იწონებდეთ თავს, თქვენ ხართ კომუნისტები.

რატომ?

კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ ყველა ადამიანს არ აქვს უნარი მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ. შესაბამისად, უფრო ჭკვიანმა ადამიანებმა მას უნდა დაურეგულირონ ცხოვრების წესი და აუკრძალონ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებმაც, პოტენციურად, შეიძლება ავნოს მას.

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“ გეგმავენ ჩვენს სიბერეს.

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“  საზღვრავენ  რა უნდა ვჭამოთ, დავლიოთ ან მოვწიოთ მაშინ, როცა გადაწყვეტილება გვეხება ჩვენ და არავის სხვას.

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“ საზღვრავენ რა ტიპის ცოდნის გადაცემაა ჩვენი შვილებისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“ საზღვრავენ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ სამუშაოზე დასაქმების მიზანშეწონილობას.

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“ საზღვრავენ ჩვენი სესხების მოცულობას, რათა გადახდისუუნარო არ გავხდეთ. 

•    აღნიშნული მორალის შედეგია, რომ „ჭკვიანი ადამიანები“  საზღვრავენ არჩვენებზე  მისულმა ამომრჩეველმა  რა ასაკის ზემოთ უნდა აირჩიოს დეპუტატი.

მათთვის, ისევე, როგორც კომუნისტებისთვის, არ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება, რომ წარმომადგენლობით ორგანოში, ჰყავდეს ის წარმომადგენელი, რომელიც  ყველაზე მეტად უნდა და რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა.
მათთვის, როგორც კომუნისტებისთვის, არ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება, დაკავდეს იმ საქმიანობით, რომელიც ყველაზე მეტად უნდა და ამაში ათასობით ადამიანი დაარწმუნა.
ასევე, 3 წელში გავხდები 25 წლის და ალბათ პარლამენტშიც  მოვხვდები, თუმცა, პოზიციავ და ოპოზიციავ, თქვენი უფლებამოსილებით თუ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებით, გაქვთ ბერკეტი გზა გაუხსნათ უამრავ იდეებით დახუნძლულ ახალგაზრდას, რომლებიც არცერთ 25 წელს მიღწეულ მოქალაქეზე ნაკლებად არ იმსახურებენ ქვეყნის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში მოხვედრას. 
ამ ნაბიჯით, ერთის მხრივ, ხელს შეწყობთ პოლიტიკურ ბაზარზე კონკურენციას, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუშლით მორალის კიდევ უფრო გაუკუღმართებას.
პატივისცემით, 22 წლის მოქალაქე. 

ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი


 

კომენტარები