სიახლეები

2154 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ატეხილი ამბავი საპატრიარქოსგან მოდის

სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ატეხილი ამბავი საპატრიარქოსგან მოდის - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ საპატრიარქოა იმ იდეის გულშემატკივარი, რასთან დაკავშირებითაც გუშინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ხვიჩიას აზრით, ღარიბაშვილი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის როლს თამაშობს.

ოკუპირებულ ქვეყანას გუშინ დაგვენიშნა თავდაცვის მინისტრი. ქვეყანას, რომელშიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიებს ოკუპანტები იერთებენ ახალ-ახალი საგუშაგოებისა და ღობეების გავლებით..

ქართული ჯარი არის საშინელ დღეში და თან ცოტა ხნის წინ იყო სკანდალი - მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ დიდი უარყოფაც არ მომისმენია ამ საკითხზე. ისეთი ადამიანი შევიყვანეთ ქართულ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირი და ქვეყნის ღალატისთვის იყო გასამართლებული.

ფაქტობრივად, დიდი ალბათობით, ქვეყანაში არსებული ბაზები და საიდუმლო ინფორმაცია ქვეყნის მტერს აქვს ხელში ჩავარდნილი. ასეთ ქვეყანაში მოდის თავდაცვის მინისტრი, რომელიც მთავარ ამოცანად სახავს „გირჩის“ და „ბიბლიური თავისუფლების“ მოსპობას და ჩვენ გვეძახის ქრისტიანობის მტერს.

მე არ ვიცი საერთოდ რატომ არის თავდაცვის მინისტრის საზრუნავი ქრისტიანობაზე ზრუნვა ამ ქვეყანაში და საერთოდ რელიგიური საკითხები - ამისთვის ვნიშნავთ თავდაცვის მინისტრს? ფაქტობრივად მან ეს დასახა თავის სამუშაოდ და დანარჩენი ყველაფრისგან აიღო პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს, მას „ბიბლიური თავისუფლება“ თვალში ეპატარავება" - განაცხადა ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი მან სწორედ "გირჩსა" და "ბიბლიურ თავისუფლებაზე" საუბარს დაუთმო - პარტია სექტად მოიხსენია და თქვა ისიც, რომ "გირჩი" ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის. 

კომენტარები