სიახლეები

რა უნდათ ქართველებს და საქართველოს?

ამ კითხვაზე პასუხი, როგორც ჩანს, არც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და არც მისი მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის. ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომელსაც ქვევით შევეცდები ავხსნა.

სახელმწიფო და ადამიანები მოკლევადიანი, სიტუაციიდან გამომდინარე, გადარჩენა-ოპორტუნისტული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობენ. ის რაც ‘პრაქტიკულია’ ან მომგებიანი იმ მომენტში, თუნდაც ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდეს ყველა წინა გადაწყვეტილებას ან საერთოდ გრძელ ვადაში საზიანოც კი იყოს. ხშირ შემთხვევაში, არც სახელმწიფო და არც ადამიანები არ ფიქრდებიან საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გრძლევადიან ეფექტზე. არ აქვთ არც გრძელვადიანი ხედვა და მიზნები, არც მისი შესრულების გეგმა, რომელიც თანმიმდევრულია და გარკვეულ მორალსა და პრინციპებს ეყრდნობა.

სკაველებს სიზარმაცისა და არაკომპეტენტურობის გამო უნარები არ ჰყოფნით, რომ ნადირობა დაგეგმონ და მერე ეს გეგმა შეასრულონ. მათთვის წარმატება სხვის მიერ მიტოვებული ლეში ან ვინმეს მიერ გადმოგდებული ნარჩენებია. ნადირობაში და სახელმწიფოს მშენებლობაში წარმატებას დაჟინება, გამძლეობა, მოთმინება, დისციპლინა, ერთსულოვნება და დრო სჭირდება. დღეს, საქართველოს პოლიტიკაში ან ადამიანების უმრავლესობის ქცევაში, არცერთი არ შეინიშნება. რათქმაუნდა, ეს მდგომარეობა არ არის მხოლოდ შინაგანი ნაკლებით გამოწვეული და გარე ფაქტორებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ ორივეზე, საქართველოზე როგორც სახელმწიფოზე და მის თითოეულ მოქალაქეზეც, მაგრამ ამ გარეფაქტორებზე სხვა დროს, სხვა ბლოგში. 

მე-12 საუკუნის მერე განკარგული ეროვნული თვითშეგნება (იდენტიფიკაცია), ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნეში ხელახლა შექმნა, გაათანამედროვა და იმ დროინდელ მსოფლიოში პროგრესულ მიმდინარეობებს მოარგო, ისევ საქართველოს და მისი კულტურის საერთაშორისო ინტეგრაციისთვისაც: მაგ. განმანათლებლობა, კლასიკური ლიბერალიზმი, თავისუფალი ვაჭრობა, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უზენაესობა. ასე წარმოიდგინა ილიამ საქართველო დაქართველი ერიმომავალში.

სამწუხაროდ, ამ ღირებულებებმა ვერც მაშინ და ვერც დღემდე ვერ შეაღწია ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში. რუსეთსა და საქართველოში ინდუსტრიალიზაციაგაიმაზა’, ვერ შედგა და შესაბამისად ეს ღირებულებები ვერ ჩამოყალიბდა. ორივე საზოგადოება დარჩა ბატონ-ყმური, ხოლო ორივე ეკონომიკა ფეოდალური. მერე ეს ყველაფერი კომუნიზმ-სოციალიზმა და ცენტრალური დაგეგმარების ეკონომიკამ ჩაანაცვლა და კიდევ უფრო შეაფერხა კოლექტივიზმის ინდივიდუალიზმით ჩანაცვლების პროცესი. 

კიდევ უფრო სამწუხაროდ, საქართველოს იმდროინდელმა ელიტამ, ლუარსაბებმა, შემოდგომის აზნაურებმა, რუსულ იმპერიასთან კოლაბორაციონისტებმა და უბრალო ხალხმა ილიას ხედვა და გეგმა არ გაიზიარა. მეტიც, მათ ილია მოკლეს და ამჯობინეს ძლიერი ბატონის რჩეულ ყმებად დარჩენა. თვითგამორკვევისა და ახალი, თანამედროვე ეროვნული იდენტიფიკაციის ჩამოყალიბების შანსი, რომელიც 1918 წელს გაჩნდა და 1921 წლამდე გაგრძელდა, თავიდანვე განწირული იყო იმდროინდელ საქართველოში და რუსეთში ‘ილიას მკვლელების’ დიდი რაოდენობით და მათი დიდი ძალაუფლების გამო. მე-20 საუკუნის დასაწყისში მოკლეს ილია და მერე დამოუკიდებელი საქართველო. ამით საქართველომ დაკარგა უნიკალური შანსი განევითარებინა ახალი, თანამედროვე ეროვნული ღირებულებები და იდენტიფიკაცია.

აღსანიშნავია ის, რომ ისტორიულად ‘ქართული კულტურა’ და ‘ეროვნული იდენტიფიკაცია’ დიდწილად განისაზღვრებოდა (დღესაც განისაზღვრება) მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებებით და ეკლესიის მიერ მათი ინტერპრეტაციით (კანონიკური სამართალი), რომლის მიხედვითაც ‘თემიუფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ადამიანი, სადაც ადამიანთა ჯგუფის ინტერესი ერთი ადამიანის ინტერესზე უზენაესია. დამატებითმართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრება ადამიანს ღმერთთან მიმართებით მონად და მსახურად განსაზღვრავს. აქედან გამომდინარეა ისიც, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული მორალითა და ტრადიციული ქართული კულტურის მიხედვით, თვითგვემა, მსხვერპლშეწირვა და მოწამეობა ვიღაცების ან რაღაცების გამო არამარტო ფასდება და წახალისებულია, არამედ ეს ადამიანის მოვალეობაც კი არის.

1921 წელს კი, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მერე, ზემოთხსენებული ტრადიციული კოლექტივისტური მორალს დაემატა ზუსტად იგივე კოლექტივისტურ ღირებულებებზე აწყობილი, ახალი მორალი - კომუნიზმ-სოციალიზმი. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ღმერთი ჩაანაცვლა კოლექტივმა, პარტიამ და სამშობლომ (სსრკ), ხოლო ამათ გამო თავგანწირვა და საკუთარი ინტერესის შეწირვა უცვლელად დაფასებული და სავალდებულო დარჩა. გამოდის, დღევანდელიქართული კულტურა და ეროვნული იდენტიფიკაციაორი ულტრა-კოლექტივისტური იდეოლოგიის ნაზავია.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოციალიზმმა მსოფლიოში ფეხი მოიკიდა და გაიმარჯვა სწორედ მართლმადიდებლურ კულტურებში (რუსეთი, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ბელორუსია, რუმინეთი, საბერძნეთი, ეთიოპია): სოციალიზმი და მართლამდიდებლობა ერთ და იგივე ღირებულებებს და პრინციპებს ეფუძნება, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული და ერთმანეთისგან გამომდინარეობს:

- მსხვერპლშეწირვა/ალტრუიზმი: პირადი ინტერესების დათმობა, საკუთარი თავის (ან სხვისი) მსხვერპლშეწირავა ‘დიადი’ მიზნებისათვის (მაგ. ღმერთი, სულიერება, რწმენა, სამშობლო, საზოგადოება, თემი და ა.შ.) სავალდებულოა, კარგია და დაფასებულია.

- კოლექტივიზმი: საზოგადოების, ხალხთა ჯგუფის ინტერესები ერთი ადამიანის ინტერესებზე მაღლა დგას, ხალხის ჯგუფი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ადამიანი.

- შეუწყნარებლობა/არატოლერანტულობა: ცხონდება მხოლოდ მართლმადიდებელი, ანუ კარგი ადამიანი მხოლოდ მართლმადიდებელია (ორთოდოქსიზმი). თუ ჩვენთან/ჩვენსკენ (კოლექტივთან) არა ხარ, ჩვენი მტერი ხარ, ცუდი ადამიანი ხარ. მორალი ერთია და ეს მორალი სხვებმაც უნდა გაიზიარონ/თავზე მოვახვიოთ. არსებობს მხოლოდ ერთი, სწორე ცხოვრების წესი, სხვა დანარჩენი ცუდია.

სხვათაშორის, ყველა ტირანიული, დიქტატორული ან ავტორიტარული რეჟიმი ადამიანის ისტორიაში, გამონაკლისის გარეშე, ემყარებოდა ამ სამ პრინციპს. დასავლური ცივილიზაცია (დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა) წარმატებული და მდიდარი გახდა ზუსტად იმის გამო, რომ ეს სამი პრინციპი ინდივიდუალიზმით დაამარცხა/ჩაანაცვლა ინდუსტრიალიზაციის დროს. 

შეკითხვა, თუ გნებავთ დაარქვით დილემა, ზუსტად ამაში მდგომარეობს: ადამიანებს საქართველოში ინდივიდუალიზმისა და კაპიტალიზმის პრინციპებზე დამყარებული თვითიდენტიფიკაცია და სახელმწიფო უნდათ (ილიას საქართველო), თუ მათ რუსულ-სოვიეტიკურ-მართლმადიდებლური კოლექტივიზმი, შესაბამისად ავტორიტარული, საზოგადოება და სახელმწიფო სურთ (ფეოდალური)? სხვა არჩევანი ჯერ ბუნებაში არ არსებობს. 

მე რასაც ვხედავ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ ბოლოსკენ იხრება. სახელმწიფო მანქანა და პოლიტიკური სისტემაც იგივეს ქადაგებს და ავრცელებს. ეს კი, რუსული საქართველოს მოდელია სადაც ქართველებს რუსეთის სხვა პროვინციებზე და ერებზე უფრო მეტი პრივილეგიები ექნებათ თუ ისინი კარგად მოიქცევიან, ზუსტად ის, რითიც ‘დააბეს’ და მიაძინეს ქართველები სსრკ-ში. დღეს საქართველოსრუსეთიზაციამესამედ მიმდინარეობს და ამჯერადაც იგივე სცენარით, როგორც ეს მოხდა 1801 და 1921 წლებში - ისევ ქართველების საშუალებით და ხელით.

მარტივად რომ ვთქვათ, ან ვირჩევთ ინდივიდუალიზმს და ვბაძავთ აშშ-, ან - კოლექტივიზმ-ავტორიტარიზმს და ვრჩებით რუსეთის ყმები, რადგან ნებისმიერ კოლექტივში ყოველთვის იქნება ელიტა და უფროსი და რუსეთთან ურთიოერთობაში ეს საქართველო ვერ იქნება.

მე ასე მეჩვენება, საქართველოში ჰგონიათ, რომ კოლექტივისტურ საზოგადოებაში უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან ეს ტრადიცია და კულტურაა, მაგრამ  მაინც სულ უკმაყოფილოები არიან ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებით. ადამიანები საკუთარ თავს ინდივიდუალად, ცალკემდგომ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ადამიანად ვერ აღიქვამენ. ბევრისთვის უფრო იოლია და ურჩევნია სხვის მიერ შექმნილი, ჯუფური (კოლექტიური) იდენტიფიკაცია მიიღოს და შეითვისოს, მაგ. საგვარეულო, სანათესაო, მრევლი, სამეზობლო, სოფელი, ქალაქი, სარწმუნოება, ეთნიკურობა, ქვეყანა და ა.შ. კოლექტიური და ინდივიდუალური იდენტობა გაიგივებულია.

თითქოს უცნაურია და თან წინააღმდეგობა, რომ იგივე ქართველები საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხმამაღლა გაიძახიან, რომ დასავლეთ ევროპაში ინტეგრაცია სურთ და აშშ-სთან მეგობრობა უნდათ. როგორც აინ რენდიმ თქვაწინააღმდეგობები არ არსებობს. როდესაც ფიქრობთ, რომ წინააღმდეგობას გადაეყარეთ, შეამოწმეთ თქვენი ამოსავალი პირობა“.

როგორც ჩანს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილი არა ღირებულებებით, არამედ მათი მონეტარული სიმდიდრით არის განპირობებული და ქართველები ამ ინტეგრაციაში მატერიალურ სარგებელს ხედავენ და ელიან - უფრო მდიდარი ბატონ-პატრონი რომელიც უკეთ აჭმევს და ჩააცმევს. აშშ-ს და ნატოს შემთხვევაში, სიმდიდრისა და სარგებლის გარდა, ქართველები მათ სამხედრო და პოლიტიკურ ძალას ხედავენ, ანუ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბატონი, მათი პატრონი ხდება. დაგვიცვას აშშ- და შეგვინახოს ევროპამ, ეს არის  ქართველების უმრავლესობის დამოკიდებულება და ერთადერთი მიზეზი ან წინაპირობა იმისა, რომ მათ მოძალადე რუსეთს ევროპა და ამერიკა ამჯობინონ. ღირებულებები და ფუნდამენტალური მორალური განსხვავება რუსეთსა და აშშ-ს შორის, როგორც ჩანს, არაფერ შუაშია.

ამიტომაც გარედან და შიგნიდანაც ისე ჩანს, რომ საქართველო გაიძახის ინდივიდუალიზმს და აშშ-ევროპას, ქართველები კი აკეთებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს - კოლექტივიზმსა და რუსეთს. ეს ყველასათვის თვალსაჩინოა და ვერ დამალავ.


P.S.: ტერმინი ‘ევროპა’ სტატიაში გამოყენებულია განზოგადებულად, რადგან რამოდენიმე ქვეყნის გარდა, ჩემი აზრით, დღეს ევროპული ქვეყნებიც კოლექტივიზმს ქადაგებენ. 

 

ავტორი: გიორგი სანიკიძე

კომენტარები